გამოსვლა (ბიბლიის წიგნი)
ხუთწიგნეულის მეორე წიგნი, რომელიც მოსეს მეორე წიგნადაც არის ცნობილი. მისი ებრაული სახელწოდებაა შემოთ („სახელები“) და მომდინარეობს ამ წიგნის პირველივე სიტყვებიდან ვეʼელლე შემოთ („ეს არის ... სახელები“). წიგნის ქართული სახელწოდება ნათარგმნია ბერძნული სეპტუაგინტიდან, სადაც მას ეწოდება ექსოდოს, რაც გამოსვლას ანუ ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლას ნიშნავს.
ეს წიგნი „დაბადების“ გაგრძელებაა, რასაც ცხადყოფს ორიგინალში „და“ კავშირით წიგნის დაწყება, ასევე იაკობის ვაჟების სახელები, რომლებიც დაბადების 46:8—27-ში მოყვანილი სრული ჩამონათვალიდან არის აღებული. ის დაიწერა ძვ. წ. 1512 წელს, ისრაელების მიერ ეგვიპტის დატოვებიდან და სინას უდაბნოში დაბანაკებიდან ერთი წლის შემდეგ. წიგნი მოიცავს 145-წლიან პერიოდს ძვ. წ. 1657 წელს იოსების სიკვდილიდან ძვ. წ. 1512 წელს კარვის აგებამდე.
დამწერი. „გამოსვლა“ რომ მოსეს დაწერილია, ებრაელებს ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებიათ. წიგნში გამოყენებულია ეგვიპტური ფრაზები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დამწერი მოვლენების თვითმხილველი იყო და არა გვიანდელ ეპოქაში მცხოვრები ებრაელი.
სიზუსტე და უტყუარობა. წიგნის დამწერი „კარგად იცნობდა ძველ ეგვიპტეს. მაგალითად, იცოდა, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ეგვიპტელებს უცხოელების მიმართ (გამოყოფილნი იყვნენ მათგან, თუმცა უფლებას აძლევდნენ, მათ ქვეყანაში ეცხოვრათ; განსაკუთრებით სძულდათ მეცხვარეები; ეჭვი ჰქონდათ, რომ პალესტინიდან ჩასული უცხოელები მზვერავები იყვნენ), როგორ განაგებდნენ ქვეყანას, მათი მყარი სახელმწიფოებრიობა, მეფის ძალაუფლება, ქურუმების გავლენა, მათი დიდებული საქმეები, მშენებლობაზე უცხოელების გამოყენება, აგურების გამოყენება ... ნამჯანარევი აგურები ... მუშათა მეთვალყურეები, მიცვალებულთა ბალზამირება, ამ მიზნით სურნელოვანი მცენარეების იმპორტირება ... ძლიერი გლოვა ... ბრძოლაში ცხენებისა და ეტლების გამოყენება. ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მრავალი ფაქტიდან, რომლებიც ცხადყოფს, რომ ხუთწიგნეულის ავტორი კარგად იცნობდა ეგვიპტელთა წეს-ჩვეულებებს“ (The Historical Evidences of the Truth of the Scripture Records, ჯორჯ როულინსონი, 1862, გვ. 290, 291).
საკამათო გახდა წიგნის ის მონაკვეთი, სადაც საუბარია, რომ ფარაონის ასული მდინარე ნილოსში ბანაობდა (გმ. 2:5). თუმცა ჰეროდოტეს სიტყვების თანახმად, ძველ ეგვიპტეში მცხოვრებ ქალებს ეს არ ეკრძალებოდათ, რასაც სხვა ისტორიული ძეგლებიც ადასტურებს (II, 35). ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ნილოსის წყლებს უდიდესი კეთილმოქმედი ძალა ჰქონდა. დროდადრო ფარაონი მდინარესთან მიდიოდა, როგორც ჩანს, თაყვანისცემის მიზნით. ათი სასჯელის დროს მოსე სულ მცირე ორჯერ მაინც შეხვდა ფარაონს ამ მდინარის პირას (გმ. 7:15; 8:20).
