თავი 37
გახსოვდეს იეჰოვა და მისი ძე!
წარმოიდგინე, რომ ვიღაცამ ძალიან ძვირფასი რამ გაჩუქა. როგორ მოიქცეოდი? ~ მადლობას ეტყოდი და სამუდამოდ დაივიწყებდი ამ ადამიანს? თუ არასდროს დაგავიწყდებოდა ის, რაც მან შენთვის გააკეთა? ~
იეჰოვამ უძვირფასესი საჩუქარი მოგვცა. მან თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო. იცი, რატომ უნდა მომკვდარიყო იესო ჩვენთვის? ~ ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც 23-ე თავიდან გავიგეთ, ადამმა შესცოდა, რადგან ღვთის სრულყოფილი კანონი დაარღვია. ადამისგან, ჩვენი წინაპრისგან, ყველამ ცოდვა მივიღეთ მემკვიდრეობით. ამიტომ, შენი აზრით, რა გვესაჭიროება? ~ ჩვენ გვესაჭიროება „ახალი მამა“, რომელიც დედამიწაზე სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვინ შეიძლება იყოს ასეთი მამა? ~ იესო.
იეჰოვამ იესო დედამიწაზე გამოგზავნა, რათა ადამის მაგივრად გაეწია ჩვენთვის მამობა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «„პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“, უკანასკნელი ადამი კი — მაცოცხლებელი სული». ვინ იყო პირველი ადამი? ~ დიახ, ის, ვინც ღმერთმა მიწის მტვრისგან შექმნა. ვინ არის მეორე ადამი? ~ იესო. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „პირველი კაცი [ადამი] მიწისგან არის, მტვრისგან არის შექმნილი, მეორე კაცი კი [იესო] ზეციდან არის“ (1 კორინთელები 15:45, 47; დაბადება 2:7).
ვინაიდან ღმერთმა იესოს სიცოცხლე ზეციდან მარიამის სხეულში გადაიტანა, იესოზე ადამის ცოდვა არ გადასულა. იესო სრულყოფილი ადამიანი იყო (ლუკა 1:30—35). აი, ამიტომ უთხრა ანგელოზმა მწყემსებს: „დღეს ... დაიბადა თქვენი მხსნელი“ (ლუკა 2:11). ის რომ ჩვენი მხსნელი გამხდარიყო, რა იყო საჭირო? ~ პატარა იესო უნდა გაზრდილიყო და ადამის ასაკისთვის მიეღწია. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო იესოს „მეორე ადამი“ გამხდარიყო.
იესო, ჩვენი მხსნელი, ჩვენი „საუკუნო მამაც“ გახდება. მას ბიბლიაში ასე ეწოდება (ესაია 9:6, 7). დიახ, სრულყოფილ იესოს შეუძლია ჩვენი მამა გახდეს, ნაცვლად ადამისა, რომელმაც ცოდვის შედეგად სრულყოფილება დაკარგა. ამ მხრივ შეგვიძლია ჩვენს მამად „მეორე ადამი“ ავირჩიოთ. რასაკვირველია, თავის მხრივ იესო იეჰოვა ღმერთის შვილია.
იესოს შესახებ ცოდნას თუ მივიღებთ, მას ჩვენს მხსნელად ჩავთვლით. გახსოვს, რისგან გვჭირდება ხსნა? ~ დიახ, ცოდვისა და სიკვდილისგან, რაც ადამისგან მემკვიდრეობით მივიღეთ. სრულყოფილ სიცოცხლეს, რომელიც სრულწლოვანმა იესომ ჩვენთვის შესწირა, გამოსასყიდი ჰქვია. იეჰოვა ამ გამოსასყიდის მეშვეობით გვათავისუფლებს ცოდვებისგან (მათე 20:28; რომაელები 5:8; 6:23).
ცხადია, ჩვენ არ გვინდა დავივიწყოთ ის, რაც ღმერთმა და მისმა ძემ ჩვენთვის გააკეთეს. ხომ ასეა? ~ იესომ თავის მიმდევრებს ერთ განსაკუთრებულ საშუალებაზე მიუთითა, რაც ჩვენც დაგვეხმარება, არასდროს დავივიწყოთ გამოსასყიდი. მოდი ახლა ამაზე ვისაუბროთ?
წარმოიდგინე, რომ იერუსალიმში, სახლის ზედა სართულზე ხარ. საღამოა. იესო და მისი მოციქულები სუფრას უსხედან. სუფრაზე შემწვარი ბატკნის ხორცი, ხმიადები და წითელი ღვინოა. ისინი განსაკუთრებულ ვახშამს მიირთმევენ. იცი, რატომ? ~
ეს ვახშამი შეახსენებს მათ, რა გააკეთა იეჰოვამ, როცა ასობით წლის წინათ თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან გამოიყვანა. იმ დროს იეჰოვამ ხალხს უთხრა: ‘თითო ოჯახმა თითო ბატკანი დაკლას და მისი სისხლი თავისი სახლის კარის წირთხლებს წაუსვას’. შემდეგ თქვა: ‘შედით თქვენ-თქვენს სახლებში და ჭამეთ ბატკანი’.
