ბუნება შთაგონების წყარო
„ცაში ყარყატმაც კი იცის თავისი დრო“ (იერემია 8:7)
გადამფრენ ყარყატზე იერემიამ ეს სიტყვები 2 500-ზე მეტი წლის წინათ დაწერა. ცხოველთა და ფრინველთა მიგრაცია ხალხს დღემდე აოცებს. მაგალითად, ორაგული ოკეანეში ათასობით კილომეტრს მიცურავს და იმ ადგილს უბრუნდება, სადაც გამოიჩეკა. მეცნიერებმა დაკვირვება ჩაატარეს ზღვის კუზე, რომელიც აგრეთვე წარმოუდგენლად დიდ მანძილს გადის. ის კვერცხებს ინდონეზიაში დებს, შემდეგ კი 20 000 კილომეტრს მიცურავს, ორეგონის (აშშ) სანაპირომდე. როგორც წესი, ზღვის კუები კვერცხების დასადებად ხშირად უბრუნდებიან ინდონეზიის ერთსა და იმავე სანაპიროს.
ზოგ ცხოველსა და ფრინველს ორიენტაციის განსაკუთრებული უნარი აქვს. მაგალითად, მკვლევარებმა წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის ერთი პატარა კუნძულიდან 18 ალბატროსი თვითმფრინავით წაიყვანეს და ათასობით კილომეტრის მოშორებით სხვადასხვა ადგილას გაუშვეს — ზოგი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ზოგიც — აღმოსავლეთ ნაწილში. რამდენიმე კვირაში ალბატროსების უმეტესობა, სამშობლოში დაბრუნდა.
მკვლევარებმა მტრედებზეც ჩაატარეს გამოკვლევა; ზოგი მტრედი დააძინეს, ზოგი კი მბრუნავ ცილინდრში ჩასვეს და 150 კილომეტრის მოშორებით, მათთვის უცნობ ადგილზე გადაიყვანეს. გაშვებისთანავე მტრედები ცაში რამდენჯერმე დატრიალდნენ, თავიანთი ადგილმდებარეობა განსაზღვრეს და მშობლიური ადგილისკენ აიღეს გეზი. მტრედებმა თავიანთ ბუდეებს მაშინაც მიაგნეს, როცა თვალებში დაბურული ლინზები ჩაუსვეს. მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მტრედებს გზის გაკვლევაში სხვადასხვა სანავიგაციო ორიენტირი ეხმარება.
პეპელა მონარქი ჩრდილოეთი ამერიკიდან მექსიკამდე 1 600 კილომეტრზე მეტ მანძილს ფარავს. მიუხედავად იმისა, რომ ადრე მექსიკაში არასდროს ყოფილან, ამ პეპლებს გზა არ ეშლებათ; ხშირად ისინი სწორედ იმ ხეზე ჯდებიან, სადაც წინა წელს მათი პაპა-ბებიები ისხდნენ. მკვლევარებს დღემდე ვერ გაუგიათ, როგორ ახერხებენ პეპლები ამას.
მაშინ როცა, სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობა სატელიტებზეა დამოკიდებული, ცის, მიწის თუ ზღვის ბევრი ბინადარი სხვადასხვა სანავიგაციო ორიენტირს მიმართავს — ისინი აღიქვამენ ლანდშაფტებსა და მზის მდებარეობას, გრძნობენ დედამიწის მაგნიტურ ველს, განარჩევენ სუნსა და ხმას. ბიოლოგი ჯეიმზ გოულდი წერს: „ცხოველები, რომელთა სიცოცხლე ზუსტ ნავიგაციაზეა დამოკიდებული, სასწაულებრივად არიან შექმნილნი . . . ხშირ შემთხვევაში მათ ალტერნატიული სანავიგაციო ორიენტირები აქვთ და იმას იყენებენ, რომელიც უფრო ზუსტი და სანდო იქნება“. ცხოველებისა და ფრინველების სანავიგაციო უნარი დღემდე საგონებელში აგდებს მეცნიერებს.