ეგვიპტეში ისრაელების ცხოვრების შესახებ ნივთიერი მტკიცებების არარსებობა გასაკვირი არ არის, რადგან, როგორც ეს იქ აღმოჩენილი ძეგლების შესწავლის შედეგად ხდება ცნობილი, ეგვიპტელები არ აკეთებდნენ მათთვის არასახარბიელო ჩანაწერებს. თუმცა ნებისმიერ ნივთიერ მტკიცებაზე უფრო ძლიერი მტკიცება ის არის, რომ ებრაელები ეგვიპტიდან გამოსვლის აღსანიშნავად დღემდე ზეიმობენ პასექის დღესასწაულს.
მყარი საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ წიგნ „გამოსვლის“ მონათხრობი ისტორიულად ზუსტია. უესტკოტისა და ჰორტის ნაშრომის თანახმად, იესომ და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა ასზე მეტი ციტატა თუ მინიშნება მოიყვანეს წიგნ „გამოსვლიდან“. წიგნის უტყუარობას ადასტურებს მისი ავტორის, მოსეს პატიოსნებაც. მან გულწრფელად დაწერა, რომ სისუსტეები ჰქონდა, თავიდან მერყეობდა და შეცდომებს უშვებდა; ის საკუთარ დამსახურებად არ თვლიდა სასწაულებს, თავის წინამძღოლობასა და ხალხისთვის ორგანიზების გაწევის უნარს, თუმცა განდიდებული იყო ეგვიპტელების თვალში და ისრაელებიც, ძირითადად, დიდ პატივს სცემდნენ მას (გმ. 11:3; 3:10—12; 4:10—16).
ისრაელის ეგვიპტეში ცხოვრებასა და იქიდან მის გამოსვლაში იეჰოვას ხელი ჩანდა. ძნელად თუ მოიძებნებოდა ისეთი ადგილი, სადაც ისრაელი ასე სწრაფად გამრავლდებოდა და დიდი ერი გახდებოდა. ისინი რომ ქანაანში დარჩენილიყვნენ, გამუდმებით იომებდნენ ქანაანელებთან, მაშინ როცა ზენიტში მყოფი პირველი მსოფლიო იმპერიის ტერიტორიაზე ისინი დაცულნი იყვნენ. ისინი ქვეყნის საუკეთესო მხარეში ცხოვრობდნენ, რაც ხელს უწყობდა მათ ჯანმრთელობას, ნაყოფიერებასა და, გარკვეულწილად, მათ ინტელექტუალურ განვითარებას.
მაგრამ ზნეობრივი და სულიერი თვალსაზრისით ეგვიპტე მათთვის იდეალური არ იყო. აგრეთვე არაფერი უწყობდა ხელს თეოკრატიული წყობილების ჩამოყალიბებასა და ისეთი სამღვდელოების ყოლას, რომელიც მსხვერპლშეწირვასა და ერის დასწავლების საქმეს შეასრულებდა. გარდა ამისა, დადგა დრო, რომ შესრულებულიყო აბრაამის შთამომავლებისთვის ქანაანის მიწის მიცემის შესახებ ღვთის დაპირება. ისრაელი უნდა ჩამოყალიბებულიყო უდიდეს ერად და იეჰოვა მათი მეფე უნდა ყოფილიყო. წიგნ „გამოსვლაში“ მოთხრობილია, რომ იეჰოვამ სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა (გმ. 15:13—21).
მკვდარი ზღვის ხელნაწერები. მკვდარ ზღვასთან ნაპოვნ ხელნაწერებს შორის 15 შეიცავს წიგნ „გამოსვლის“ ფრაგმენტებს. ერთ-ერთი ფრაგმენტი (4QExf) დათარიღებულია დაახლ. ძვ. წ. 250 წლით. მეცნიერების აზრით, ორი მათგანი ძვ. წ. მეორე ან მესამე საუკუნეს მიეკუთვნება. ისინი დაწერილია ძველებრაული ასოებით, რომლებიც ბაბილონში გადასახლებამდე გამოიყენებოდა.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები გამოსვლიდან
ეს არის იეჰოვას მიერ ისრაელის ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებისა და თეოკრატიულ ერად ჩამოყალიბების შესახებ მონათხრობი.
დაწერა მოსემ ძვ. წ. 1512 წელს, ისრაელის მიერ ეგვიპტის დატოვებიდან დაახლ. ერთი წლის შემდეგ.
