სასურველი დრო
2 კორინთელების 6:2-ში მოციქულ პავლეს მოჰყავს ციტატა ესაიას 49:8-დან, სადაც ნათქვამია: «აი რას ამბობს იეჰოვა: „სასურველ დროს გიპასუხე, ხსნის დღეს დაგეხმარე. გიცავ, რომ ხალხისთვის შეთანხმებად გაქციო, ქვეყანა აღვადგინო და კვლავ დაისაკუთრონ გაპარტახებული მემკვიდრეობა“». როგორც ჩანს, ეს სიტყვები თავდაპირველად ეხებოდა ესაიას, რომელიც განასახიერებდა ანუ წარმოადგენდა ისრაელ ერს (ეს. 49:3). ეს იყო აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველება და პირველად ბაბილონიდან ისრაელის გათავისუფლების დროს შესრულდა, როცა ისრაელ ტყვეებს უთხრეს: „გამოდით!“. ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში და გაპარტახებული ქვეყანა აღადგინეს (ეს. 49:9).
თუმცა მე-8 მუხლში ჩაწერილი სიტყვები, „რომ ხალხისთვის შეთანხმებად გაქციო“, და მე-6 მუხლში ნათქვამი, რომ იეჰოვა თავის მსახურს ერების სინათლედ აქცევდა, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდომოდა ღვთისგან ხსნა, ცხადყოფს, რომ ეს წინასწარმეტყველება მესიას ეხება და ღვთის მსახური იესო ქრისტეა (ეს. 42:1—4, 6, 7 შდრ. მთ. 12:18—21-ს). ვინაიდან იეჰოვა „სასურველ დროს“ უპასუხებდა და დაეხმარებოდა თავის მსახურს, ამ დროში იგულისხმება იესოს დედამიწაზე ცხოვრება, როცა მან „ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო, და შესმენილ იქნა ღვთის შიშის გამო“ (ებ. 5:7—9; შდრ. ინ. 12:27, 28; 17:1—5; ლკ. 22:41—44; 23:46). ასე რომ, ის „ხსნის დღე“ იყო ღვთის ძისთვის, რომლის განმავლობაშიც მას შეეძლო, დაემტკიცებინა სრულყოფილი ერთგულება და „თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე“ გამხდარიყო პასუხისმგებელი (ებ. 5:9).
გარდა ამისა, პავლეს მიერ ესაიას წინასწარმეტყველების ციტირება მიუთითებს, რომ ის შესრულდებოდა იმ ქრისტიანებზე, რომლებსაც პავლე მოუწოდებდა, ისე არ მიეღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამორჩენოდათ მისი მიზანი. ესაიას 49:8-ის ციტირების შემდეგ პავლე ამ ქრისტიანებს ეუბნება: „აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო. აი ახლაა ხსნის დღე“ (2კრ. 6:1, 2). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ქრისტიანები სულიერი ერის, ღვთის ისრაელის წევრები გახდნენ (გლ. 6:16). თუმცა მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ღვთის წყალობის ღირსები იყვნენ და „სასურველი დრო“ მართლაც „ხსნის დღე“ იყო მათთვის.
ის ფაქტი, რომ ეს წინასწარმეტყველება თავდაპირველად აღორძინებას ეხებოდა, იმაზე მიანიშნებს, რომ დადგებოდა სულიერი ტყვეობისგან გათავისუფლებისა და ღვთის კეთილგანწყობის ხელახლა მოპოვების დროც (შდრ. ფს. 69:13—18).
იმ იუდეველებს, რომლებმაც ხელსაყრელი დრო და სულიერ ისრაელში შესვლის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს, პავლემ უთხრა, რომ უცხოტომელებთან წავიდოდა და ამის მხარდასაჭერად ესაიას 49:6 მოიყვანა ციტატად: «იეჰოვამ ასეთი მცნებაც დაგვიდო: „დაგნიშნე ერების სინათლედ, რომ მხსნელი იყო დედამიწის კიდით-კიდემდე“» (სქ. 13:47). სიტყვები „დრო“ და „დღე“ რაღაც დროებითზე მიანიშნებს, ამიტომ ისინი ხაზს უსვამს გადაუდებლად მოქმედების და ხელსაყრელი ანუ სასურველი დროის გონივრულად გამოყენების აუცილებლობას, ვიდრე ეს დრო არ დასრულებულა და შეუძლებელი არ გამხდარა ღვთის წყალობისა და ხსნის მიღება (რმ. 13:11—13; 1თს. 5:6—11; ეფ. 5:15—20).