ᲤᲘᲚᲘᲞᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ
1 პავლესა და ტიმოთესგან, ქრისტე იესოს მონებისგან, ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფ წმინდებს ფილიპეში,+ მათ შორის ზედამხედველებსა და მომსახურეებს:+
2 წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან!
3 ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს, როცა გიხსენიებთ 4 ყოველ ლოცვაში*, რომელსაც ყველა თქვენგანისთვის აღვავლენ. ყოველ ჯერზე სიხარულით ვლოცულობ,+ 5 რადგან სასიხარულო ცნობის ქადაგებაში პირველი დღიდან მოყოლებული დღემდე შეგაქვთ წვლილი. 6 დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც თქვენ შორის კარგი საქმე წამოიწყო, დაასრულებს კიდეც მას+ ქრისტე იესოს დღემდე.+ 7 თქვენზე სხვაგვარად ვერც ვიფიქრებ, რადგან გულში მყავხართ; ჩემთან ერთად თქვენც ხართ ღვთის წყალობის მოზიარენი, თქვენ მედექით მხარში პატიმრობისას,+ სასიხარულო ცნობის კანონით დაცვისას და განმტკიცებისას.+
8 ღმერთია მოწმე, რომ ყველანი მენატრებით, რადგან ისეთივე სათუთი გრძნობები მაქვს თქვენ მიმართ, როგორიც ქრისტე იესოს. 9 განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ სიყვარული უფრო და უფრო გაგიღრმავდეთ+ ცოდნასთან*+ და გამჭრიახობასთან+ ერთად, 10 დაინახოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია,+ ბრალდაუდებლები იყოთ, რათა არ დააბრკოლოთ სხვები+ ქრისტეს დღემდე 11 და უხვად გამოიღოთ სიმართლის ნაყოფი იესო ქრისტეს მეშვეობით+ ღვთის სადიდებლად და საქებრად.
12 ძმებო, მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, სასიხარულო ცნობის გავრცელებას მოემსახურა; 13 ქრისტეს გამო ჩემი დაპატიმრების შესახებ+ მთელმა პრეტორიულმა გვარდიამ გაიგო,+ და არა მარტო მათ. 14 ძმების უმრავლესობას ჩემმა ბორკილებმა გაბედულება შემატა და უშიშრად და უფრო მეტი შემართებით აუწყებენ ღვთის სიტყვას.
15 ზოგი შურითა და ჯიბრით ქადაგებს ქრისტეს შესახებ, ზოგი კი ამას კეთილი ზრახვებით აკეთებს. 16 ესენი სიყვარულით აღძრულნი აუწყებენ ქრისტეს შესახებ, რადგან იციან, რომ მე სასიხარულო ცნობის დაცვა მავალია.+ 17 პირველნი ჯიბრით აკეთებენ ამას და არა კეთილი ზრახვებით; უნდათ, რომ პატიმრობაში მყოფს საწუხარი გამიჩინონ. 18 მაგრამ რას მიაღწიეს?! როგორც არ უნდა იქადაგონ, გულწრფელად თუ თვალთმაქცურად, მაინც ქრისტეს შესახებ ქადაგებენ; ამით ვხარობ და კვლავაც გავიხარებ, 19 რადგან ვიცი, რომ ეს გადამარჩენს თქვენი ვედრებისა+ და იესო ქრისტეს სულის დახმარებით.+ 20 ჩემი მოლოდინი და იმედიც, რომ არაფერში შევრცხვები, ამაზე მეტყველებს; კვლავაც გაბედულად ვიქადაგებ და ჩემით* განდიდდება ქრისტე, როგორც ყოველთვის, გინდ სიცოცხლით და გინდ სიკვდილით.+
21 ჩემთვის სიცოცხლე ქრისტესთვის ცხოვრებაა,+ ხოლო სიკვდილი — მონაგები.+ 22 თუ ამ სხეულში განვაგრძობ ცხოვრებას, კიდევ ვიშრომებ და მეტ ნაყოფს გამოვიღებ; თუმცა რას ავირჩევდი, ვერ გეტყვით. 23 გაორებული ვარ; მე გათავისუფლება და ქრისტესთან ყოფნა მსურს,+ რადგან ეს, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია,+ 24 თუმცა ის უფრო საჭიროა, რომ ამ სხეულში დავრჩე თქვენი გულისთვის. 25 ვინაიდან დარწმუნებული ვარ ამაში, ვიცი, რომ დავრჩები ამ სხეულში და ვიქნები კიდეც ყველა თქვენგანთან, რათა წარმატებულნი იყოთ, თქვენმა რწმენამ სიხარული მოგიტანოთ 26 და კვლავაც თქვენთან რომ ვიქნები, სიხარულით აღივსოთ ქრისტე იესოში.
