კანონმდებელი
კანონების დამდგენი, დამწესებელი; ბიბლია სამყაროს მთავარ კანონმდებლად იეჰოვას წარმოგვიდგენს.
იეჰოვა კანონმდებელია. მხოლოდ იეჰოვაა სამყაროს ნამდვილი კანონმდებელი. მისი დადგენილი ფიზიკური კანონებით იმართება ყოველი უსულო (იობ. 38:4—38; ფს. 104:5—19) თუ ცოცხალი (იობ. 39:1—30). ადამიანიც, როგორც იეჰოვას ერთ-ერთი ქმნილება, ექვემდებარება მის ფიზიკურ კანონებს. ვინაიდან ადამიანს შეუძლია ზნეობრივი საკითხების აწონ-დაწონა, აქვს მსჯელობისა და სულიერი საკითხების განსჯის უნარი, მისთვის ღვთის ზნეობრივი კანონების დაცვაც სავალდებულოა (რმ. 12:1; 1კრ. 2:14—16). იეჰოვას კანონებს სულიერი ქმნილებებიც, ანგელოზებიც ექვემდებარებიან (ფს. 103:20; 2პტ. 2:4, 11).
იეჰოვას ფიზიკური კანონები უცვლელია (იერ. 33:20, 21). ეს კანონები სამყაროს ხილულ და შესწავლილ ნაწილში იმდენად სტაბილური და სანდოა, რომ მეცნიერებს მათ საფუძველზე შეუძლიათ უდიდესი სიზუსტით განსაზღვრონ მთვარის, პლანეტებისა თუ სხვა ციური სხეულების მოძრაობა. ვინც ფიზიკური კანონების წინააღმდეგ მიდის, მალევე გრძნობს უარყოფით შედეგებს. ღვთის ზნეობრივი კანონებიც უცვლელია; მათი დამრღვევი ან უგულებელმყოფელი დაუსჯელი არ დარჩება. ფიზიკური კანონების მსგავსად ამ კანონების გათვალისწინება აუცილებელია, თუმცა მათი დაუცველობის გამო სასჯელი შეიძლება მაშინვე არ აღსრულდეს. „ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გლ. 6:7; 1ტმ. 5:24).
საიდან უნდა გაეგოთ ადამიანებს, რა იყო ღვთისთვის მოსაწონი, ვიდრე ღმერთი ისრაელს კანონს მისცემდა?
მართალია ადამის შეცოდებიდან მოყოლებული წარღვნამდე ადამიანთა უმეტესობამ ბოროტების გზა აირჩია, მაგრამ ზოგიერთი ღვთის ერთგული იყო და „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დბ. 5:22—24; 6:9; ებ. 11:4—7). ბიბლიაშია ჩაწერილი ერთადერთი კონკრეტული მითითება, რომელიც წარღვნამდე მცხოვრებ ერთგულ მამაკაცებს მიეცათ, კიდობნის აგებასთან დაკავშირებით ნოესთვის მიცემული მითითებაა, რაც მან ზედმიწევნით შეასრულა (დბ. 6:13—22). მაგრამ ერთგულ ადამიანებს სახელმძღვანელოდ ჰქონდათ პრინციპები და წინამორბედთა კარგი თუ ცუდი მაგალითები, რაც მათ „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“ სიარულში ეხმარებოდა.
მათ იცოდნენ, რომ ღმერთმა პირველ ადამიანებს ედემის ბაღში გულუხვად მისცა ყველაფერი; ისინი ხედავდნენ ღვთის უანგარობასა და სიყვარულს. მათთვის ცნობილი იყო დასაბამიდანვე დადგენილი მეთაურობის პრინციპი, რომ კაცის თავი ღმერთია, ქალის თავი კი კაცი. აგრეთვე იცოდნენ, რა დავალება მისცა ღმერთმა ადამიანებს და რომ მისთვის სულერთი არ იყო, როგორ გამოიყენებდნენ იმ ყოველივეს, რაც მათ ბედნიერებისთვის უბოძა. იცოდნენ, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ კაცსა და ქალს (დაქორწინებულებს) უნდა ჰქონოდათ; მათ უნდა მიეტოვებინათ დედ-მამა და მარადიული და არა დროებითი (როგორც სიძვის შემთხვევაში) კავშირით ყოფილიყვნენ გაერთიანებულნი. ღვთის მითითებიდან, რომელიც ედემის ბაღში მდგარ ხეებს (განსაკუთრებით სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხეს) ეხებოდა, მათ შეეძლოთ დაენახათ, რომ სხვის ქონებას პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ. იცოდნენ, რა უარყოფითი შედეგები მოჰყვა პირველ ტყუილს, როგორ მოიწონა ღმერთმა აბელის თაყვანისცემა, როგორ დაგმო ძმის შურითა და სიძულვილით აღვსილი კაენი და როგორ დასაჯა იგი აბელის მკვლელობისთვის (დბ. 1:26—4:16).
