ლიბანის ტყის სახლი
იმ სამთავრობო შენობათა კომპლექსის ნაწილი, რომლებიც იერუსალიმის ტაძრის აგების შემდეგ 13-წლიანი სამშენებლო პროექტის დროს მეფე სოლომონმა ააშენა (ძვ. წ. 1027—1014). როგორც ჩანს, ამ შენობაში ინახებოდა და გამოფენილი იყო ძვირადღირებული იარაღები თუ სხვა ნივთები. ტაძრის სამხრეთით მდებარე ამ ნაგებობას ეს სახელი შესაძლოა იმიტომ დაარქვეს, რომ ლიბანის კედრით იყო ნაგები ან მისი უზარმაზარი კედრის სვეტები ლიბანის ტყეს წააგავდა.
ლიბანის ტყის სახლის სიგრძე 100 წყრთა (44 მ) იყო, სიგანე — 50 წყრთა (22 მ), სიმაღლე კი — 30 წყრთა (13 მ). როგორც ჩანს, სახლს ქვებით ნაშენი კედლები ჰქონდა (1მფ. 7:9). კედლებზე კედრის კოჭები იყო გადებული, რომლებიც ოთხ რიგად ჩამწკრივებულ სვეტებზე იდგა (ებრაულ ტექსტში წერია „ოთხი“, ბერძნულ სეპტუაგინტაში კი — „სამი“). როგორც ჩანს, სვეტებზე კედრის ფიცრებით მოპირკეთებული ოთახები იყო. ზოგი მაკეტის მიხედვით ამ სახლში სვეტების ზემოთ სამ სართულზე იყო ოთახები, რომლებიც შენობის ღია შიდა ეზოს გადაჰყურებდა. ბიბლიაში წერია, რომ ამ ოთახებში „სარკმლები სამ რიგად იყო ჩამწკრივებული, ერთმანეთის პირდაპირ“. ეს შესაძლოა ნიშნავს, რომ ეზოს ორივე მხარეს იყო დიდი სარკმლები, რომლებიც ერთმანეთს უყურებდა, ან შესაძლოა თითოეულ ოთახს ჰქონდა ერთი სარკმელი შიდა ეზოს მხრიდან და ერთიც შენობის გარეთა მხრიდან. შესასვლელები (როგორც ჩანს, იგულისხმება ოთახების შესასვლელი კარები და ოთახიდან ოთახში გასასვლელი კარები) „ოთხკუთხა იყო, ძელებით იყო შეკრული“, ანუ თაღის ფორმა არ ჰქონდა. სარკმლებიც ასეთივე ფორმისა იყო (1მფ. 7:2—5).
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, პრობლემას ქმნის სვეტების რიგების რაოდენობა. ებრაული ტექსტში ნათქვამია, რომ რიგი 4 იყო, სვეტების რაოდენობა კი — 45. შემდეგ აღნიშნულია, რომ თითო რიგში იდგა თხუთმეტი (1მფ. 7:2, 3). ზოგმა დაასკვნა, რომ აქ საუბარია სამ სართულზე განლაგებულ ოთახებზე (თითო სართულზე 15 ოთახი), ოთხ რიგში კი, შესაძლოა, აღნიშნულზე მეტი სვეტი იყო. ზოგი უპირატესობას ანიჭებს სეპტუაგინტის ტექსტს, რომელიც სვეტების რიგების რაოდენობად სამს ასახელებს. რამდენიმე თარგმანის მიხედვით რიცხვი „45“ კოჭების რაოდენობას აღნიშნავს და არა ვერტიკალურად დადგმული ძელების ანუ სვეტების რაოდენობას (NE, NAB, AT, AS).
ამ სახლის დამთავრების შემდეგ სოლომონმა იქ დააწყო ოქროს შენადნობისგან გაკეთებული 200 დიდი ფარი, რომელთაგან თითოეული მოვარაყებული იყო 600 შეკელი ოქროთი (დ. $77 000) და ოქროს შენადნობისგან გაკეთებული 300 პატარა ფარი, რომელთაგან თითოეული მოვარაყებული იყო სამი მინა ოქროთი (დ. $19 300). ეს ნიშნავს, რომ ჯამში დიდი და პატარა ფარების ღირებულება 21 მილიონ დოლარს აჭარბებდა. ამასთან, ამ სახლში ოქროს ჭურჭელიც იყო, რომლის რაოდენობაც ბიბლიაში არ არის მოხსენიებული (1მფ. 10:16, 17, 21; 2მტ. 9:15, 16, 20). სოლომონის ვაჟის, რობოამის მმართველობის დროს ეგვიპტის მეფე შიშაკმა ოქროს ფარები წაიღო. რობოამმა მათ სანაცვლოდ სპილენძის ფარები გააკეთა და ისინი მალემსრბოლელთა ზედამხედველებს ანუ მეფის სასახლის შესასვლელის დარაჯებს ჩააბარა (1მფ. 14:25—28; 2მტ. 12:9—11).
ესაიას 22:8-ში ლიბანის ტყის სახლი „იარაღის საცავად“ არის მოხსენიებული.