ფესტუსი
[ლათ-დან, ნიშნავს საზეიმოს, მხიარულს]
იუდეის (რომის პროვინცია) გამგებელი ფელიქსის რომში გამოძახების შემდეგ (სქ. 24:27). უცნობია, თუ ზუსტად როდის შეიცვალნენ გამგებლები. ამ საკითხზე ცნობებს მხოლოდ ბიბლიაში და იოსებ ფლავიუსთან ვხვდებით, თუმცა არც ერთი ზემოხსენებული წყარო არაფერს ამბობს ნერონის მიერ ფესტუსის დანიშვნაზე. ამ საკითხის შესწავლით კრიტიკოსების ორი სკოლაა დაკავებული. ერთნი ფიქრობენ, რომ პორციუს ფესტუსი იუდეაში ახ. წ. 54 წლისთვის უნდა ჩასულიყო, მეორენი კი სავარაუდო თარიღად 61 წელს ასახელებენ. ისტორიკოსების აზრით, ეს 58—61 წლებში უნდა მომხდარიყო. იუდეის გამგებლად ფესტუსის დანიშვნის ყველაზე შესაფერისი თარიღი ახ. წ. 58 წელი უნდა იყოს, რაზეც რობერტ იანგის ნაშრომიც მეტყველებს (Analytical Concordance to the Bible, გვ. 342).
კესარეაში ჩასვლიდან მესამე დღეს ფესტუსი იერუსალიმში გაემგზავრა; როგორც ჩანს, მას სურდა, თავისი თვალით ენახა, რა უჭირდა ხალხს, რომლის მმართველიც უნდა გამხდარიყო. პავლე ამ დროს კესარეაში იმყოფებოდა, სადაც ფელიქსმა პატიმრობაში დატოვა. იუდეველმა უფროსმა მღვდლებმა და გავლენიანმა კაცებმა დრო არ დაკარგეს და პავლეს იერუსალიმში ჩაყვანა მოითხოვეს, რადგან სურდათ, გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. თუმცა ფესტუსმა პავლეს საქმის ხელახალი განხილვა მოიწადინა და ბრძანა, რომ ბრალმდებლები კესარეაში მისი სასამართლო ტახტის წინ წარმდგარიყვნენ. საქმის განხილვის შემდეგ ფესტუსი პავლეს უდანაშაულობაში დარწმუნდა და მოგვიანებით მეფე აგრიპა II-ს უთხრა: „მივხვდი, რომ მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილს იმსახურებდეს“ (სქ. 25:25). მანამდე ფესტუსმა იუდეველთა მომადლიერების მიზნით პავლეს ჰკითხა, გასასამართლებლად იერუსალიმში ხომ არ ისურვებდა წასვლას (სქ. 25:9), რაზეც პავლემ მიუგო: „მათ ჩემს თავს ვერავინ გადასცემს მათი გულის მოსაგებად. კეისართან ვასაჩივრებ!“ (სქ. 25:11).
ამის გამო ფესტუსი ახალი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. როდესაც აგრიპას უხსნიდა, რომ რომში ბრალდაუდებელი პატიმარი უნდა გაეგზავნა, მან აღნიშნა: „უგუნურებად მიმაჩნია, გავგზავნო პატიმარი და ბრალდებები არ ჩამოვწერო“ (სქ. 25:27). აგრიპამ ფესტუსს შესთავაზა, რომ თვითონ მოუსმენდა პავლეს და ამ საქმის მოგვარებას შეეცდებოდა. თავის დასაცავად პავლემ იმდენად მჭევრმეტყველური სიტყვა წარმოთქვა, რომ ფესტუსმა ხმამაღლა თქვა: „გაგიჟებულხარ, პავლე! მეტისმეტ წიგნიერებას ჭკუაზე შეუშლიხარ!“ (სქ. 26:24). ხოლო როდესაც აგრიპას მიმართა, მისი სიტყვებით მოხიბლულმა მეფემ უთხრა: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (სქ. 26:28). მოგვიანებით აგრიპამ ფესტუსთან საუბრისას აღნიშნა: „კეისართან რომ არ გაესაჩივრებინა, შეიძლებოდა მისი გათავისუფლება“. თუმცა პავლეს რომში წასვლა ღვთის ნება იყო, რადგან უფალს მისთვის ნათქვამი ჰქონდა: „გამაგრდი! . . რომშიც ისევე უნდა დაამოწმო“ (სქ. 23:11; 26:32).
თავისი დესპოტი წინამორბედის მმართველობის ხანისგან განსხვავებით ფესტუსის მმართველობის პერიოდი დადებითადაა შეფასებული. მან აღკვეთა სიკარიების სახელით ცნობილ მეამბოხეთა საქმიანობა, და სხვა სახითაც ცდილობდა დაეცვა რომაული კანონმდებლობა. თუმცა ფესტუსის მიერ მიღებული ერთი გადაწყვეტილება რომში გასაჩივრების შემდეგ რომმა გააუქმა. საქმის ვითარება ასეთი იყო: აგრიპამ თავისი სასადილო ოთახი ისე ააშენებინა, რომ პირდაპირ ტაძრის წმინდა ტერიტორიას გადაჰყურებდა. ხედი რომ დაეფარათ, იუდეველებმა კედელი ააგეს. ფესტუსმა ამ კედლის მოშლის ბრძანება გასცა, რადგან, მისი თქმით, ჯარისკაცებს დაკვირვების წარმოებაში ეშლებოდათ ხელი. იუდეველებმა ეს გადაწყვეტილება რომში გაასაჩივრეს, სადაც მათ კედლის დატოვების უფლება მისცეს. ფესტუსი სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა გამგებლის მოვალეობას, ხოლო მის შემდეგ მისი ადგილი ალბინუსმა დაიკავა.