ასე რომ, ღვთის ერთგულ ადამიანებს ღვთისგან კონკრეტული კანონებისა და მითითებების გარეშეც შეეძლოთ მსგავს სიტუაციებში ამ პრინციპებითა და მაგალითებით ხელმძღვანელობა. საუკუნეების შემდეგ იესო და მისი მოციქულებიც წარღვნამდე მომხდარ შემთხვევებს ასე განიხილავდნენ (მთ. 19:3—9; ინ. 8:43—47; 1ტმ. 2:11—14; 1ინ. 3:11, 12). კანონი არის ქმედების განმსაზღვრელი წესი. იეჰოვას სიტყვები და საქმეები წარღვნამდე მცხოვრებთ წარმოდგენას უქმნიდა იმაზე, თუ როგორი იყო მისი მოქმედების ხასიათი და ნორმები; სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მათი ქმედების განმსაზღვრელი წესი ანუ კანონი. ისინი ამგვარად შეძლებდნენ ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად სიარულს. ვინც ასე არ იქცეოდა, სცოდავდა ანუ მიზანს სცდებოდა მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა კანონთა კრებული, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა მისი განსჯა.
წარღვნის შემდეგ ღმერთმა ნოეს მისცა კანონი, რომელიც ყველა ადამიანზე ვრცელდებოდა. ეს კანონი მათ აძლევდა ხორცის ჭამის უფლებას, თუმცა სისხლის ჭამას უკრძალავდა. ღვთის სიტყვებიდან შემდეგი პრინციპიც გამოჩნდა — მკვლელი სიკვდილს იმსახურებდა (დბ. 9:1—6). წარღვნის შემდგომ პერიოდში მცხოვრებ მამაკაცებს, მაგალითად, აბრაამს, ისაკს, იაკობსა და იოსებს გულწრფელად აინტერესებდათ, როგორ მოქმედებდა ღმერთი ანუ რა განსაზღვრავდა მის ქმედებებს (დბ. 18:17—19; 39:7—9; გმ. 3:6). მართალია, ღმერთმა კონკრეტული მითითებები მისცა თავის მსახურებს (დბ. 26:5), მაგალითად წინადაცვეთის შესახებ, მაგრამ როგორც ბიბლიიდან ჩანს, მათთვის დეტალურად ჩამოყალიბებული კანონთა კრებული არ მიუცია (შდრ. კნ. 5:1—3). მიუხედავად ამისა, მათ შეეძლოთ ეხელმძღვანელათ არა მხოლოდ წარღვნამდე დადგენილი პრინციპებითა და მითითებებით, არამედ იმ პრინციპებითა და მითითებებით, რომლებიც წარღვნის შემდეგ ღვთის სიტყვებიდან და მოქმედებებიდან გამოიკვეთა.
ამგვარად, ადამიანებს ჰქონდათ იმის განსაზღვრის საშუალება, რა იყო სწორი და არასწორი, თუმცა ისრაელებისგან განსხვავებით მათ ღვთისგან კანონთა კრებული არ მიუღიათ. მაგალითად, კერპთაყვანისმცემლობის ამკრძალავი კონკრეტული კანონი არ არსებობდა, მაგრამ ეს არ ყოფილა კერპთაყვანისმცემლობის გასამართლებელი მიზეზი, რაც კარგად ჩანს მოციქული პავლეს სიტყვებიდან: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“. „შემოქმედის ნაცვლად“ ქმნილების თაყვანისცემა და მისთვის წმინდა მსახურების შესრულება ყოველგვარ საღ აზრს იყო მოკლებული. ვინც ეს უგუნური გზა აირჩია, სხვა უკუღმართობასაც მიჰყო ხელი, მაგალითად ჰომოსექსუალიზმს. ასეთებმა „ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს“. აშკარა იყო, რომ კონკრეტული კანონის არქონის მიუხედავად, ასეთი საქციელი ეწინააღმდეგებოდა შემოქმედის ნორმებს, რაზეც თვით ქალისა და მამაკაცის აგებულებაც მეტყველებდა. ღვთის ანარეკლად შექმნილ ადამიანს ჰქონდა საკმარისი ჭკუა-გონება იმისთვის, რომ მსგავს საკითხებზე სწორი დასკვნები გაეკეთებინა. აქედან გამომდინარე, მას პასუხი უნდა ეგო ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედებისთვის. ის ცოდავდა, „მიზანს სცდებოდა“, თუმცა მისთვის ბრალის დასადებად კონკრეტული კანონი არ არსებობდა (რმ. 1:18—27; შდრ. რმ. 5:13).
