გამგებლობა
საქმის მართვა, მართვის სისტემა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს გარკვეული პასუხისმგებლობის შესრულებას და დასახული მიზნის მიღწევას.
ებრაული სიტყვა ფეკუდდაჰ, რომელიც 1 მატიანის 26:30-ში ნათარგმნია როგორც „განაგებდნენ“, ნაწარმოებია ფუძიდან ფაკად, რომელიც ნიშნავს ვინმესთან მისვლას, ყურადღების მიპყრობას (მსჯ. 15:1; ფს. 65:9). ფეკუდდაჰ აგრეთვე ითარგმნება როგორც ზრუნვა, მეთვალყურეობა, ზედამხედველობა (რც. 3:32; შდრ. 2მფ. 11:18; იხ. ზედამხედველი).
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე ღმერთმა სრულყოფილ ადამიანს დაავალა, ეზრუნა დედამიწაზე და მასზე მცხოვრები ქმნილებები დაემორჩილებინა (დბ. 1:26—28). მას შემდეგ, რაც ადამიანი ღმერთს ეურჩა, ჩამოყალიბდა პატრიარქალური წყობილება. ამ წყობილებამ განსაკუთრებით წარღვნის შემდეგ მოიკიდა ფეხი. პატრიარქები არეგულირებდნენ საყოფაცხოვრებო თუ ქონებრივ საკითხებს და ადგენდნენ ქცევის ნორმებს.
უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის დროს ისრაელი ერის საქმეებს ღვთის ნებისამებრ მოსე განაგებდა. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რა არის კარგი გამგებლობა, რაშიც სანდო პირებისთვის უფლებამოსილების გადანაწილებაც იგულისხმება (გმ. 18:19—26). სამღვდელო პირებს შორის გამგებლობის მთავარი პასუხისმგებლობა მღვდელმთავარს ეკისრებოდა (რც. 3:5—10). მაგრამ ზედამხედველობა და მეთვალყურეობა მსახურების სხვადასხვა სფეროში სხვებსაც ევალებოდათ (რც. 3:25, 26, 30—32, 36, 37; 4:16). აღთქმულ მიწაზე ისრაელის შესვლის შემდეგ ქვეყანას ღვთის ხელმძღვანელობით მსაჯულები განაგებდნენ (მსჯ. 2:16, 18; რთ. 1:1).
ისრაელის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ მართვის სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწა. დავითის მეფობის დროს მმართველობის სტრუქტურაში მკვეთრად გამოიკვეთა სხვადასხვა პასუხისმგებლობა. იყვნენ უშუალოდ მეფეს დაქვემდებარებული მოხელეები და სხვა უფლებამოსილი პირები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მხარეს განაგებდნენ (1მტ. 26:29—32; 27:1, 16—22, 25—34). დავითის მეფობის დროს სამღვდელოებაც საგულდაგულოდ იყო ორგანიზებული. მეფე დავითმა დააყენა კარავში შესასრულებელი მსახურების მეთვალყურეები, მთავრები, მსაჯულები, კარიბჭის მცველები, მომღერლები და მუსიკოსები; მღვდლებისგან ჩამოაყალიბა 24 ჯგუფი, რომლებიც კარავში იმსახურებდნენ (1მტ. 23:1—5; 24:1—19). სოლომონმა მართვის სისტემა უფრო გააფართოვა. მის ეფექტურობაზე შესანიშნავად მოწმობს ის, თუ როგორ გაეწია ორგანიზება ტაძრის მშენებლობას (1მფ. 4:1—7, 26, 27; 5:13—18).
მართვის რთული სისტემა სხვა ერებსაც ჰქონდათ. ეს კარგად ჩანს იმ მოხელეთა ჩამონათვალიდან, რომლებიც მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ოქროს ქანდაკების მიძღვნას ესწრებოდნენ (დნ. 3:2, 3). დანიელი ბაბილონის სამთავროს მმართველად (არამ.-დან შელეტ) დანიშნეს, მას დაუქვემდებარეს შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო, რომლებსაც სამოქალაქო საქმეები (არამ.ʽავიდაჰ) ჩააბარეს (დნ. 2:48, 49).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ხშირად განიხილება დაკისრებული უფლებამოსილების მართებულად გამოყენების საკითხი და იმ ზედამხედველების პასუხისმგებლობა, რომლებიც ზრუნავენ ღვთის ხალხს შორის ღვთის ნების სათანადოდ შესრულებაზე. ამიტომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არაერთხელ მახვილდება ყურადღება მმართველობასა და ზედამხედველობაზე (ლკ. 16:2—4; 1კრ. 9:17; ეფ. 3:2; კლ. 1:25; ტიტ. 1:7). ბიბლიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ პირებს აკისრიათ ღვთის წინაშე (ფს. 109:8; სქ. 1:20), თუმცა არც დაქვემდებარებულთა ინტერესებია უყურადღებოდ დატოვებული (1პტ. 4:10; იხ. სახლის მმართველი).
რა იგულისხმება გამგებლობაში, რომელიც ღმერთმა ახ. წ. 33 წელს აამოქმედა?
ღმერთმა წყალობა გამოავლინა და გადაწყვიტა, „განეგო [ბერძ. ეკონომიან, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ოჯახის გაძღოლას] დანიშნული დროების გასრულებიდან“, ანუ ქრისტეში კვლავ მოეყარა თავი ყველაფრისთვის, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა (ეფ. 1:10; ლკ. 12:42). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ღმერთმა დაიწყო „გამგებლობა“ (ანუ საქმის მართვა), რათა მისი ყველა გონიერი ქმნილება გაერთიანდეს. გამგებლობის პირველ ეტაპზე ღმერთი კვლავ თავს უყრის „ყველაფერს, რაც ზეცაშია“, ანუ აყალიბებს სამეფოს მემკვიდრეთა კრებას, რომლებიც ზეცაში იცხოვრებენ თავიანთ სულიერ წინამძღოლთან, იესო ქრისტესთან ერთად (რმ. 8:16, 17; ეფ. 1:11; 1პტ. 1:4). გამგებლობის მეორე ეტაპზე ის თავს უყრის ყველაფერს, „რაც დედამიწაზეა“, ანუ აყალიბებს საზოგადოებას, რომელიც სამოთხედქცეულ დედამიწაზე იცხოვრებს (ინ. 10:16; გმც. 7:9, 10; 21:3, 4).