27 ერთ რამეს გთხოვთ, ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად მოიქეცით*,+ რათა, თქვენთან ვიქნები თუ არა, გავიგო, რომ მტკიცედ დგახართ, ერთსულოვნად, საერთო სულისკვეთებით,+ მხარდამხარ იბრძვით სასიხარულო ცნობის რწმენისთვის 28 და არ უშინდებით მოწინააღმდეგეთ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი დაიღუპებიან,+ თქვენ კი გადარჩებით,+ და ეს ღვთისგანაა. 29 თქვენ წილად გხვდათ პატივი, რომ არა მხოლოდ გერწმუნათ ქრისტე, არამედ გეტანჯათ კიდეც მისი გულისთვის.+ 30 თქვენც იმავე სატანჯველს ხვდებით, რომელსაც მე შევხვდი, რისი მოწმენიც თავად იყავით,+ და იცით, რომ ახლაც ვხვდები.
2 მაშ, ვინაიდან ამხნევებთ ერთმანეთს ქრისტეთი, სიყვარულით ანუგეშებთ, ზრუნავთ, სათუთად ეპყრობით და თანაუგრძნობთ, 2 კვლავაც ასე განაგრძეთ, გქონდეთ ერთი აზრი, გიყვარდეთ ერთმანეთი, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი, და ამით შეავსებთ ჩემს სიხარულს.+ 3 ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა+ და პატივმოყვარეობით,+ არამედ იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ;+ 4 მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ,+ არამედ სხვების კეთილდღეობაზეც.+
5 ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა.+ 6 თუმცა ის ღვთის მსგავსი იყო,+ აზრადაც არ მოსვლია, რომ ღვთისთვის გაეტოლებინა თავი.+ 7 პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო+ და ადამიანად მოგვევლინა.+ 8 უფრო მეტიც, როცა ადამიანად მოგვევლინა, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიცოცხლის ბოლომდე,+ წამების ძელზე* სიკვდილამდე.+ 9 ამიტომაც ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა+ და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი,+ 10 რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწაშია*,+ 11 და ყველამ* საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი+ ღვთის, მამის, სადიდებლად.
12 საყვარელნო, თქვენ ყოველთვის მორჩილნი იყავით, როცა თქვენთან ვიყავი, და ახლა, როცა თქვენთან არა ვარ, კიდევ უფრო მორჩილნი ხართ; ამიტომ კვლავაც იღვაწეთ ხსნისთვის შიშითა და კანკალით, 13 რადგან ღმერთი თავისი ნებისამებრ მოქმედებს თქვენში; ის სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ. 14 ყველაფერი დრტვინვისა+ და კამათის გარეშე+ აკეთეთ, 15 რომ იყოთ უდანაშაულონი, ბრალდაუდებელნი და უმწიკვლონი, იყოთ ღვთის შვილები+ ამ უკუღმართ და გახრწნილ თაობაში,+ რომელშიც ანათებთ როგორც მნათობები ქვეყნიერებაში+ 16 და მაგრად ეჭიდებით სიცოცხლის სიტყვას.+ თუ ასე მოიქცევით, დიდად გავიხარებ ქრისტეს მოსვლის დღეს, რადგან დავინახავ, რომ ფუჭად არ მიშრომია და ამაოდ არ გავრჯილვარ. 17 დასაღვრელი შესაწირავივით+ რომ ვიღვრები წმინდა მსახურების* მსხვერპლზე,+ რისკენაც თქვენმა რწმენამ აღგძრათ, მიხარია და თქვენთან ერთად ვხარობ. 18 თქვენც უნდა გიხაროდეთ და ჩემთან ერთად ხარობდეთ.
