თავი 46
წარღვნა მსოფლიოს ანადგურებს — მოხდება კიდევ მსგავსი რამ?
დღეს ბევრს ლაპარაკობენ მსოფლიოს განადგურებაზე. გსმენია ამის შესახებ? ~ ზოგი ფიქრობს, რომ მსოფლიო განადგურდება ომის შედეგად, რადგან ადამიანები ატომურ ბომბებს გამოიყენებენ. შენი აზრით, დაუშვებს ღმერთი, რომ ადამიანებმა გაანადგურონ ჩვენი ლამაზი დედამიწა, მშვენიერი ცა და მოკაშკაშე ვარსკვლავები? ~
როგორც გავიგეთ, ბიბლია ლაპარაკობს მსოფლიოს განადგურებაზე. „გადადის ქვეყნიერება“, — ამბობს ბიბლია (1 იოანე 2:17). შენი აზრით, ნიშნავს ქვეყნიერების აღსასრული დედამიწის განადგურებას? ~ არა, რადგან ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა დედამიწა „დასასახლებლად“ შექმნა. დიახ, იმისათვის შექმნა, რომ მასზე ადამიანებს ეცხოვრათ და სიცოცხლით დამტკბარიყვნენ (ესაია 45:18). ფსალმუნების 36:29 ამბობს: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“. აი რატომ არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ დედამიწა მარადიულად იარსებებს (ფსალმუნები 103:5; ეკლესიასტე 1:4).
ქვეყნიერების განადგურება თუ დედამიწის განადგურებას არ ნიშნავს, მაშ რა იგულისხმება ამაში? ~ ამ კითხვაზე პასუხს ადვილად ვიპოვით, თუ გამოვიკვლევთ, რა მოხდა ნოეს დროს. ბიბლია განმარტავს: „განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით [წარღვნით] წაილეკა“ (2 პეტრე 3:6).
გადარჩა ვინმე ნოეს დროს მომხდარი წარღვნის ანუ წყალდიდობის დროს? ~ ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთმა სიმართლის მქადაგებელი ნოე ... სხვა შვიდთან ერთად გადაარჩინა, როცა უღმერთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს“ (2 პეტრე 2:5).
მაშ, რა განადგურდა წარღვნის დროს: დედამიწა თუ ცუდი ადამიანები? ~ ბიბლია ამბობს, რომ განადგურდა „უღმერთოთა ქვეყნიერება“. ყურადღება მიაქციე იმას, რომ ნოე „მქადაგებელი“ იყო. შენი აზრით, რის შესახებ ქადაგებდა ის? ~ ნოე ხალხს იმდროინდელი ქვეყნიერების განადგურების შესახებ აფრთხილებდა.
წარღვნის შესახებ ლაპარაკისას იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, თუ რას აკეთებდა ხალხი განადგურებამდე. აი, რა თქვა მან: „წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“. შემდეგ იესომ თქვა, რომ მსგავსადვე მოიქცეოდა ხალხი ამ ქვეყნიერების განადგურების წინა პერიოდში (მათე 24:37—39).
იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ იქიდან, რასაც ხალხი წარღვნამდე აკეთებდა, ჩვენ მნიშვნელოვანი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ. გახსოვს ამ წიგნის მე-10 თავიდან, რას აკეთებდა წარღვნამდე ხალხი? ~ ზოგი ბოროტი იყო და მოძალადე. ბევრმა, როგორც იესომ თქვა, არ მოუსმინა ნოეს, რომელიც ღმერთმა მათთან საქადაგებლად გაგზავნა.
ერთხელაც იეჰოვამ ნოეს უთხრა, რომ ცუდი ადამიანების წარღვნით განადგურებას აპირებდა. წყალი მთელ დედამიწას დაფარავდა, მთებსაც კი. იეჰოვამ ნოეს უთხრა, რომ დიდი კიდობანი აეშენებინა. როგორც 238-ე გვერდზე ხედავ, ის უზარმაზარ, გრძელ ყუთს წააგავდა.
ღმერთმა ნოეს ისეთი ზომის კიდობნის აშენება დაავალა, რომელშიც ნოე თავის ოჯახთან და მრავალ ცხოველთან ერთად თავისუფლად დაეტეოდა. ნოე და მისი ოჯახი ბევრს შრომობდნენ; ისინი დიდ ხეებს ჭრიდნენ კიდობნის ასაშენებლად. ამას მრავალი წელი დასჭირდა, რადგან კიდობანი უზარმაზარი იყო.
გახსოვს, კიდევ რას აკეთებდა ნოე მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ კიდობანს აშენებდა? ~ ის ქადაგებდა და ხალხს მოახლოებული წარღვნის შესახებ აფრთხილებდა. უსმენდა ვინმე ნოეს? არავინ, გარდა თავისი ოჯახისა. დანარჩენებს არ ეცალათ ამისთვის. გახსოვს, როგორც იესომ თქვა, რას აკეთებდნენ ისინი? ~ ჭამდნენ, სვამდნენ და ქორწინდებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ცუდს არაფერს აკეთებდნენ და დრო არ გამოყვეს, რომ ნოესთვის მოესმინათ. მოდი ვნახოთ, რა დაემართათ მათ.
