ᲛᲐᲚᲐᲥᲘᲐ
1 განაჩენი:
მალაქიას* მეშვეობით წარმოთქმული იეჰოვას სიტყვა ისრაელის წინააღმდეგ:
2 «მე შეგიყვარეთ,+ — ამბობს იეჰოვა. —
თქვენ კი ამბობთ, საიდან ჩანს, რომ შეგვიყვარეო.
ესავი და იაკობი ძმები არ იყვნენ?!+ — ამბობს იეჰოვა, — მაგრამ მე იაკობი შევიყვარე, 3 ესავი კი შევიძულე;+ გავაპარტახე მისი მთები+ და მისი სამკვიდრო უდაბნოს ტურების ბუნაგად ვაქციე.+
4 ედომი ამბობს, დაქცეულები ვართ, მაგრამ მაინც დავბრუნდებით და აღვადგენთ ჩვენს განადგურებულ ადგილებსო, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — აღადგენენ, მაგრამ მე მაინც დავანგრევ. მათ „ბოროტების მხარეს“ და „იეჰოვასგან სამარადისოდ შერისხულ ხალხს“ უწოდებენ.+ 5 ამას საკუთარი თვალით იხილავთ და იტყვით, იდიდოსო იეჰოვამ ისრაელის მიწაზე!
6 შვილი პატივს სცემს მამას+ და მსახური — ბატონს. თუ მამა ვარ,+ სად არის ჩემდამი პატივისცემა?!+ თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში?! მღვდლებო, ჩემი სახელის მოძულენო, თქვენ მოგმართავთ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+
თქვენ ამბობთ, საიდან ჩანს, რომ შენი სახელი შევიძულეთო.
7 იქიდან, რომ წაბილწული შესაწირავი მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე.
თქვენ ამბობთ, რით წაგბილწეთო.
იმით, რომ ამბობთ, იეჰოვას სუფრა+ საძულველიაო; 8 ბრმა ცხოველს მწირავთ და ამბობთ, ამაში ცუდი არაფერიაო. კოჭლი და სნეული მოგყავთ და ამბობთ, ამაში ცუდი არაფერიაო.+
აბა მიართვი ის შენს გამგებელს, თუ მოგიწონებს, თუ ეამება?! — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
9 გული მოულბეთ ღმერთს, რომ შეგიწყალოთ; ასეთი შესაწირავები რომ მიგაქვთ მისთვის, განა ეამება?! — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
10 უსასყიდლოდ რომელი თქვენგანი კეტავს კარებს*?!+ უსასყიდლოდ ცეცხლსაც კი არ ანთებთ ჩემს სამსხვერპლოზე.+ არ იმსახურებთ ჩემს მოწონებას, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — არ მსიამოვნებს თქვენი შესაწირავი.+
11 აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე განდიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში.+ ყველგან შემომწირავენ მსხვერპლს და აღავლენენ შესაწირავს, წმინდა ძღვენს, ჩემი სახელის პატივსაცემად, რადგან განდიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
12 თქვენ კი შეურაცხყოფთ მას*+ იმით, რომ ამბობთ, წაბილწულიაო იეჰოვას სუფრა და საძულველიაო მასზე დაწყობილი შესაწირავი.+ 13 იმასაც ამბობთ, როგორ დავიქანცეთო. ზიზღით სუნავთ შესაწირავს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — ძღვნად მოგყავთ მოპარული, კოჭლი და სნეული. როგორ მივიღო ასეთი მსხვერპლი?!+ — ამბობს იეჰოვა. —
14 წყეული იყოს, ვინც მზაკვრულად იქცევა, ფარაში საღი მამალი ცხოველი ჰყავს, მაგრამ აღთქმას დებს და დასახიჩრებულს სწირავს იეჰოვას. დიდებული მეფე ვარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ჩემი სახელი ხალხებს მოწიწებას მოჰგვრის».+
2 „ახლა თქვენ გიბრძანებთ, მღვდლებო!+ 2 თუ არ მომისმენთ და ზერელედ მოეკიდებით ჩემი სახელის განდიდებას, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,+ — დაგწყევლით და კურთხევას წყევლად გიქცევთ.+ გიქციეთ კიდეც კურთხევა წყევლად, რადგან ჩემს ნათქვამს ზერელედ ეკიდებით.
