ᲙᲔᲓᲠᲘᲡ ᲮᲔ
(ებრ., ერეზ).
კედრის ხეები, განსაკუთრებით ლიბანის კედრები, საყოველთაოდ ცნობილი იყო ბიბლიურ დროში და ხშირად მოიხსენიება სოლომონის მიერ ტაძრის მშენებლობის კონტექსტში.
ლიბანის კედარი (Cedrus libani) დიდებული, მასიური ხეა, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს მიწაში გადგმული. ადრე ლიბანის მთები დაფარული იყო ასეთი კედრების დიდი ტყეებით, მაგრამ დღეს მხოლოდ რამდენიმე ადგილას შემორჩა არცთუ ისე დიდი კორომები. ეს გამოიწვია ხეების უკონტროლო ჭრამ და მათი სათანადო დაცვისა და განაშენიანების არარსებობამ. ეჭვგარეშეა, ომებმაც თავისი წვლილი შეიტანა მათ განადგურებაში (ეს. 14:5—8). მიუხედავად ამისა, შემორჩენილი ხეები დღესაც დიდებულ სანახაობას წარმოადგენს (შდრ. ქბ. 5:15).
ზოგი კედარი სიმაღლეში 37 მეტრს აღწევს და მთავარი ღეროს დიამეტრი შესაძლოა 12 მეტრი იყოს. გრძელი, ფართო ტოტები, რომლებიც ხის ღეროდან ჰორიზონტალურად იშლება, დიამეტრში შეიძლება 60-დან 90 მეტრამდე აღწევდეს. ახალგაზრდა ხეებს ვარჯი ჩვეულებრივ კონუსის ფორმის აქვს, მაგრამ ზრდასთან ერთად მისი ზედა ნაწილი შედარებით ბრტყელ ფორმას იღებს. კედრის ვარჯი შედგება ცალკეული ჰორიზონტალური იარუსებისგან (არ არის გადახლართული). 13 მმ-მდე სიგრძის ხასხასა მწვანე წიწვები კონებად იზრდება. ღია ყავისფერი გირჩები გამოყოფენ სურნელოვან ფისს. მერქანი მოწითალო-მოყავისფრო ფერისაა და ქერცლისებური. ასაკის მატებასთან ერთად ხის ღეროზე კოჟრები ჩნდება.
კედრის ხის მასალა თბილი მოწითალო შეფერილობისაა და თითქმის არა აქვს კოჟრები. ის ძვირფას საშენ მასალას წარმოადგენს თავისი სილამაზის, სურნელის, გამძლეობისა და მწერებისადმი მდგრადობის გამო (ქბ. 1:17; 4:11). ფინიკიელი გემთმშენებლები მას ანძების დასამზადებლად იყენებდნენ (ეზკ. 27:5). ტვიროსის მეფე ხირამმა დავითს ხალხი და მასალა გაუგზავნა, რათა იერუსალიმში დავითისთვის „კედრის სასახლე“ აეშენებინათ (2სმ. 5:11; 7:2; 2მტ. 2:3). მოგვიანებით სოლომონმა კედარი ტაძრის ასაშენებლად გამოიყენა; მისგან დაამზადეს კოჭები (1მფ. 6:9), რითაც გადახურეს საკმევლის დასაწვავი სამსხვერპლო (1მფ. 6:20); ტაძარიც შიგნიდან მთლიანად კედრის ფიცრებით იყო მოპირკეთებული ისე, რომ „ქვა არ ჩანდა“ (1მფ. 6:15—18). მოგვიანებით აგებულ „ლიბანის ტყის სახლს“, სავარაუდოდ, იმიტომ ეწოდა ეს სახელი, რომ კედრის 45 სვეტი ჰქონდა (1მფ. 7:2, 3). კედარი აგრეთვე გამოყენებული იყო სატახტო დარბაზისა და ტაძრის შიდა ეზოს მოსაპირკეთებლად (1მფ. 7:7—12).
