ქალახი
ნიმროდის მიერ დაარსებული ქალაქი ასურეთში; იგი ნაწილი იყო „ერთი დიდი ქალაქის“, რომელიც შემდეგი ქალაქებისგან შედგებოდა: ნინევე, ქალახი, რესენი და რეხობოთ-ირი. ბოლო სამი ქალაქი, როგორც ჩანს, ნინევეს მახლობლად მდებარეობდა (დბ. 10:9—12). ლურსმული დამწერლობით შესრულებულ ასურულ წარწერებში ქალახი მოხსენიებულია როგორც კალხუ. ასურეთის იმპერიაში ის ნინევესა და აშურთან ერთად ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო. ქალახი ნინევეს სამხრ.-სამხრ.-აღმ.-ით დაახლოებით 35 კმ-ში მდებარეობდა, იმ ადგილის ჩრდ.-აღმ.-ით, სადაც მდინარე ტიგროსს დიდი ზაბი ერთვის. ამ ადგილს დღეს ნიმრუდი ეწოდება. ამ სახელწოდებამ უძველესი ქალაქის დამფუძნებლის სახელი შემოინახა.
ასურნასირფალ II (ძვ. წ. მე-9 ს.) აცხადებდა, რომ დანგრეული ქალახი მან აღადგინა და თავისი სამეფოს დედაქალაქად აქცია; ააშენა მრავალკოშკიანი მასიური გალავანი, ააგო სამეფო სასახლე და ტაძრები, მათ შორის დაახლოებით 38 მ-იანი ზიკურათი (საკულტო კოშკი). კვლევები ადასტურებს, რომ ქალაქის ფართობი დაახლოებით 358 ჰა იყო და იქ მხოლოდ სასახლეებს, ტაძრებს და სახლებს კი არა, ყვავილნარებსა და ხილნარებსაც ნახავდით, რომლებიც მდინარე ზაბიდან შემოყვანილი არხით ირწყვებოდა. როგორც ცნობილია, ახალი დედაქალაქის მშენებლობის დასრულების შემდეგ ასურბანიფალის მიერ გამართულ წვეულებას ქალაქის მთელი მოსახლეობა და მოწვეული დიდებულები — მთლიანობაში 69 574 ადამიანი — ესწრებოდნენ.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქალახის ნანგრევებს შორის მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ასურული ხელოვნების ნიმუშებია აღმოჩენილი: კოლოსალური ფრთოსანი ლომები ადამიანის თავით, ფრთოსანი ხარები, სასახლის კედლებზე გამოყვანილი უზარმაზარი ბარელიეფები და სპილოს ძვლისგან დამზადებული უამრავი ლამაზი ნივთი. აღმოჩენილია აგრეთვე ასურნასირფალის კარგად შენახული ქანდაკება და სალმანასარ III-ის „შავი ობელისკის“ სახელით ცნობილი ქვა, რომელზეც ისრაელის მეფე იეჰუ ასურეთის მოხარკე მეფედაა მოხსენიებული (იხ. სალმანასარი №1).
ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ სხვა სამეფო ქალაქებთან ერთად ქალახიც განადგურდა.