უფსკრული
ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი ბერძნულ სიტყვა აბისსოსს განმარტავს როგორც „მეტისმეტად ღრმას“ (Greek and English Lexicon to the New Testament, ჯ. პარკჰერსტი, ლონდონი, 1845, გვ. 2). ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის (Liddell and Scott’s Greek-English Lexicon, ოქსფორდი, 1968, გვ. 4) თანახმად აბისსოს ნიშნავს „უკიდეგანოსა და უსაზღვროს“. ებრაული სიტყვა თეომ (ღრმა წყალი) ბერძნულ სეპტუაგინტაში ყველგან ითარგმნა, როგორც აბისსოს (მაგ., დაბადების 1:2; 7:11).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში აბისსოს ცხრაჯერ გვხდება, ამათგან შვიდჯერ გამოცხადების წიგნში. „უფსკრულიდან“ ამოდიან სიმბოლური კალიები თავიანთი მეფის აბადონის, იგივე აპოლიონის, „უფსკრულის ანგელოზის“ მეთაურობით (გმც. 9:1—3, 11). უფსკრულიდან ამოდის, აგრეთვე, მხეცი, რომელიც ღვთის ორ მოწმეს ებრძვის და კლავს მათ (გმც. 11:3, 7). გამოცხადების 20:1—3-ში აღწერილია სატანის უფსკრულში ჩაგდება ათასი წლით. ეს ის უფსკრულია, რომელშიაც ჩავარდნის დემონთა ლეგიონს ეშინოდა (ლკ. 8:31).
ბიბლიური მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ ბერძნული სეპტუაგინტა ებრაულ შეʼოლს არ თარგმნის აბისსოსად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აბისსოსში სულიერი ქმნილებები არიან ჩაყრილი, მისი მნიშვნელობა მხოლოდ შეოლით ან ჰადესით არ შემოიფარგლება, მით უმეტეს, რომ ეს ორი სიტყვა კონკრეტულად კაცობრიობის საერთო სამარეს აღნიშნავს (იობ. 17:13—16; იხ. ჰადესი; შეოლი). შეუძლებელია აბისსოს იყოს „ცეცხლის ტბა“, რადგან სატანას მასში მხოლოდ უფსკრულიდან გათავისუფლების შემდეგ აგდებენ (გმც. 20:1—3, 7—10). ამასთანავე, რომაელების 10:7-ში ნათქვამია, რომ ქრისტე უფსკრულში იყო, რაც ადასტურებს იმას, რომ აბისსოს არ არის ცეცხლის ტბა და, შესაბამისად, არც ტარტაროზი (იხ. ტარტაროზი).
რომაელების 10:6, 7 მეტ ნათელს ჰფენს უფსკრულის მნიშვნელობას: «რწმენიდან მომდინარე სიმართლე კი ამბობს: „ნუ იტყვი გულში, ვინ ავა ზეცაშიო? (ქრისტეს ჩამოსაყვანად), ან ვინ ჩავა უფსკრულშიო? (ქრისტეს მკვდრეთით აღსადგენად)“ » (შდრ. კნ. 30:11—13). ამ მუხლში ნახსენები უფსკრული აშკარად მიანიშნებს იმ ადგილზე, სადაც ქრისტე იესომ მკვდრეთით აღდგომამდე არასრული სამი დღე დაჰყო (შდრ. ფს. 71:19, 20; მთ. 12:40). გამოცხადების 20:7-ში უფსკრულს „საპყრობილე“ ეწოდება. ასეთი შედარება ზედგამოჭრილია, რადგან „საპყრობილე“, როგორც სრული უმოქმედობის ადგილი, კარგად აღწერს მკვდარი იესოს მდგომარეობას (შდრ. გმც. 20:7; სქ. 2:24; 2სმ. 22:5, 6; იობ. 38:16, 17; ფს. 9:13; 107:18; 116:3).
რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში (Encyclopædia of Religion and Ethics, ჯ. ჰეისტინგზი, 1913, ტ. I, გვ. 54) „უფსკრულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის შესახებ, რომელიც რომაელების 10:6, 7-ში გვხვდება, ასეთი კომენტარია გაკეთებული: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ წმ. პავლე ლაპარაკობს რაღაც უკიდეგანოზე, იმაზე, რაც ბოლომდე ჩაუწვდომელია“. პავლე „ზეცისა“ და „უფსკრულის“ მიუწვდომლობას უპირისპირებს რწმენით სიმართლის მიღწევის შესაძლებლობას. უფსკრულის მიუწვდომლობას მოწმობს აგრეთვე რომაელების 11:33, რომელშიც პავლე აბისსოსის სინონიმს, ბათოსს იყენებს: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე [ბათოს]! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (იხ. აგრეთვე 1კრ. 2:10; ეფ. 3:18, 19). ამრიგად, რომაელების 10:6, 7-დან გამომდინარე, „უფსკრული“, სავარაუდოდ, წარმოადგენს ისეთ რამესაც, რაზეც ხელი არავის მიუწვდება, გარდა ღვთისა და მისი დანიშნული ანგელოზისა, რომელსაც „უფსკრულის გასაღები“ აქვს (გმც. 20:1). ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი (Liddell and Scott’s Greek-English Lexicon, გვ. 4) აბისსოსის კიდევ ერთ მნიშვნელობას გვთავაზობს: „უსასრულო სიცარიელე“.
ფსალმუნის 88:6-ში გვხვდება მრავლობით რიცხვში მდგარი ებრაული სიტყვა მეცოლაჰ (ან მეცულაჰ), რომელიც ითარგმნა „დიდ უფსკრულად“ (სიტყვასიტყვით „სიღრმეები“) (შდრ. ზქ. 10:11). იგი სიტყვა ენათესავება ცულაჰს, რაც „ღრმა წყალს“ ნიშნავს (ეს. 44:27).