ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 93
იესო ზეცაში ბრუნდება
გალილეაში იესო თავის მოწაფეებს შეხვდა. მან ძალიან მნიშვნელოვანი დავალება მისცა მათ: წადით ყველა ერის ხალხთან და მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; ასწავლეთ მათ ის ყველაფერი, რაც მე გასწავლეთ და მონათლეთ ისინი! შემდეგ დაჰპირდა: გახსოვდეთ, რომ მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები!
მკვდრეთით აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო ასობით მოწაფეს ეჩვენა გალილეასა და იერუსალიმში. მან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ასწავლა მათ და მრავალი სასწაულიც მოახდინა მოწაფეების თვალწინ. შემდეგ კი ის ბოლოჯერ შეხვდა თავის მოციქულებს ზეთისხილის მთაზე. ამ დროს იესომ ასეთი სიტყვები უთხრა მათ: არ დატოვოთ იერუსალიმი! დაელოდეთ იმის შესრულებას, რასაც მამა დაგპირდათ!
მოციქულებმა ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა იესოს ნათქვამი და ჰკითხეს: ახლა უნდა გახდე ისრაელის მეფე? იესომ უპასუხა: ჯერ არ მოსულა ჩემი გამეფების დრო, რომელიც იეჰოვას აქვს დანიშნული. მალე თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და გახდებით ჩემი მოწმეები. წადით და იქადაგეთ იერუსალიმში, იუდეაში, სამარიასა და დედამიწის ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი!
ამის შემდეგ იესო ამაღლდა, ცაში ავიდა და ღრუბლებმა დაფარა. მოწაფეები გაფაციცებით იყურებოდნენ ზემოთ, რომ როგორმე დაენახათ იესო, მაგრამ ის უკვე გაუჩინარებულიყო.
მოწაფეები ზეთისხილის მთიდან იერუსალიმში წავიდნენ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე ზედა ოთახში, ლოცულობდნენ და იესოსგან ახალ მითითებებს ელოდნენ.
„იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).