კანონის შეთანხმება. იეჰოვა თავისი ხალხისთვის ეგვიპტიდან მათ გათავისუფლებამდეც წესების დამდგენი იყო (გმ. 12:1, 14—20; 13:10). მაგრამ მისი, როგორც ერის კანონმდებლის როლი კარგად გამოიკვეთა მაშინ, როცა ისრაელს კანონის საფუძველზე დაუდო შეთანხმება. ეს იყო პირველი კანონთა კრებული, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს ეხებოდა. ამ შეთანხმების საფუძველზე ისრაელი გამორჩეული ერი, ღვთის საკუთრება გახდა, რაც მას ყველა სხვა ერისგან გამოარჩევდა (გმ. 31:16, 17; კნ. 4:8; ფს. 78:5; 147:19, 20).
იეჰოვასგან ხსნის შესახებ წინასწარმეტყველებისას ესაიამ თქვა: „იეჰოვაა ჩვენი მოსამართლე, იეჰოვაა ჩვენთვის წესების დამდგენი [„რჯულმდებელი“, ბსგ, სსგ], იეჰოვაა ჩვენი მეფე; ის გვიხსნის“ (ეს. 33:22). აქედან გამომდინარე, ისრაელში სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ძალაუფლებას იეჰოვა ფლობდა. სამივე ხელისუფლებას სათავეში იეჰოვა ედგა. ამგვარად, ესაიას წინასწარმეტყველება ერს იმაში არწმუნებდა, რომ ისინი ყოველმხრივ დაცულნი იყვნენ და ღმერთი საუკეთესოდ ხელმძღვანელობდა მათ. როგორც წინასწარმეტყველებიდან ჩანდა, იეჰოვა უზენაესი მმართველი იყო ამ სიტყვის სრული გაგებით.
ესაიამ იეჰოვა ისრაელისთვის წესების დამდგენად, იგივე კანონმდებლად, მოიხსენია და ამ შემთხვევაში ებრაული სიტყვის ხაკაკ ერთ-ერთი ფორმა გამოიყენა, რომელიც სიტყვასიტყვით გამოკვეთას, ამოკვეთას ნიშნავს. ამ სიტყვასთან დაკავშირებით ებრაულ ლექსიკონში ვ. გესენიუსი ამბობს: „დადგენილებებისა და წესების ამოკვეთა ფილებსა თუ ძეგლებზე კანონმდებლის მოვალეობაში შედიოდა. ეს იმაზეც მიუთითებდა, რომ კანონთა გამოცემაც მისი უფლებამოსილება იყო“ (A Hebrew and English Lexicon of the Old Testament, ე. რობინსონის ინგლისური თარგმანი, 1836, გვ. 366). ბიბლიის მთარგმნელებმა ეს სიტყვა თარგმნეს, როგორც „რჯულმდებელი“, „მთავარი“ და „მბრძანებელი“ (დბ. 49:10; კნ. 33:21; მსჯ. 5:14; ფს. 60:7; 108:8; შდრ. აქ, ბსგ, სსგ). აქედან გამომდინარე, ამ ებრაული სიტყვის თარგმნა „წესების დამდგენად“ ეთანხმება მის ერთ-ერთ მნიშვნელობას და ესაიას 33:22-ში სათანადოდ არის მოხსენიებული სიტყვებთან „მოსამართლე“ და „მეფე“, რაც იეჰოვას ძალაუფლებაზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის.
ღმერთს სხვა არც ერთი ერისთვის არ მიუცია დეტალურად ჩამოყალიბებული კანონთა კრებული. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ღმერთმა პირველ ადამიანს მისცა უნარი, ყოველმხრივ მართალი და სინდისიერი ყოფილიყო. შეცოდების შედეგად მიღებული არასრულყოფილებისა და ცოდვიანი ბუნების მიუხედავად, მაინც აშკარად ჩანდა, რომ ადამიანი შემოქმედის ანარეკლად და მსგავსებად იყო შექმნილი და სინდისიც გააჩნდა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სხვა ერებსაც ჰქონდათ ქმედების განმსაზღვრელი წესები და დადგენილებები, რომლებშიც გარკვეულწილად ღვთის სამართლიანი პრინციპები აისახებოდა.