3 გაგიჩანაგებთ ნათესებს+ და სახეში მოგაყრით ნეხვს, თქვენს დღესასწაულებზე შეწირული ცხოველების ნეხვს; ნეხვის გროვაზე დაგყრიან. 4 მაშინ გაიგებთ, რომ ჩემი ნაბრძანები იყო ეს, რათა კვლავაც ძალაში ყოფილიყო ლევისთან დადებული ჩემი შეთანხმება“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
5 „ჩემი შეთანხმება მას სიცოცხლეს უნარჩუნებდა, მშვიდობას აძლევდა და ჩემდამი შიშს უნერგავდა. ჩემდამი შიში ჰქონდა, ჩემი სახელისადმი მოწიწებას ავლენდა. 6 ჭეშმარიტების კანონი ჰქონდა ენაზე+ და ბოროტება არ იპოვებოდა მის ბაგეზე. მშვიდობითა და სიმართლით დადიოდა ჩემ წინაშე+ და მრავალი მოაბრუნა ცუდი გზიდან. 7 მღვდლის ბაგე ხალხს ცოდნას უნდა გადასცემდეს და მის ბაგეზე კანონი უნდა იპოვებოდეს,+ რადგან ის არის ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მაცნე.
8 მაგრამ თქვენ გზიდან გადაუხვიეთ. კანონის დაუცველობით* მრავალი დააბრკოლეთ+ და დაარღვიეთ ლევის შეთანხმება,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 9 ამიტომ შევაზიზღებ ხალხებს თქვენს თავს და დაგამცირებთ მათ თვალში, რადგან არ დადიოდით ჩემი გზებით, მიკერძოებას იჩენდით და არ იცავდით ჩემს კანონს“.+
10 განა ერთი მამა არა გვყავს?!+ განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა?! მაშ, რატომ ვექცევით ერთმანეთს ვერაგულად+ და რატომ ვბღალავთ ჩვენს მამა-პაპასთან დადებულ შეთანხმებას?! 11 ვერაგულად იქცევიან იუდას მკვიდრნი, ისრაელსა და იერუსალიმში სისაძაგლეს სჩადიან; ბღალავენ იუდას მკვიდრნი იეჰოვას სიწმინდეს*,+ რაც მისთვის ძვირფასია; პატარძლად დაისვეს სხვა ღმერთის ასული.+ 12 მოსპობს იეჰოვა იაკობის კარვებში ამის ჩამდენს, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც შესაწირავი მიჰქონდეს ლაშქართა ღვთისთვის, იეჰოვასთვის.+
13 „აი, კიდევ რას აკეთებთ, რის გამოც მოთქვამენ, ოხრავენ და ცრემლებით ავსებენ იეჰოვას სამსხვერპლოს. თქვენი ხელიდან ღმერთი შესაწირავს არ იღებს, თქვენგან გაღებული არ სიამოვნებს.+ — 14 კითხულობთ, რატომო, — იმიტომ რომ იეჰოვაა მოწმე შენსა და შენი ახალგაზრდობის ცოლს შორის, რომელსაც ვერაგულად მოექეცი, თუმცა ის შენი მეგობარი და შენი კანონიერი ცოლია.+ 15 მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ასე არ მოქცეულან, რადგან მათ ღვთის სული ჰქონდათ. რატომ არ მოიქცნენ ასე? იმიტომ რომ ღვთის შთამომავლობას აფასებდნენ. დაუკვირდით საკუთარ თავს და ვერაგულად ნუ მოექცევით თქვენი ახალგაზრდობის ცოლს. 16 მძულს გაყრა,+ — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, — და მძულს მოძალადე, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — დაუკვირდით საკუთარ თავს და ვერაგულად ნუ მოიქცევით!+
17 თქვენ დაქანცეთ იეჰოვა თქვენი სიტყვებით+ და კითხულობთ, რით დავქანცეთო. იმით, რომ ამბობთ, ყველა, ვინც ბოროტებას სჩადის, იეჰოვას თვალში მოსაწონიაო, იგი ასეთებს იწონებსო,+ და იმითაც, რომ ამბობთ, სად არის სამართლის ღმერთიო“.
3 «აი, ვგზავნი ჩემს მაცნეს და ის გამიმზადებს გზას.+ უეცრად მოვა თავის ტაძარში+ უფალი, რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების მაცნე, რომლის მოსვლაც გწადიათ. უსათუოდ მოვა ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
2 ვინ გადაიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოჩენას? ის გამომდნობლის ცეცხლივით და მრეცხავთა ნაცარტუტასავით+ იქნება. 3 დაჯდება ვერცხლის+ გამომდნობელივითა და გამწმენდელივით და განწმენდს ლევის შთამომავლებს; ოქრო-ვერცხლივით გაწმენდს მათ. ისინი მართალ ხალხად იქცევიან და შესაწირავს იეჰოვას მიუტანენ. 4 იეჰოვასთვის სასიამოვნო იქნება იუდასა და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველად, როგორც უხსოვარ დროში.+
5 მოვალ თქვენთან, რომ გაგასამართლოთ, და ვიჩქარებ, რომ მოწმედ გამოვიდე გრძნეულთა,+ მრუშთა, ცრუდ მოფიცართა+ და მათ წინააღმდეგ, ვინც თაღლითობს მოჯამაგირეებთან,+ ქვრივ-ობლებთან,+ ვინც ხელს ჰკრავს ხიზანს+ და ჩემი არ ეშინია, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
6 მე ვარ იეჰოვა, მე არ ვიცვლები.+ ამიტომ თქვენ, იაკობის შთამომავლები, ჯერ არ დაღუპულხართ. 7 თქვენი მამა-პაპის დროიდან მოყოლებული არღვევდით ჩემს წესებს, არ იცავდით.+ დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
თქვენ ამბობთ, რატომ გვეუბნები, დამიბრუნდითო.