როცა ნოე თავის ოჯახთან ერთად კიდობანში შევიდა, იეჰოვამ კარი მაგრად ჩაკეტა. კიდობნის გარეთ დარჩენილ ხალხს მაინც არ სჯეროდა, რომ წარღვნა მოვიდოდა. მოულოდნელად ციდან წვიმა წამოვიდა! ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი წვიმა, არამედ კოკისპირული წვიმა იყო. მალე უზარმაზარი ნიაღვრები გაჩნდა, რაც ყველაფერს ანადგურებდა. წყალი დიდ ხეებს გლეჯდა, უზარმაზარი ქვები კი კენჭებივით მიჰქონდა. რა დაემართა კიდობნის გარეთ მყოფ ადამიანებს? ~ იესო ამბობს: ‘მოვიდა წარღვნა და ყველა წალეკა’. ყველა, ვინც კიდობანში არ იყო, დაიღუპა. რატომ? ~ როგორც იესომ თქვა, მათ „არაფერი ანაღვლებდათ“. მათ არ მოუსმინეს ნოეს! (მათე 24:39; დაბადება 6:5—7).
გახსოვს, იესომ თქვა, რომ ის, რაც მათ დაემართათ, გაკვეთილია ჩვენთვის? რა გაკვეთილი? ~ ხალხი მხოლოდ იმიტომ კი არ განადგურდა, რომ ცუდები იყვნენ, არამედ იმიტომაც, რომ ყოველდღიური საქმეებით ძალიან იყვნენ დაკავებულნი. მათ არ ეცალათ, გაეგოთ ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ მათ არ დავემსგავსოთ. ხომ ასეა? ~
როგორ ფიქრობ, კიდევ გაანადგურებს ღმერთი ქვეყნიერებას წარღვნით? ~ არა, ღმერთი შეგვპირდა, რომ წარღვნას აღარ მოავლენს. მან თქვა: „ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ... აღთქმის ნიშნად“. ცისარტყელაა იმის ნიშანი, რომ „მეტად აღარ მოვა წარღვნის წყალი ყოველი ხორციელის დასაღუპავად“ (დაბადება 9:11—17).
ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღმერთი ქვეყნიერებას წარღვნით აღარასოდეს გაანადგურებს. და მაინც, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქვეყნიერება განადგურდება. ვის გადაარჩენს ღმერთი ამ დროს? ~ იმათ, რომლებიც პირადი საქმეებით იმდენად არიან დაკავებულნი, რომ ღვთისთვის ვერ იცლიან? გადაარჩენს მათ, რომლებიც ყოველთვის ისე არიან გადატვირთულნი, რომ არ სცალიათ ბიბლია ისწავლონ? როგორ ფიქრობ? ~
ჩვენ ხომ გვინდა გადარჩენილებს შორის ვიყოთ? ~ განა შესანიშნავი არ იქნება, რომ ჩვენი ოჯახი ისევე გადაარჩინოს ღმერთმა, როგორც ნოეს ოჯახი გადაარჩინა? ~ ქვეყნიერების განადგურებისას რომ გადავრჩეთ, საჭიროა, ვიცოდეთ, როგორ გაანადგურებს ღმერთი ამ ქვეყნიერებას და როგორ დაამყარებს ახალს. მოდი ვნახოთ, როგორ გააკეთებს ღმერთი ამას.
ბიბლია გვპასუხობს ამ კითხვაზე დანიელის მე-2 თავის 44-ე მუხლში: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“. ამ მუხლში ლაპარაკია იმ დღეებზე, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
გესმის, რას ამბობს ეს მუხლი? ~ ბიბლია ამბობს, რომ ღვთის სამეფო გაანადგურებს ყველა მიწიერ მთავრობას. რატომ? ~ იმიტომ, რომ ისინი არ ემორჩილებიან ღვთის მიერ დანიშნულ მეფეს. ვინ არის ეს მეფე? ~ დიახ, იესო ქრისტე!
იეჰოვა ღმერთს უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელმა მთავრობამ უნდა იმმართველოს. ამიტომ, მეფედ თავისი ძე, იესო, დანიშნა. მალე ღვთის მიერ დანიშნული მმართველი, იესო ქრისტე, ამ ქვეყნიერების ყველა სამეფოს გაანადგურებს. გამოცხადების მე-19 თავის მე-11—16 მუხლებში აღწერილია, როგორ გააკეთებს იესო ამას, როგორც ეს ამ სურათზეც არის ნაჩვენები. ბიბლიაში ღვთის ომს, როდესაც ის ამ ქვეყნიერების ყველა მთავრობას გაანადგურებს, არმაგედონი ეწოდება.
ღმერთი ამბობს, რომ მისი სამეფო ადამიანთა მთავრობებს გაანადგურებს. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა? ~ ცხადია, არა. ბიბლიაში არმაგედონს ‘ყოვლისშემძლე ღვთის ომი’ ეწოდება (გამოცხადება 16:14, 16). დიახ, არმაგედონი ღვთის ომია, რომელშიც ის იესო ქრისტეს გამოიყენებს, რათა ბრძოლაში ზეციერ ლაშქარს უხელმძღვანელოს. მოახლოებულია არმაგედონი? მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაგება.
მოდი ბიბლიაში ერთად წავიკითხოთ იმ დროზე, როცა ღმერთი ყველა ბოროტ ადამიანს გაანადგურებს და თავის მსახურებს გადაარჩენს: იგავების 2:21, 22; ესაიას 26:20, 21; იერემიას 25:31—33 და მათეს 24:21, 22.