19 ვიმედოვნებ, რომ, თუ უფალი იესო ინებებს, მალე გამოვგზავნი ტიმოთეს,+ რათა თქვენს ამბებს რომ გავიგებ, გავიხარო. 20 არავინ მეგულება მისნაირი განწყობილების, ვინც გულწრფელად იზრუნებს თქვენზე. 21 სხვა ყველა თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს და არა იმაზე, რაც იესო ქრისტესია. 22 თქვენ იცით, როგორ წარმოაჩინა მან საკუთარი თავი; როგორც შვილი+ მამასთან, ისე შრომობდა ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად. 23 ამიტომაც ვაპირებ მის გამოგზავნას, როგორც კი ჩემი ამბავი გაირკვევა. 24 თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ, თუ უფალი ინებებს, მეც მალე მოვალ.+
25 ამჟამად საჭიროდ მივიჩნევ, გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი, თანამებრძოლი და მსახური, რომელსაც თქვენთან დესპანად ვგზავნი,+ 26 რადგან ძალიან სურს ყველა თქვენგანის ნახვა და დარდობს, მისი ავადმყოფობის ამბავი რომ შეიტყვეთ. 27 ის მართლა ისე დასნეულდა, რომ სიკვდილის პირას იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა, თუმცა მარტო ის კი არა, მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დამატებოდა. 28 ამიტომ მინდა, რაც შეიძლება მალე გამოვგზავნო, რათა მისი ნახვით კვლავ გაიხაროთ და მეც მომაკლდეს დარდი. 29 მაშ, დიდი სიხარულით მიიღეთ იგი უფალში, როგორც გჩვევიათ; დააფასეთ ასეთი ადამიანები,+ 30 რადგან უფლის საქმისთვის კინაღამ მოკვდა, თავი საფრთხეში ჩაიგდო, რათა მომმსახურებოდა, რასაც აქ არყოფნის გამო თქვენ ვერ აკეთებთ.+
3 ბოლოს, ჩემო ძმებო, კვლავაც იხარეთ უფალში.+ ისევ იმის მოწერა, რაც მოგწერეთ, ძნელი არ არის ჩემთვის, რადგან ეს თქვენს დაცვას ემსახურება.
2 უფრთხილდით ზნედაცემულ ადამიანებს*, უფრთხილდით მათ, ვისაც ზიანი მოაქვთ, და უფრთხილდით სხეულის დამსახიჩრებლებს.+ 3 წინადაცვეთილნი ისინი კი არა, ჩვენ ვართ,+ ვინც ღვთის სულით ვმსახურობთ, ვამაყობთ ქრისტე იესოთი+ და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს. 4 თუმცა, თუ ვინმეს აქვს ხორცზე დაიმედების საფუძველი, პირველ რიგში, მე მაქვს.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხორცზე დაიმედების საფუძველი აქვს, მე მით უმეტეს: 5 მერვე დღეს ვარ წინადაცვეთილი,+ ისრაელი ერის შვილი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი მშობლების ნაშობი ებრაელი,+ კანონის დამცველი, ფარისეველი.+ 6 თუ მოშურნეობაზე მიდგა საქმე, კრებების მდევნელი,+ და, თუ სიმართლეზე, რომელიც კანონითაა განსაზღვრული, ბრალდაუდებელი. 7 მაგრამ, რაც ჩემთვის მონაგები იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის.+ 8 მეტიც, ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის, ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის მისაღებად. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს ნაგვად ვთვლი, რათა ერთობაში ვიყო ქრისტესთან*, 9 მასთან ერთობაში ვიყო არა ჩემი სიმართლით, რომელიც კანონს ეფუძნება, არამედ იმ სიმართლით, რომელიც ქრისტესადმი+ რწმენას+ ახლავს და რომელსაც რწმენის საფუძველზე ღმერთი იძლევა.+ 10 ჩემი მიზანი ისაა, რომ ვიცნობდე მას და ვიცოდე, რა ძალა აქვს მის აღდგომას,+ მის მსგავსად ვიტანჯო,+ მის მსგავსად მოვკვდე,+ 11 იქნებ როგორმე მათ შორის აღმოვჩნდე, ვინც პირველები აღდგებიან მკვდრეთით.+
12 ეს ჯილდო ჯერ არ მიმიღია და არც სრულყოფილებისთვის მიმიღწევია; ამიტომ ვისწრაფვი,+ რომ მოვიპოვო ის, რისთვისაც ამირჩია ქრისტე იესომ.+ 13 ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მოვიპოვე ჯილდო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა,+ და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის,+ 14 ვისწრაფვი მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების+ ჯილდოსკენ+ ქრისტე იესოს მეშვეობით. 15 მაშ, მოდი ყველამ, ვინც მოწიფულები ვართ,+ ასე ვიაზროვნოთ, და, თუ სხვაგვარად აზროვნებთ, ღმერთი გაგიმჟღავნებთ, როგორ უნდა იაზროვნოთ. 16 როგორც არ უნდა იყოს, კვლავაც განვაგრძოთ აღებული გეზით სვლა იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია.
