გამოსყიდვა
ბიბლიაში სიტყვა „გამოსყიდვა“, ძირითადად, ცოდვების გამოსყიდვასთან გამოიყენება. ებრაულ წერილებში გამოსყიდვის აღმნიშვნელი სიტყვები ბევრჯერ გვხვდება, განსაკუთრებით „ლევიანებსა“ და „რიცხვებში“. „გამოსყიდვად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ქაფარ, შესაძლოა, თავიდან დაფარვას ნიშნავდა, თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ მისი მნიშვნელობა „წაშლა“ იყო.
გამოსყიდვის აუცილებლობა. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო ადამიანს გამოსყიდვა სჭირდება (1მფ. 8:46; ფს. 51:5; ეკ. 7:20; რმ. 3:23). ცოდვა ადამიანის, და არა ღვთის, მიზეზით შემოვიდა ქვეყნიერებაში (კნ. 32:4, 5). ადამმა მარადიული სიცოცხლე და სრულყოფილება დაკარგა და შთამომავლებს ცოდვა და სიკვდილი უანდერძა (რმ. 5:12). ამგვარად, მისი შთამომავლები სიკვდილს დაექვემდებარნენ. ღვთის სამართლიანი პრინციპის თანახმად (მოგვიანებით მოსეს კანონში ჩაიწერა), კერძოდ, „სულის სანაცვლოდ სული“, ადამის მიერ დაკარგულის ასანაზღაურებლად უნდა გაღებულიყო ზუსტი გამოსასყიდი, რათა კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცემოდა (კნ. 19:21).
ბიბლიაში სიტყვა „გამოსყიდვის“ ძირითადი მნიშვნელობაა „დაფარვა“ ან „გაცვლა“. ის, რაც გამოსყიდვისთვის იქნება გაღებული, გამოსასყიდის ზუსტი ეკვივალენტი უნდა იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაკარგული შესაბამისი გამოსასყიდით უნდა ანაზღაურდეს, ანუ არც მეტი უნდა იყოს და არც ნაკლები. ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანი ვერ გამოისყიდდა მთელ კაცობრიობას ან თუნდაც ერთ ადამიანს და ვერ დაუბრუნებდა სრულყოფილებას (ფს. 49:7, 8). ადამის მიერ დაკარგულის ასანაზღაურებლად საჭირო იყო ცოდვის შესაწირავი — სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე, რომელიც დაკარგულის ზუსტი ეკვივალენტი იქნებოდა.
იეჰოვამ ისრაელებს დაუდგინა გამოსყიდვის წესი, რომელიც უფრო დიდებული გამოსყიდვის პირველსახე იყო. სწორედ იეჰოვამ, და არა ადამიანმა, განსაზღვრა და გაამჟღავნა, როგორ მოხდებოდა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამოსყიდვა და სიკვდილის სასჯელისგან გათავისუფლება.
გამოსყიდვისთვის განკუთვნილი შესაწირავები. ღვთის მითითებით გამოსყიდვის წესის შესასრულებლად ისრაელებს ცოდვის შესაწირავები უნდა გაეღოთ (გმ. 29:36; ლვ. 4:20). განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ყოველწლიურ გამოსყიდვის დღეს, როცა მღვდელმთავარი გამოსყიდვის წესის შესასრულებლად ცხოველურ შესაწირავებს სწირავდა საკუთარი თავისთვის, სხვა ლევიანებისა და ისრაელის არასამღვდელო ტომებისთვის (ლვ. 16). შესაწირი ცხოველები უნაკლო უნდა ყოფილიყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მომავალში სრულყოფილი შესაწირავი უნდა გაღებულიყო. გამოსყიდვისთვის სისხლი უნდა დაღვრილიყო, რაც იმაზე მოწმობდა, რომ ეს ძვირფასი ძღვენი იყო (ლვ. 17:11). გაღებული ცოდვის შესაწირავები და ყოველწლიური გამოსყიდვის დღის თავისებურებანი ისრაელებს დააფიქრებდა, რამდენად მძიმე იყო მათი მდგომარეობა და რამდენად სჭირდებოდათ სრული გამოსყიდვა. მაგრამ ცხოველური შესაწირავი სრულად ვერ გამოისყიდდა ადამიანის ცოდვას, რადგან ადამიანები ცხოველებზე მაღლა დგანან და მათზე ბატონობის უფლება აქვთ (დბ. 1:28; ფს. 8:4—8; ებ. 10:1—4; იხ. გამოსყიდვის დღე; შესაწირავები).
იესო ქრისტეს მსხვერპლი. ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა ცოდვები სრულად იესო ქრისტემ გამოისყიდა. მან შეასრულა მოსეს კანონში მოცემული წინასწარმეტყველური მნიშვნელობის ყველა ნიმუში. კანონით გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავები სწორედ მასზე მიუთითებდა. იესომ, სრულყოფილმა და უცოდველმა ადამიანმა, ადამის ყველა შთამომავლისთვის გაიღო ცოდვის შესაწირავი, რის წყალობითაც ისინი საბოლოოდ გათავისუფლდებიან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისგან (2კრ. 5:21). ქრისტემ „სამუდამოდ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის“ (ებ. 10:12). უდავოდ, ის არის „ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი“ (ინ. 1:29, 36; 1კრ. 5:7; გმც. 5:12; 13:8; შდრ. ეს. 53:7). სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება (ებ. 9:22), ამიტომ ბიბლია სინათლეში მავალ ქრისტიანებს არწმუნებს, რომ ღვთის ძის, იესოს სისხლი წმენდს „ყოველგვარი ცოდვისგან“ (1ინ. 1:7; ებ. 9:13, 14; გმც. 1:5).
