ნაწილი 18
იესოს სასწაულები
იესოს სასწაულებიდან აშკარად ჩანს, როგორ გამოიყენებს ის თავის ძალას გამეფების შემდეგ.
ღმერთმა იესოს იმის კეთების ძალა მისცა, რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ გააკეთებდა. იესომ უამრავი სასწაული მოახდინა. ხშირად ამის მოწმე მრავალი ადამიანი იყო. სასწაულებით იესო ამტკიცებდა, რომ თავის მტრებზე გაცილებით ძლიერი იყო და შეეძლო ისეთი დაბრკოლებები გადაელახა, რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
იესო აპურებდა ხალხს. ერთხელ იესომ წყალი ღვინოდ გადააქცია. ეს მისი პირველი სასწაული იყო. მან ორჯერ დააპურა ათასობით მშიერი ადამიანი რამდენიმე პურითა და თევზით. ორივე შემთხვევაში საჭმელი საკმარისზე მეტი იყო.
იესო კურნავდა ავადმყოფებს. იესო კურნავდა ადამიანებს „ნებისმიერი ავადმყოფობისა და უძლურებისგან“ (მათე 4:23). ის კურნავდა ბრმებს, ყრუებს, კეთროვნებს და ეპილეფსიით დაავადებულებს. აგრეთვე კოჭლებს, ხეიბრებსა და დასახიჩრებულებს. მისთვის განუკურნებელი დაავადება არ არსებობდა.
იესო იმორჩილებდა ბუნების ძალებს. ერთხელ, როცა იესო მოწაფეებთან ერთად გალილეის ზღვაზე ნავით მიცურავდა, ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. მოწაფეები ძლიერ შეშინდნენ. მაშინ იესომ უბრალოდ უთხრა ქარს: «„დაწყნარდი! ჩაცხრი!“ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა» (მარკოზი 4:37—39). იესომ შტორმის დროს წყალზეც კი გაიარა (მათე 14:24—33).
იესოს ძალაუფლება ჰქონდა ბოროტ სულებზე. ბოროტი სულები ადამიანებზე გაცილებით ძლიერები არიან. ბევრი ადამიანი უძლური აღმოჩნდა ღვთის ამ ვერაგ მტრებთან ბრძოლაში. მაგრამ იესომ არაერთი ადამიანი გაათავისუფლა ბოროტი სულებისგან. იესოს არ ეშინოდა მათი. პირიქით, ბოროტი სულები აღიარებდნენ მის ძალაუფლებას და შიშისგან ძრწოდნენ.
იესო მკვდრებს აცოცხლებდა. სიკვდილს ტყუილად არ ეწოდება ადამიანების „უკანასკნელი მტერი“, რადგან არავის შეუძლია მისგან თავის დაღწევა (1 კორინთელები 15:26). მაგრამ იესომ არაერთი მკვდარი გააცოცხლა, მათ შორის ერთი ქვრივი ქალის ვაჟი და პატარა გოგონა. ყველაზე საოცარი შემთხვევა ის იყო, როცა იესომ უამრავი ხალხის თანდასწრებით აღადგინა თავისი მეგობარი ლაზარე, რომელიც ოთხი დღის მკვდარი იყო. იესოს მტრებიც კი აღიარებდნენ, რომ მან ლაზარე გააცოცხლა (იოანე 11:38—48; 12:9—11).
რატომ ახდენდა იესო ამგვარ სასწაულებს? ბოლოს ხომ მაინც მოკვდა ყველა, ვისაც იესო დაეხმარა? დიახ, მაგრამ ამ სასწაულებმა დაამტკიცა, რომ მესიის სამეფოსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები აუცილებლად შესრულდება. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ღვთის დანიშნული მეფე ბოლოს მოუღებს შიმშილს, ავადმყოფობას, სტიქიურ უბედურებებს, ბოროტ სულებს და თვით სიკვდილსაც კი. დედამიწაზე ყოფნისას მან დაამტკიცა, რომ ღმერთმა მისცა მას ამის ძალა.