8 განა მოჰპარავს ადამიანი ღმერთს რაიმეს?! მაგრამ თქვენ მპარავთ.
ამბობთ, რას გპარავთო.
მეათედებსა და შესაწირავებს. 9 დაწყევლილნი ხართ*; მძარცვავთ, მთელი ერი მძარცვავთ. 10 მოიტანეთ მთელი მეათედი საცავში,+ რომ იყოს საკვები ჩემს ტაძარში.+ აბა გამომცადეთ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თუ არ გაგიხსნათ ცათა კარიბჭენი+ და უხვად არ გადმოვცალო თქვენზე კურთხევები.+
11 თქვენ გამო შევრისხავ შთამნთქმელს* და აღარ გაგიჩანაგებთ მიწის ნაყოფს, ვაზიც მოგცემთ ნაყოფს,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
12 ყველა ერი ბედნიერს გიწოდებთ,+ რადგან თქვენი ქვეყანა ნეტარების ქვეყნად იქცევა, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
13 თქვენი სიტყვებით შეურაცხმყოფთ, — ამბობს იეჰოვა. —
კითხულობთ, განა ისეთს, რას ვამბობთო.+
14 თქვენ ამბობთ: „რა აზრი აქვს ღვთის მსახურებას?!+ რა მივიღეთ იმის სანაცვლოდ, რომ ვასრულებდით ჩვენს ვალდებულებას და დამწუხრებულები დავდიოდით ლაშქართა ღვთის, იეჰოვას წინაშე?! 15 აი, რა ბედნიერები არიან კადნიერები. აშენდნენ ბოროტმოქმედნი,+ ღმერთს სცდიან, მაგრამ უვნებელნი რჩებიან“».
16 იმ დროს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ იეჰოვას მოშიშნი, თითოეული თავის მოძმეს, იეჰოვა კი გულისყურით უსმენდა. სამახსოვრო წიგნი იწერებოდა მის წინაშე+ იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს*.+
17 „ჩემები იქნებიან ისინი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — იმ დღეს გამოვარჩევ მათ და ჩემს საკუთრებად ვაქცევ.+ შევიბრალებ მათ, როგორც კაცი იბრალებს დამჯერ ვაჟს.+ 18 მაშინ კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის,+ ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“.
4 „მოდის ღუმელივით+ გავარვარებული დღე და ყველა კადნიერსა და ბოროტმოქმედს ნამჯად აქცევს. შთანთქავს მათ ის დღე, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — არც ფესვს შეარჩენს მათ და არც ტოტს. 2 თქვენ კი, ჩემი სახელის მოშიშნო, ამოგიბრწყინდებათ სიმართლის მზე, რომლის სხივებსაც განკურნების ძალა ექნება, და ნასუქი ხბოებივით იკუნტრუშებთ.
3 გათელავთ ბოროტებს. იმ დღეს, როცა ვიმოქმედებ, მტვრად იქცევიან ისინი თქვენ ფეხქვეშ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
4 გაიხსენეთ ჩემი მსახურის, მოსეს, კანონი, ის წესები და სამართალი, რომელიც ხორებში გადავეცი მთელი ისრაელისთვის.+
5 გამოგიგზავნით ელია წინასწარმეტყველს+ იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე.+ 6 ის გულს მოუბრუნებს მამებს ძეებისკენ+ და ძეებს მამებისკენ, რომ არ მოვიდე, არ დავკრა დედამიწას და არ გავანადგურო“.
(ებრაულ-არამეული წერილების დასასრული. ამის შემდეგ იწყება ქრისტიანულ-ბერძნული წერილები).
ნიშნავს „ჩემს მაცნეს“.
სავარაუდოდ, იგულისხმება ტაძრის კარების დაკეტვის მოვალეობა.
ან შესაძლოა: „შეურაცხმყოფთ“.
ან შესაძლოა: „თქვენი სწავლებით“.
ან შესაძლოა: „წმინდა ადგილს“.
ან შესაძლოა: „მწყევლით“.
სავარაუდოდ, იგულისხმება მავნე მწერები.
ან შესაძლოა: „აფასებს“.