ამ ფაქტს მოციქული პავლე ასე ხსნის: „ყველა, ვინც კანონის [ანუ ღვთის მიერ თავისი ხალხისთვის მიცემული კანონის] გარეშე სცოდავდა, კანონის გარეშე დაიღუპება; ხოლო ყველა, ვინც კანონს ექვემდებარებოდა და სცოდავდა, კანონით გასამართლდება. კანონის მომსმენნი კი არ არიან ღვთის წინაშე მართლები, არამედ კანონის შემსრულებელნი იქნებიან აღიარებულნი მართლებად. როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“ (რმ. 2:12—15). ასე რომ, არც ის ერები ითვლებოდნენ უცოდველად, რომლებიც ღმერთთან კანონიერი შეთანხმებით არ ყოფილან შეკრული. ისინიც მიზანს იყვნენ აცდენილნი, რადგან იეჰოვას სრულყოფილ ნორმებს არ შეესაბამებოდნენ (შდრ. რმ. 3:9).
ღმერთმა ისრაელს კანონის საფუძველზე დაუდო შეთანხმება და ამით ცხადყო, რომ ყველანი, წარმართი ერები თუ ისრაელები, ცოდვილები იყვნენ. ეს შეთანხმება ისრაელებს აშკარად ანახვებდა, რომ ბევრ საკითხში ღვთის სრულყოფილ ნორმებს ვერ შეესაბამებოდნენ. მიზანი ის იყო, რომ ყოველი პირი დადუმებულიყო და მთელი ქვეყნიერება ღვთის სასჯელს დაქვემდებარებოდა, „რადგან კანონი გვაძლევს საფუძვლიან ცოდნას ცოდვის შესახებ“ (რმ. 3:19, 20). ნებისმიერ ისრაელს, რომელიც არც კერპებს ეთაყვანებოდა, არც სისხლს ეკარებოდა და არც კაცს კლავდა, კანონის შეთანხმებით მაინც ცოდვაში ედებოდა ბრალი, რადგან ამ შეთანხმებიდან გამომდინარე რიგი ქმედება და სხვადასხვა საკითხის მიმართ გარკვეული დამოკიდებულებაც კი ცოდვად ითვლებოდა. პავლე საკუთარ თავზე ისე საუბრობს, თითქოს კანონის მიცემამდე თავისი წინაპრების დროს ცხოვრობდა, და ამბობს: «კანონი რომ არა, არ მეცოდინებოდა, რა არის ცოდვა. მაგალითად, კანონში რომ არ ყოფილიყო ნათქვამი: „სხვისი არაფერი ისურვო“, არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს სხვისი რამის სურვილი... ერთ დროს ცოცხალი ვიყავი კანონის გარეშე, მაგრამ როცა მცნება გაჩნდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი» (რმ. 7:7—9).
სხვა კანონმდებლები. დედამიწაზე ყოფნისას ღვთის ძე აღიარებდა, რომ იეჰოვა მისთვის კანონმდებელი და ღმერთი იყო. როგორც ებრაელი, იესო კანონის შეთანხმებას ექვემდებარებოდა და მისი სრულყოფილად დაცვა ევალებოდა (გლ. 4:4, 5). მან თავადაც დაუწესა კანონები თავის მიმდევრებს, როცა მათ ასწავლიდა და მოგვიანებით, როცა წმინდა სულის მეშვეობით ქრისტიანულ-ბერძნული წერილები დააწერინა. მთლიანობაში ამ კანონებს „ქრისტეს კანონი“ ეწოდება (გლ. 6:2; ინ. 15:10—15; 1კრ. 9:21). მას ექვემდებარება სულიერი ერი, „ღვთის ისრაელი“ (გლ. 6:16; 1პტ. 2:9). მაგრამ ამ კანონების ავტორი ქრისტე არ ყოფილა. მან ისინი დიდებული კანონმდებლისგან, იეჰოვასგან მიიღო (ინ. 14:10).