ცოდვის შესაწირავი იესოს მიერ მსხვერპლად გაღებულ სრულყოფილ სიცოცხლეს განასახიერებდა. ეს იყო კაცობრიობის გამოსასყიდად გაღებული უდიდესი ფასი, რაც მათ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისგან ათავისუფლებს (ტიტ. 2:13, 14; ებ. 2:9). თავად ქრისტემ თქვა: „კაცის ძეც ხომ არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად [ბერძ. ლიტრონ]“ (მრ. 10:45; იხ. გამოსასყიდი). იესო სრულყოფილი იყო და ზუსტად შეესაბამებოდა ადამს ცოდვამდე, ამიტომ მისმა მსხვერპლმა სრულად გამოისყიდა ის, რაც ცოდვილმა ადამმა დაკარგა (1ტმ. 2:5, 6; ეფ. 1:7).
შესაძლებელი გახდა შერიგება. იეჰოვა არ იწონებს ცოდვას, ამიტომაც აშორებს ცოდვა ადამიანს ღვთისგან. ადამიანსა და მის შემოქმედს შორის გაჩენილი ბზარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამთელდება, თუ ღვთის სამართლიანი მოთხოვნის შესაბამისად ცოდვის სრულად „დაფარვა“ ანუ გამოსყიდვა მოხდება (ეს. 59:2; აბკ. 1:13; ეფ. 2:3). იეჰოვა ღმერთმა სრულყოფილი კაცის, იესო ქრისტეს მეშვეობით გახადა შესაძლებელი ცოდვილი კაცობრიობის შერიგება. პავლე მოციქულმა დაწერა: „ვხარობთ კიდეც ღმერთში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, ვისი მეშვეობითაც ახლა მივიღეთ შერიგება“ (რმ. 5:11; იხ. შერიგება). იეჰოვას კეთილგანწყობის მისაღებად უნდა ვისარგებლოთ ღვთის ღონისძიებით, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით მასთან შერიგებას ითვალისწინებს. მხოლოდ ასე შეგვიძლია მივაღწიოთ ისეთ მდგომარეობას, როგორიც ადამს ცოდვამდე ჰქონდა. შერიგების შესაძლებლობა ღვთის სიყვარულზე მოწმობს (რმ. 5:6—10).
შერიგება აკმაყოფილებს ღვთის სამართლის ნორმებს. ღვთის სამართლის ნორმების დაკმაყოფილება აუცილებელი იყო. ადამიანი თავიდან სრულყოფილი იყო, მაგრამ ცოდვის გამო დაკარგა სრულყოფილება; შედეგად, ადამსა და მის შთამომავლებს ღვთისგან მსჯავრი დაედოთ. სამართლიანობის პრინციპების ერთგულება მოითხოვდა, რომ ღმერთს თავისი კანონის თანახმად დაესაჯა ურჩი ადამი. მაგრამ სიყვარულით აღძრულმა ღმერთმა შეიმუშავა ღონისძიება, რომელიც ჩანაცვლებას ითვალისწინებდა, დააკმაყოფილებდა მისი სამართლის ნორმებს და ცოდვილი ადამის მომნანიებელ შთამომავლებს სამართლიანობის პრინციპების დაურღვევლად ცოდვების პატიებისა და ღმერთთან მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობას მისცემდა (კლ. 1:19—23). ამ მიზნით იეჰოვამ „გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“ (1ინ. 4:10; ებ. 2:17). შერიგება მშვიდობის აღდგენას ემსახურება. იესოს შერიგების მსხვერპლი ღმერთს შესაძლებლობას აძლევს, აღარ განსაჯოს ადამიანი და მისდამი კეთილგანწყობა და წყალობა გამოავლინოს. სულიერი ისრაელი თუ სხვები, რომლებიც შერიგების მსხვერპლით სარგებლობენ, გათავისუფლდებიან ცოდვისა და სიკვდილის მსჯავრისგან (1ინ. 2:1, 2; რმ. 6:23).
გამოსყიდვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ბიბლიური მუხლიდან კარგად ჩანს ჩანაცვლების იდეა. მაგალითად, პავლემ აღნიშნა, რომ „ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა წმინდა წერილების თანახმად“ (1კრ. 15:3) და «ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან — თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული“» (გლ. 3:13; კნ. 21:23). პეტრემ კი დაწერა: «მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“» (1პტ. 2:24; ეს. 53:5). მან აგრეთვე თქვა: „ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მიეყვანეთ“ (1პტ. 3:18).
რწმენაა საჭირო. ადამიანთა ცოდვების სრულად გამოსყიდვა ღვთისა და ქრისტეს სიყვარულზე მეტყველებს (ინ. 3:16; რმ. 8:32; 1ინ. 3:16). გამოსყიდვით რომ ისარგებლოს, ადამიანმა მთელი გულით უნდა მოინანიოს და რწმენა გამოავლინოს. იეჰოვა არ იწონებდა იუდას მსხვერპლს არასწორი მოტივების გამო (ეს. 1:10—17). „ღმერთმა შერიგების შესაწირავად დაადგინა ის [ქრისტე] და ეს შერიგება მისი სისხლისადმი რწმენით არის შესაძლებელი“ (რმ. 3:21—26). მხოლოდ ის მოიპოვებს ხსნას, ვისაც სწამს, რომ იესო ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს (სქ. 4:12). მაგრამ, „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის, არამედ სასამართლოს შიშის მომგვრელი მოლოდინი“ (ებ. 10:26—31).