გადაიჭრება დამნაშავეობის პრობლემა?
◼ კბილებამდე შეიარაღებული გაშმაგებული მოსწავლე თანასკოლელებსა და მასწავლებლებს ხოცავს.
◼ პატარა გოგონას გატაცება მშობლებს ენით აუწერელ ტკივილს აყენებს.
◼ მოზარდი აღიარებს, რომ ადამიანი მოკლა და ეს მხოლოდ იმისთვის გააკეთა, რომ მძაფრი გრძნობები განეცადა. მან გვამი მეგობრებს უჩვენა, რომლებმაც ამის შესახებ რამდენიმე კვირა არავის არაფერი უთხრეს.
◼ სექსუალური მანიაკი ინტერნეტის გამოყენებით სხვა პედოფილებს რჩევებს უზიარებს, როგორ აცდუნონ ბავშვები.
ეს მხოლოდ რამდენიმე თავზარდამცემი ახალი ამბავია, რომელთა შესახებაც საინფორმაციო წყაროებიდან ვიგებთ. გრძნობთ თავს უსაფრთხოდ, განსაკუთრებით ღამით? ყოფილხართ ოდესმე თქვენ ან თქვენი ოჯახი ბოროტმოქმედთა მსხვერპლი? მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი — ისეთი ქვეყნების მოქალაქეებიც კი, რომლებიც ერთ დროს შედარებით უსაფრთხოდ ითვლებოდა — აღიარებენ, რომ გამუდმებით თან სდევთ დამნაშავეობისა და ძალადობის შიში. განვიხილოთ მოკლე ცნობები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
იაპონია: „ეიჟა ტაიმზის“ თანახმად, „ერთ დროს იაპონია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა . . . მაგრამ დღეს ხალხს გაუქრა სიამოვნების მომგვრელი უსაფრთხოების გრძნობა და ეროვნული უსაფრთხოება დამნაშავეობამ და გლობალურმა ტერორიზმმა შეცვალა“.
ლათინური ამერიკა: 2006 წელს საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდა, რომ ბრაზილიის ოფიციალური პირების ვარაუდით, სან-პაულუში მოსალოდნელი იყო ბანდიტური დაჯგუფებების თავდასხმები. რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების გამო ქვეყნის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მსგავსი შემთხვევების დროს ქალაქის ქუჩებში დაუყოვნებლივ გაეგზავნათ შეიარაღებული ძალები. ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში, „სულ მცირე, 50 000 მოზარდია გაერთიანებული ბანდებში, რამაც რეგიონის ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო“, — ნათქვამია ერთ-ერთ გაზეთში (Tiempos del Mundo). იგივე გაზეთი დასძენს: „მხოლოდ 2005 წელს სალვადორში, ჰონდურასსა და გვატემალაში დაახლოებით 15 000 ადამიანი იმსხვერპლა მოზარდთა ბანდებმა“.
კანადა: „სამართალდამცავები შეშფოთებულები არიან ბანდების მომრავლების გამო“, — აღნიშნა „იუ-ეს-ეი ტუდეიმ“ 2006 წელს. „პოლიციამ დაადგინა, რომ ტორონტოში 73 ბანდა თარეშობდა“. იმავე ჟურნალში ტორონტოს პოლიციის უფროსი აღნიშნავს, რომ არ იქნებოდა იოლი ბანდების რიცხობრივი ზრდის შეჩერება.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა: კრიმინალისტმა პატრიკ ბერტონმა „ფაინენშლ მეილში“ დაწერა: „დამნაშავეობის შიში სამხრეთ აფრიკელი ახალგაზრდების ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე ახდენს გავლენას“. ამ ბოროტმოქმედებებში „ისეთი სასტიკი დანაშაულობები შედის როგორიცაა შეიარაღებული ძარცვა, თვითმფრინავის გატაცება და ბანკის გატეხვა“, — აღნიშნული იყო ამ გაზეთში.
საფრანგეთი: მრავალ საცხოვრებელ მასივში მცხოვრებს ყოველდღიურად შიშის ზარს სცემს „კიბეზე ასვლისას ვანდალების მიერ დამახინჯებული სადარბაზოები. უკვე სახიფათოა ავტოფარეხებში შესვლა და შებინდების მერე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა“, — დაიბეჭდა „გარდიან უიკლიში“.
შეერთებული შტატები: ორგანიზებული ბანდები კიდევ უფრო ზრდის დამნაშავეობის რიცხვს. „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ცნობის თანახმად, მხოლოდ ერთ შტატში პოლიციამ 700 ბანდა დააფიქსირა, და მათგან ერთ-ერთში 17 000 მოზარდი გოგო-ბიჭი ერთიანდებოდა. ოთხი წლის წინ ეს რიცხვი 10 000-ით ნაკლები იყო.
დიდი ბრიტანეთი: ბავშვების მდგომარეობისა და დამნაშავეობის შესახებ უნისეფის მონაცემების საფუძველზე, ლონდონში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში აღნიშნული იყო: „იზრდება ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპული მოზარდი ბრიტანელების რიცხვი . . . ამგვარად, დახოცილები და მკვლელები სულ უფრო და უფრო მცირე ასაკისანი არიან“ (The Times of London). ინგლისსა და უელსში პატიმართა რიცხვმა თითქმის 80 000-ს მიაღწია.
კენია: ავტომაგისტრალთან ახლოს მანქანის გამტაცებლებმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს დედა-შვილი, რადგან მანქანიდან მაშინვე არ გადმოვიდნენ, — აღინიშნა ახალ ამბებში. კენიის დედაქალაქმა ნაირობიმ სახელი გაითქვა ყველა სახის დანაშაულებრივი ქმედებებით — მანქანების გატაცებით, ფულის გამოძალვითა და სახლების გაძარცვით.
შესაძლებელია მზარდი დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა? რა არის ბოროტმოქმედების თავი და თავი? არსებობს საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხალხმა მართლაც მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვროს? ამ საკითხებს მომდევნო სტატია განიხილავს.