17 ძმებო, მომბაძეთ,+ და დააკვირდით მათ, ვინც იმ მაგალითს მიჰყვება, რომელიც ჩვენ მოგეცით. 18 ბევრი მათგანი — ვისზეც თქვენთვის ხშირად მომიყოლია, ახლა კი ტირილით ვიხსენებ — ისე იქცევა, როგორც ქრისტეს წამების ძელის* მტერი. 19 მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მათი მუცელია და მათი დიდება მათი სირცხვილია; ისინი მიწიერზე ფიქრობენ.+ 20 ჩვენ ზეცის+ მოქალაქეები+ ვართ, საიდანაც მოუთმენლად ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,+ 21 რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის თავისი დიადი ძალით,+ რომლითაც შეუძლია ყველაფერი დაიმორჩილოს.+
4 ასე რომ, კვლავაც მტკიცედ იდექით+ უფალში, ჩემო საყვარელო და სანატრელო ძმებო! თქვენ ჩემი სიხარული და გვირგვინი+ ხართ, საყვარელნო.
2 მოვუწოდებ ევოდიას და სინტიქეს, რომ ერთი აზრი ჰქონდეთ უფალში.+ 3 შენც გთხოვ, ჭეშმარიტო თანამსახურო, დაეხმარე ამ დებს; ორივენი ჩემ მხარდამხარ იბრძოდნენ სასიხარულო ცნობისთვის კლემენტსა და სხვა თანამსახურებთან ერთად, რომელთა სახელებიც სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.+
4 ყოველთვის იხარეთ უფალში; კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!+ 5 ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება.+ ახლოა უფალი. 6 ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში*;+ ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ+ და მადლიერებით მიმართეთ, 7 და ღვთის მშვიდობა,+ რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა+ და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით.
8 ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც ყურადსაღებია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.+ 9 აკეთეთ ის, რაც მე გასწავლეთ და გაჩვენეთ, რაც ჩემგან მოისმინეთ და მიიღეთ,+ და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება.
10 ვხარობ უფალში, კვლავაც რომ ფიქრობთ ჩემზე.+ ადრეც კი ფიქრობდით, მაგრამ შესაძლებლობა არ გქონდათ, რომ დამხმარებოდით. 11 ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ რამე მჭირდება, რადგან ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო.+ 12 სიდუხჭირეში ცხოვრებაც ვიცი+ და სიუხვეშიც. ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე ის, რაც ბევრმა არ იცის: რა არის სიმაძღრე და შიმშილი, სიუხვე და სიდუხჭირე. 13 ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით.+
14 თუმცა კარგი ქენით, ჩემი გასაჭირი რომ გაიზიარეთ. 15 ხომ გახსოვთ ფილიპელებო, რომ, როცა სასიხარულო ცნობა მოისმინეთ და მერე მე მაკედონიიდან წავედი, თქვენ გარდა არცერთ კრებას არ მიუღია მონაწილეობა ურთიერთდახმარების საქმეში;+ 16 თესალონიკეშიც კი გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, თანაც ორჯერ. 17 ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თქვენგან ძღვენს ველი. მე თქვენგან ნაყოფს ველი, რასაც უფრო მეტი მოგება მოაქვს თქვენს ანგარიშზე. 18 ყველაფერი იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მჭირდება; არაფერი მაკლია, რადგან ეპაფროდიტემ+ ჩამომიტანა ის, რაც გამომიგზავნეთ, სურნელოვანი,+ ღვთისთვის სასიამოვნო და მოსაწონი მსხვერპლი. 19 თავის მხრივ, ჩემი ღმერთი ქრისტე იესოს მეშვეობით არაფერს მოგაკლებთ+ თავისი დიდებული სიუხვისამებრ. 20 დიდება ჩვენს ღმერთსა და მამას მარადიულად! ამინ!
21 მომიკითხეთ ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფი წმინდები. მოკითხვას გითვლიან ჩემთან მყოფი ძმები. 22 მოკითხვას გითვლიან წმინდები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც კეისრის სახლეულობას მიეკუთვნებიან.+
23 არ მოგკლებოდეთ უფალ იესო ქრისტეს წყალობა თქვენ მიერ გამოვლენილი სულისკვეთებისთვის!
სიტყვასიტყვით — „ვედრება“.
სხვაგვარად — „საფუძვლიან ცოდნასთან“.
სიტყვასიტყვით — „ჩემი სხეულით“.
სხვაგვარად — „მოიქეცით როგორც მოქალაქეებს შეჰფერით“. „მოქცევად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნაწარმოებია სიტყვიდან „მოქალაქე“.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იგულისხმებიან მკვდრები, რომლებიც აღდგებიან.
სიტყვასიტყვით — „ყოველმა ენამ“.
სხვაგვარად — „ხალხისთვის მსახურების“.
სიტყვასიტყვით — „ძაღლებს“.
სიტყვასიტყვით — „შევიძინო ქრისტე“.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ნურაფერზე ნუ დაიწყებთ წუხილს“.