ოსია
1 იეჰოვას სიტყვა ეუწყა ოსიას*, ბეერის ვაჟს, იუდას მეფეების,+ უზიას,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას,+ დროს და ისრაელის მეფის, იერობოამის,+ იოაშის ვაჟის,+ დროს. 2 როცა იეჰოვამ ოსიას პირით დაიწყო ლაპარაკი, იეჰოვამ ოსიას უთხრა: „წადი, ცოლად შეირთე ქალი, რომელიც მრუშობას დაიწყებს, და იყოლიე შვილები, რომლებსაც ის მრუშობით გააჩენს, რადგან მრუშობის გამო ჩამოშორდა ეს ქვეყანა იეჰოვას“.+
3 ოსიაც წავიდა და შეირთო გომერი, დიბლაიმის ასული. დაორსულდა ქალი და მას ვაჟი გაუჩინა.
4 იეჰოვამ ოსიას უთხრა: „დაარქვი მას იზრეელი*, რადგან ცოტაც და პასუხს მოვთხოვ იეჰუს+ შთამომავლებს იზრეელში დაღვრილი სისხლისთვის და ბოლოს მოვუღებ ისრაელის სამეფოს.+ 5 იმ დღეს გადავტეხ ისრაელის მშვილდს იზრეელის ველზე“.
6 კვლავ დაორსულდა ქალი და გააჩინა ასული. ღმერთმა ოსიას უთხრა: „დაარქვი მას ლო-რუხამა*, რადგან აღარ შევიწყალებ+ ისრაელს და განვდევნი მას,+ 7 იუდას კი შევიწყალებ;+ მე, იეჰოვა, მათი ღმერთი, ვიხსნი მათ,+ თუმცა არა მშვილდით, მახვილით, ომით, ცხენითა და მხედრით“.+
8 ძუძუს რომ მოსწყვიტა ლო-რუხამა, ქალი კვლავ დაორსულდა და ვაჟი გააჩინა. 9 ღმერთმა თქვა: „დაარქვი მას ლო-ამი*, ვინაიდან თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი; არც მე ვიქნები თქვენი ღმერთი.
10 ისრაელები ზღვის ქვიშასავით გამრავლდებიან, რაც ვერ გაიზომება და ვერ დაითვლება.+ იქ, სადაც უთხრეს, ჩემი ხალხი არა ხართო,+ ეტყვიან, ცოცხალი ღვთის ძეები ხართო.+ 11 იუდასა და ისრაელის მკვიდრნი გაერთიანდებიან,+ აირჩევენ თავკაცს და დატოვებენ ქვეყანას, რადგან დიდებული იქნება იზრეელის დღე“.+