არსებობს ღმერთი? — რას ამბობენ მეცნიერები
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა, ფიზიკის პროფესორმა ულრიხ ჯ. ბეკერმა, ღვთის არსებობის შესახებ თქვა: „შემოქმედის გარეშე როგორ გავჩნდებოდი? თუ არსებობს ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი, არ ვიცი“.
ეწინააღმდეგებოდა ეს მის მეცნიერულ შეხედულებებს? პროფესორმა დამაფიქრებელი აზრი წარმოთქვა: „თუ გაიგებთ, როგორ ბრუნავს საათის ერთი გორგოლაჭი, შეიძლება ივარაუდოთ, როგორ მუშაობს მთლიანი მექანიზმი, მაგრამ თქვენს ვარაუდს მეცნიერულ ფაქტს ვერ უწოდებთ; იმის დადგენას კი, თუ ვინ დაქოქა საათი, ჯობია არც შეეცადოთ“.
მეცნიერების მრავალი დამსახურებული მოღვაწე, ზოგიერთების შეხედულებების საპირისპიროდ, არ გამორიცხავს იმ აზრს, რომ არსებობს ღმერთი — სამყაროსა და ადამიანის დიდებული შემოქმედი.
ამ საკითხთან დაკავშირებით განვიხილოთ კიდევ ორი მაგალითი. როდესაც პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელს, მათემატიკის პროფესორს ჯონ ფორნესს, სთხოვეს, თავისი აზრი გამოეთქვა ღვთის არსებობის შესახებ, მან თქვა: „მჯერა, რომ არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო ელემენტარული ნაწილაკებიდან დაწყებული, ცოცხალი არსებებით და გალაქტიკების ზეგროვებით დამთავრებული“.
იელის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ფიზიკის პროფესორი ჰენრი მორგენაუ, დარწმუნებული იყო, რომ ბუნების კანონები ღვთის შექმნილი იყო და ამბობდა: „ღმერთმა სამყარო არაფრისგან შექმნა და იმ მომენტიდან დაიწყო დროის ათვლაც“. შემდეგ მან მოიხსენია ერთ-ერთი წიგნი, რომელშიც სამი მეცნიერი სიცოცხლის წარმოშობის საკითხში შემოქმედის არსებობას ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტად მიიჩნევს (The Mystery of Life’s Origin). ამ შეხედულებას ასტრონომი ფრედ ჰოილიც ეთანხმება. მან თქვა, რომ «პირველი უჯრედის შემთხვევით წარმოშობის დაჯერება იმის დაჯერების ტოლფასია, რომ ქარბორბალას „ბოინგ-747“-ის უწესრიგოდ დაყრილი ნაწილებისგან შეუძლია „ბოინგის“ აწყობა».
ყოველივე ამას შეიძლება დაემატოს ბიბლიის მწერლის, პავლეს, სიტყვები: „[ღვთის] უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“ (რომაელთა 1:20).
დიახ, ღმერთი ნამდვილად არსებობს! მაგრამ რატომ უშვებს ის იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც დღეს წუთისოფელი იმყოფება? რა განზრახვა აქვს მას დედამიწასთან დაკავშირებით? შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, სინამდვილეში ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი?
[ჩანართი 3 გვერდზე]
„თუ გაიგებთ, როგორ ბრუნავს საათის ერთი გორგოლაჭი, შეიძლება ივარაუდოთ, როგორ მუშაობს მთლიანი მექანიზმი, [მაგრამ]. . . იმის დადგენას. . . თუ ვინ დაქოქა საათი, ჯობია არც შეეცადოთ“.