კედრის ხის მასალის ფართო გამოყენების გამო საჭირო იყო ათასობით მუშახელი ხეების მოსაჭრელად, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ტვიროსში ან სიდონში მათ წასაღებად, ტივებად შესაკრავად და, სავარაუდოდ, იოპემდე სანაპიროს გასწვრივ წყალდაწყალ ჩასატანად. იქიდან მასალა სახმელეთო გზით იერუსალიმში მიჰქონდათ. ეს სამუშაოები სრულდებოდა სოლომონსა და ხირამს შორის დადებული შეთანხმების შესაბამისად (1მფ. 5:6—18; 2მტ. 2:3—10). ქვეყანაში კედრის მასალის შეტანა არ წყდებოდა და იმდენად ბევრი იყო, რომ თავისი მმართველობის დროს სოლომონმა კედრის ხის მასალა სიკომოროს ხეს გაუთანაბრა (1მფ. 10:27; შდრ. ეს. 9:9, 10).
ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ისრაელებმა კვლავ დაიწყეს ლიბანიდან კედრის მასალის მიღება, რომელსაც ისინი ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის იყენებდნენ (ეზრ. 3:7).
სიმბოლური მნიშვნელობა. წმინდა წერილებში დიდებული კედარი სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება ნამდვილი ან წარმოსახვითი ძლევამოსილების, წარმოსადეგობისა და ძალის გამოსახატავად (ეზკ. 31:2—14; ამ. 2:9; ზქ. 11:1, 2). ამგვარად, იუდას მეფე ამაციასთვის პასუხის გაცემისას ისრაელის მეფე იეჰოაშმა შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ამაციას სამეფო „ეკლიან სარეველას“ შეადარა, თავისი სამეფო კი — ლიბანის ძლიერ კედარს (2მფ. 14:9; შდრ. მსჯ 9:15, 20). კედარი მხატვრული ენითაა აღწერილი ეზეკიელის იგავში (თავი 17), სადაც იუდას მეფე და მთავრები ლიბანის კედრის კენწეროს არიან შედარებული, რომლებიც ბაბილონში წაიყვანეს (ეზკ. 17:1—4, 12, 13). შემდეგ მესია წინასწარმეტყველური ენით შედარებულია კედრის ზედა ტოტების ყლორტს, რომელსაც იეჰოვა მაღალ მთაზე რგავს (ეზკ. 17:22—24; შდრ. ეს. 11:1; იერ. 23:5; 33:15; ფს. 2:6; გმც. 14:1; დნ. 4:17).
აშკარაა, რომ კედრის ხეში, რომელსაც ისრაელები უდაბნოში იყენებდნენ, ლიბანის კედარი არ იგულისხმებოდა. ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო წითელი ღვია (Juniperus oxycedrus) ან წითელნაყოფა ღვია (Juniperus phoenicia); ორივე ფართოდ იყო გავრცელებული სინაის ნახევარკუნძულის უდაბურ რეგიონში. განწმენდის გარკვეულ რიტუალებში კედრის ხის ტოტები შესაძლოა იმიტომ გამოიყენებოდა, რომ კედარი ცნობილია ლპობისადმი თავისი გამძლეობით და ლპობის ან დაავადებებისგან გათავისუფლების შესაფერის სიმბოლოს წარმოადგენდა (ლვ. 14:2—7, 49—53; რც. 19:6).
კედარი შეიძლება ასიმბოლოებდა როგორც უარყოფითს, ისე დადებითს. ის იუდას სიმდიდრის მოყვარული მეფეების ორგულობის მაჩვენებელი და მათი პატივმოყვარეობისა და ვითომდა უსაფრთხოების სიმბოლო გახდა (იერ. 22:13—15, 23; ეს. 2:11—13). ამასთან ერთად, მყარად ფესვგადგმული კედარი შედარებულია მართალ ადამიანთან, რომელიც წარმატებულია თავის გზაზე (ფს. 92:12, ეს. 61:3 შეადარეთ ფს. 104:16-ს). ასე რომ, იეჰოვა თავისი ძალით „ამტვრევს ლიბანის კედრებს“ და „ხბოსავით აკუნტრუშებს ლიბანს“ (ფს. 29:4—6). ის აგრეთვე წინასწარმეტყველებს დროზე, როდესაც კედარს უდაბურ ადგილებშიც გაზრდის (ეს. 41:19, 20) და კედარი იქნება იმ ხეებს შორის, რომლებიც სხვა ქმნილებების მსგავსად, ხოტბას შეასხამს მის დიდებულ სახელს (ფს. 148:9, 13).