ᲥᲔᲑᲐᲠᲘ
[ბაბილ-დან, ნიშნავს დიდ [არხს]] — მდინარე ქალდეველთა მიწაზე, რომლის მახლობლად მდებარე თელ-აბიბში ებრაელები გადაასახლეს (ეზკ. 1:1—3; 3:15). ეზეკიელმა „მდინარე ქებართან“ მიმართებით გამოიყენა ებრაული სიტყვა ნაჰარ (ნათარგმნია როგორც „მდინარე“). როგორც ჩანს, აქ ეს სიტყვა მისი ყველაზე ფართო მნიშვნელობითაა გამოყენებული და მიუთითებს იმ უამრავ არხზე, რომელიც ერთ დროს მდინარე ევფრატისა და ტიგროსის ქვედა დინებებს შორის მოქცეულ ნაყოფიერ ველს კვეთდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვის შესაბამისი ბაბილონური სიტყვაც მდინარის ან არხის მნიშვნელობას ატარებს. ქებარის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
გეოგრაფთა უმეტესობის აზრით, რომლებიც ბიბლიურ მიწებს იკვლევენ, მდინარე ქებარი თანამედროვე შატ-ენ-ნილია, რომელსაც ნარუ კაბარუსთან (ანუ „დიდი არხი“) აიგივებენ. ამ არხს იხსენიებს ფილებზე ლურსმული დამწერლობით შესრულებული ხელშეკრულებები, რომელთაც ბაბილონის სამხრ.-აღმ-ით დაახლოებით 85 კმ-ში მდებარე ქალაქ ნიფურში მიაკვლიეს. ბაბილონის ჩრდილოეთით შატ-ენ-ნილი მდინარე ევფრატს გამოეყოფა და სამხრ.-აღმ-ით მიედინება; გვერდს უვლის ქალაქ ნიფურს და ბაბილონიდან 240 კმ-ში, ურის სამხრეთით, კვლავ მდინარე ევფრატს უერთდება.
ეზეკიელმა პირველი ხილვა, რომლის შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ, ძვ. წ. 613 წელს, მდინარე ქებარის სიახლოვეს, თელ-აბიბში, იხილა. ნანახით ის შვიდ დღეს იყო გაოგნებული. თელ-აბიბშივე დაადგინა ეზეკიელი იეჰოვამ „ისრაელის სახლის გუშაგად“ (ეზკ. 1:1—3:21). მოგვიანებით ნანახი მსგავსი ხილვები წინასწარმეტყველს მდინარე ქებართან ნანახ ხილვას ახსენებდა (ეზკ. 10:15, 20, 22; 43:3).