ისრაელის სასტიკი მონობა ეგვიპტეში (1:1—3:1)
ფარაონის ბრძანებით ეგვიპტელებს ისრაელები უნდა დაემონებინათ. ბრძანების თანახმად, ყველა ახალშობილი ბიჭი უნდა მოეკლათ.
ფარაონის ქალიშვილი შვილად იყვანს მოსეს და ასე გადაარჩენს სიკვდილს; აღსაზრდელად მოსეს დედამისს აძლევენ.
მოსე კლავს მჩაგვრელ ეგვიპტელს, გარბის მიდიანში და ხდება მწყემსი.
იეჰოვა მოსეს ხელით ათავისუფლებს ისრაელს (3:2—15:21)
ალმოდებულ ბუჩქთან იეჰოვა ავალებს მოსეს, რომ იხსნას ისრაელი და ილაპარაკოს და იმოქმედოს იეჰოვას სახელით.
მოსე ბრუნდება ეგვიპტეში; აარონთან ერთად მიდის ფარაონთან, გადასცემს იეჰოვას სიტყვებს, რომ გაუშვას ისრაელი უდაბნოში მის თაყვანსაცემად. ფარაონი უარს ამბობს და უფრო მეტად ჩაგრავს ისრაელს.
იეჰოვა იმეორებს თავის დაპირებას, რომ იხსნის ისრაელს და მისცემს მათ ქანაანის მიწას, რაც მათ იეჰოვას სახელის მიმართ მოწიწებას უღრმავებს.
მოსე და აარონი ეგვიპტეს ათ სასჯელს უცხადებენ. პირველი სამი სასჯელის შემდეგ დანარჩენი სასჯელები მხოლოდ ეგვიპტელებს ატყდებათ. მეათე სასჯელის დროს იხოცება ეგვიპტელებისა და მათი ცხოველების მამრობითი სქესის ყველა პირმშო. ამ დროს ისრაელი პასექს ზეიმობს.
იეჰოვას ეგვიპტიდან გამოჰყავს ისრაელი, დღისით ღრუბლის სვეტით მიუძღვის, ღამით კი — ცეცხლის სვეტით. ის ყოფს წითელ ზღვას და ისინი მშრალ ფსკერზე მიდიან, შემდეგ ისრაელს გამოდევნებული ფარაონი და მისი ჯარი წყალში იხრჩობიან, რადგან შუა ზღვაში შეჰყვნენ მათ.
იეჰოვა თეოკრატიულ ერად აყალიბებს ისრაელს (15:22—40:38)
იეჰოვა უზრუნველყოფს მათ უდაბნოში სასმელი წყლით, ხორცითა და მანანით. მანანის მიცემის დროს წესდება შაბათი დღის დაცვა.
ითრო ურჩევს მოსეს, შესაფერისი მამაკაცები აირჩიოს დამხმარეებად, რომ მასთან ერთად გაუჩინონ სამართალი ისრაელს.
სინას მთასთან იეჰოვა მოუწოდებს ერს შეთანხმება დადოს მასთან. ისინი ნებაყოფლობით თანხმდებიან. იეჰოვა თავის შიშის მომგვრელ დიდებას ანახვებს მათ.
ის მოსეს მეშვეობით მათ ათ მცნებასა და სხვა კანონებს აძლევს.
კანონის შეთანხმების დადება ცხოველთა სისხლის დაღვრით ხდება. ხალხი ამბობს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა, და მორჩილები ვიქნებით“.
ღმერთი მითითებებს აძლევს კარვის აგებასთან, მის მოწყობილობებთან, მღვდლების სამოსელსა და სამღვდელოების დანიშვნასთან დაკავშირებით.
სინას მთაზე მოსეს ყოფნის დროს ისრაელი ოქროს ხბოს თაყვანისცემას იწყებს. მოსე ღვთის მიცემულ ქვის ფილებს ამტვრევს. ლევიანები ერთგულებას ინარჩუნებენ. დაახლ. 3 000 კერპთაყვანისმცემელს კლავენ.
მოსე იეჰოვას დიდებას ხედავს. ღმერთი თავის სახელს უცხადებს მას.
ნებაყოფლობითი შესაწირავებით კარავსა და მის მოწყობილობას აგებენ. ძვ. წ. 1512 წლის 1-ელ ნისანს კარავს შლიან და იეჰოვა თავის მოწონებას გამოხატავს.