თავი 39
როგორ მივაღწიო დასახულ მიზნებს?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რას ისურვებდი ყველაზე მეტად?
□ მეტ დაჯერებულობას საკუთარ თავში
□ მეტ მეგობარს
□ მეტ ბედნიერებას
შენ შეგიძლია სამივე სურვილი აისრულო, თუ დაისახავ შესაბამის მიზნებს და შემდეგ განახორციელებ.
მეტი დაჯერებულობა საკუთარ თავში. პატარ-პატარა მიზნებს რომ დაისახავ და მიაღწევ, საკუთარ ძალებში დარწმუნდები და უფრო დიდ მიზნებსაც დაისახავ. გარდა ამისა, ეს იმაშიც დაგეხმარება, რომ ყოველდღიურ სირთულეებს, მაგალითად, თანატოლების ზეგავლენას გაართვა თავი.
მეტი მეგობარი. ყველას სიამოვნებს მიზანსწრაფულ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც იციან, რა უნდათ და ძალ-ღონეს არ იშურებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად.
მეტი ბედნიერება. ერთი რამ ცხადია: თუ გულხელდაკრეფილი იჯდები და ცხოვრების დინებას მიჰყვები, ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდება. მაგრამ, თუ დაისახავ მიზნებს და მიაღწევ, კმაყოფილებას და სიხარულს იგრძნობ. მზად ხარ ამისთვის? მაშინ განაგრძე კითხვაa.
✔ 1 დაისახე
1. მოიფიქრე, რა მიზნებს დაისახავ. მოუხმე ფანტაზიას. ჩამოწერე იმდენი მიზანი, რამდენიც უცებ მოგივა გონებაში, სულ ცოტა ათი მაინც.
2. შეაფასე შენი მიზნები. ჩამოთვლილთაგან რომელი მიზანი მოგწონს ყველაზე მეტად? რომელი გეჩვენება უფრო რთულად მისაღწევი? რომელი მიზნის მიღწევა გაგახარებს ყველაზე მეტად? გახსოვდეს, საუკეთესო მიზნები სწორედ ისინია, რომლებიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
3. რომელი მიზანია უფრო პრიორიტეტული? თანმიმდევრულად დანომრე მიზნები იმის მიხედვით, რომელი უფრო პრიორიტეტულია შენთვის.
✔ 2 გეგმა
თითოეული პრიორიტეტული მიზნის მისაღწევად შეადგინე შემდეგნაირი გეგმა:
დაწერე მიზანი
დაადგინე მიზნის მისაღწევად საჭირო ვადა. თუ არ დაადგენ ვადას, მიზანი ოცნებად დაგრჩება.
დაგეგმე, რა ნაბიჯებს გადადგამ მიზნის მისაღწევად.
განჭვრიტე შესაძლო დაბრკოლებები. წინასწარ დაფიქრდი, როგორ გადალახავ მათ.
შეასრულე შენი სიტყვა. დაუდე შენს თავს პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებ მიზნის მისაღწევად. შემდეგ დასვი თარიღი და შენი ხელმოწერა.
რა ნაბიჯები უნდა გადადგა?
1. შეიძინე ფრაზეოლოგიური ლექსიკონი.
2. ყოველკვირა ისწავლე ათი ახალი სიტყვა.
3. მოუსმინე ინგლისურად მოლაპარაკეებს.
4. სთხოვე ინგლისურის მცოდნეს, რომ შეგისწოროს გრამატიკული შეცდომები და გამოთქმები.
მოსალოდნელი დაბრკოლებები
ჩემ გარშემო არავინ ლაპარაკობს ინგლისურად.
როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევაში?
გადმოწერე ინგლისურ ენაზე აუდიოჩანაწერები ამ საიტიდან: www.jw.org.
․․․․․ ․․․․․
ხელმოწერა თარიღი
ინგლისურის სწავლა უცხოეთში სამოგზაუროდ.
1 ივლისი
✔ 3 იმოქმედე!
იმოქმედე დაუყოვნებლივ. ჰკითხე საკუთარ თავს: დღესვე რისი გაკეთება შემიძლია ამ მიზნის მისაღწევად? ყველა წვრილმანს წინასწარ ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ ამან არ უნდა შეგაჩეროს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“ (ეკლესიასტე 11:4). რაც დღეს შეგიძლია გააკეთო — თუნდაც მცირედი — ნუ გადადებ ხვალისთვის.
ყოველდღე გადახედე შენს მიზნებს. შეახსენე საკუთარ თავს, რატომ არის თითოეული მიზნის მიღწევა შენთვის მნიშვნელოვანი. აღნიშნე რომელ მიზანს მიაღწიე (ან დაწერე თარიღი, თუ როდის განახორციელე დასახული მიზანი).
გამოიყენე წარმოსახვის უნარი. წარმოიდგინე, რომ უკვე მიაღწიე მიზანს და საოცრად კმაყოფილი ხარ. ახლა დაუბრუნდი რეალობას და იფიქრე, თითოეული მიზნის თანმიმდევრულად მისაღწევად რა ნაბიჯები უნდა გადადგა. წარმოიდგინე, მიზნამდე მიმყვანი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი რამხელა სიხარულს მოგიტანს. ახლა ისღა დაგრჩენია, რომ იმოქმედო!
[სქოლიო]
a ამ თავში განხილული რჩევები გამოგადგება იმ მიზნების მიღწევაში, რომელთა განხორციელებაც გინდა რამდენიმე კვირაში ან თვეში. თუმცა პრინციპები, რომლებიც ამ რჩევებს უდევს საფუძვლად, დაგეხმარება უფრო დიდი მიზნების მიღწევაშიც.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5).
რჩევა
ნუ ინერვიულებ, თუ ზედმიწევნით ვერ მიჰყვები გეგმას. იყავი მოქნილი და მოახდინე საჭირო ცვლილებები მიზნის მისაღწევად.
იცოდი, რომ . . . ?
რაც უფრო დიდ მიზნებს დაისახავ და მიაღწევ, მით უფრო კმაყოფილი და ბედნიერი იქნები!
როგორ ფიქრობ?
● გონივრულია ერთდროულად ბევრი მიზნის დასახვა? (ფილიპელები 1:10).
● ნიშნავს მიზნების დასახვა იმას, რომ ყოველი წუთი უნდა გქონდეს დაგეგმილი? (ფილიპელები 4:5).
[ჩანართი 283 გვერდზე]
„ადვილია, ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე, თუ არაფრით ხარ დაკავებული და უმიზნოდ ცხოვრობ. როცა ისახავ მიზნებს და აღწევ, კმაყოფილი და გახარებული ხარ“ (რიდი).
[ჩარჩო⁄სურათი 283 გვერდზე]
შესაძლო მიზნები
მეგობრების შეძენა. მინდა ვიმეგობრო ჩემზე უფროსი ან უმცროსი ასაკის ქრისტიანთან და განვაახლო ურთიერთობა ძველ მეგობრებთან.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მინდა, კვირაში საათნახევარი მაინც ვივარჯიშო და ღამე რვა საათი მაინც ვიძინო.
სკოლაში კარგად სწავლა. მინდა, მათემატიკაში უფრო მაღალი ნიშნები მივიღო და კლასელების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ყოველთვის სწორად მოვიქცე.
სულიერი წინსვლა. მინდა, ყოველდღე 15 წუთი წავიკითო ბიბლია და ამ კვირაში ვიქადაგო ჩემს რომელიმე კლასელთან.
[სურათი 284, 285 გვერდზე]
მიზანი ჰგავს პროექტს, რომლის განსახორციელებლად მოქმედებაა საჭირო.