ისრაელები ზუსტად ასე მოიქცნენ. იმ ღამეს, ეგვიპტეში უფლის ანგელოზმა ჩამოიარა და ბევრ ოჯახში პირველი შვილი მოკლა. თუ რომელიმე სახლის კარის წირთხლებზე სისხლი იყო წასმული, გვერდს უვლიდა მას. არც ერთი ბავშვი არ მომკვდარა ასეთ სახლებში. ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ძალიან შეაშინა იმან, რაც ანგელოზმა გააკეთა. ამიტომ, მან ისრაელებს უთხრა: ‘თავისუფლები ხართ, წადით ეგვიპტიდან!’ ამის შემდეგ, მათ თავიანთი ბარგი აქლემებსა და ვირებს აჰკიდეს და ეგვიპტე დატოვეს.
იეჰოვას უნდოდა, რომ მის ხალხს არასოდეს დავიწყებოდა ეგვიპტის ტყვეობიდან გათავისუფლება. ამიტომ თქვა: ‘წელიწადში ერთხელ ისეთივე ვახშამი ჭამეთ, როგორიც ამ საღამოს’. ამ განსაკუთრებულ ვახშამს მათ პასექი უწოდეს. იმ ღამით ღვთის ანგელოზმა გვერდი აუარა ყველა სახლს, რომლის კარზეც სისხლი იყო წასმული (გამოსვლა 12:1—13, 24—27, 31).
იესო და მისი მოციქულები ამაზე ფიქრობენ, როდესაც საპასექო ვახშამს მიირთმევენ. მალე იუდა, ორგული მოციქული, სუფრიდან დგება და მიდის. ამის შემდეგ, იესო ძალიან მნიშვნელოვან რამეს აკეთებს. ის ერთ ხმიადს იღებს, ლოცულობს, ამტვრევს და თავის მოწაფეებს აწვდის. „აიღეთ, ჭამეთ“, — ამბობს ის. შემდეგ ეუბნება: ‘ეს პური ნიშნავს ჩემს სხეულს, რომელსაც თქვენთვის მივცემ, როცა მომკლავენ’.
შემდეგ იესო წითელ ღვინოს იღებს, ღმერთს მადლობას ეუბნება, მოწაფეებს აწვდის და ამბობს: „ყველამ შესვით“. ‘ეს ღვინო ჩემს სისხლს ნიშნავს. მალე ჩემი სისხლი თქვენი ცოდვებისთვის დაიღვრება. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად’ (მათე 26:26—28; 1 კორინთელები 11:23—26).
შენიშნე, რომ იესომ მოწაფეებს უთხრა, მის მოსაგონებლად ეს ყოველთვის გაეკეთებინათ? ~ მათ პასექი აღარ უნდა აღენიშნათ. ნაცვლად ამისა, წელიწადში ერთხელ, ეს განსაკუთრებული ვახშამი უნდა მოემზადებინათ, რათა ხსომებოდათ იესო და მისი სიკვდილი. ამ ვახშამს უფლის სერობა ანუ ვახშამი ეწოდა! დღეს მას ხშირად გახსენების საღამოს ვუწოდებთ. რატომ? ~ იმიტომ, რომ ის შეგვახსენებს, რა გააკეთეს იესომ და იეჰოვა ღმერთმა ჩვენთვის.
ხმიადმა იესოს სხეული უნდა გაგვახსენოს. მან მსხვერპლად გასწირა თავისი სხეული, რათა ჩვენ მარადიული სიცოცხლე გვქონოდა. წითელმა ღვინომ რაღა უნდა შეგვახსენოს? ~ ის, თუ რამდენად ძვირფასია იესოს სისხლი. ის ეგვიპტეში დაკლულ საპასექო კრავზე ძვირფასია. იცი, რატომ? ~ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესოს სისხლმა ცოდვების მიტევების შესაძლებლობა მოგვცა. როდესაც ყველა ცოდვა ჩამოგვშორდება, ავად აღარასოდეს გავხდებით, აღარ დავბერდებით და აღარ მოვკვდებით. როცა გახსენების საღამოს ვესწრებით, ამაზე უნდა ვიფიქროთ.
ყველამ უნდა ჭამოს ხმიადი და დალიოს ღვინო გახსენების საღამოს? ~ მათ, ვინც ეს უნდა გააკეთოს, იესომ უთხრა: ‘თქვენ იქნებით ჩემს სამეფოში და ჩემთან ერთად იჯდებით ტახტზე’ (ლუკა 22:19, 20, 30). ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ზეცაში წავლენ, რათა იესოსთან ერთად იმეფონ. მაშასადამე, ხმიადი და ღვინო მხოლოდ მან უნდა მიიღოს, ვისაც იესოსთან ერთად ზეცაში მმართველობის იმედი აქვს.
გახსენების საღამოს ისიც უნდა დაესწროს, ვინც ზეცაში არ მიდის. იცი, რატომ? ~ იმიტომ, რომ იესომ ჩვენთვისაც შესწირა სიცოცხლე. გახსენების საღამოზე წასვლით, ვაჩვენებთ, რომ ეს არ გვავიწყდება. ჩვენ გვახსოვს ღვთის უძვირფასესი საჩუქარი.
შემდეგი მუხლები გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იესოს მსხვერპლი: 1 კორინთელების 5:7; ეფესოელების 1:7; 1 ტიმოთეს 2:5, 6 და 1 პეტრეს 1:18, 19.