მოსე. მართალია, ბიბლიაში არაერთხელ გვხვდება ფრაზა „მოსეს კანონი“ (იეს. 8:31, 32; 1მფ. 2:3; 2მტ. 23:18; 30:16), მაგრამ ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ამ კანონის ავტორი სინამდვილეში იეჰოვა იყო, ხოლო მოსემ, როგორც მისმა წარმომადგენელმა, ეს კანონი ისრაელს გადასცა (2მტ. 34:14). როგორც ღვთის წარმომადგენლები, კანონის გადაცემაში ანგელოზებიც მონაწილეობდნენ. ბიბლიაში წერია, რომ კანონი „ანგელოზების მეშვეობით, შუამავლის ხელით იქნა გადმოცემული“. ვინაიდან მოსე ღმერთსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების შუამავალი იყო, ბიბლია მას კანონმდებელს უწოდებს (გლ. 3:19; ებ. 2:2).
მმართველები. ღმერთს არ დაუარსებია ადამიანური ხელისუფლებები და არც ძალაუფლება მიუცია მათთვის, თუმცა მან დაუშვა მათი არსებობა, და თავისი განზრახვიდან გამომდინარე, ზოგს ამხობდა, ზოგს კი აღაზევებდა (კნ. 32:8; დნ. 4:35; 5:26—31; სქ. 17:26; რმ. 13:1). ზოგიერთი მმართველი თავისი ერის, ქვეყნისა თუ თემის კანონმდებელია. მაგრამ მათი კანონები და წესები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება მართებულად, თუ ისინი დიდებული კანონმდებლის, იეჰოვა ღმერთის, კანონის ფარგლებს არ გასცდება. ცნობილი ინგლისელი სამართალმცოდნე სერ უილიამ ბლეკსტოუნი ღვთის მიერ დადგენილი ბუნების კანონის შესახებ წერდა: „ის დროში შეუზღუდველად მთელ დედამიწაზე, ყველა ქვეყანაზე ვრცელდება და მასთან დაპირისპირების შემთხვევაში ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ კანონს ძალა ეკარგება. რაც შეეხება ადამიანთა მიერ დადგენილ მოქმედ კანონებს, კანონიერ ძალას მათ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ეს კანონი ანიჭებს“. ბლეკსტოუნი დასძენს: „ადამიანთა მიერ შექმნილი ნებისმიერი კანონი ორ საფუძველს — ბუნების კანონსა და გამოცხადების კანონს [წმინდა წერილებს] ემყარება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანთა არც ერთი კანონი არ უნდა უპირისპირდებოდეს მათ“ (Chadman’s Cyclopedia of Law, 1912, ტ. I, გვ. 89, 91; შდრ. მთ. 22:21; სქ. 5:29).
ქრისტიანულ კრებაში. გაამაყებულ, მკვეხარა და თანამორწმუნეებისადმი კრიტიკულად განწყობილ ქრისტიანებს იესოს ნახევარძმა იაკობი სწერდა: „ძმებო, ნუღარ დაძრახავთ ერთმანეთს. ვინც თავის ძმას ძრახავს ან ასამართლებს, კანონს ძრახავს და კანონს ასამართლებს. და თუ კანონს ასამართლებ, მოსამართლე გამოდიხარ და არა კანონის შემსრულებელი. ერთია კანონმდებელი [ბერძ. ნომოთეტეს] და მოსამართლე. მხოლოდ მას შეუძლია ხსნაც და მოსპობაც. შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ ასამართლებ?“ იაკობი საუბარს განაგრძობს მათზე, ვინც თავიანთი სამომავლო გეგმებით იკვეხნიან, თითქოს მათ გეგმებზე გავლენას ვერაფერი მოახდენს ნაცვლად იმისა, რომ თქვან, თუ იეჰოვა ინებებსო (იაკ. 4:11—16). უფრო ადრე იაკობი „დიდებულ კანონს“ მოიხსენიებს: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (იაკ. 2:8). ეს ქრისტიანები მოყვასისადმი სიყვარულს არ ავლენდნენ, პირიქით, მის წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ, რითაც, ფაქტობრივად, ღვთიურ კანონს განსჯიდნენ, თითქოს კანონმდებლები ყოფილიყვნენ.
რომაელებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემაც მსგავსი რჩევა მისცა მათ, ვინც სხვებს საჭმელ-სასმლის გამო ასამართლებდა: „ვინა ხარ შენ, რომ სხვის მოსამსახურეს ასამართლებ? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა. ის არ წაიქცევა, რადგან იეჰოვას წყალობით დგას“ (რმ. 14:4).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორ უნდა გავიგოთ პავლეს მითითება, რომელიც კორინთოს კრებაში აღმაშფოთებელი სიძვის ფაქტს ეხებოდა? პავლე ამბობს: «თუმცა სხეულით თქვენთან არ ვარ, სულით თქვენთან ვარ და უკვე გავასამართლე ასეთი საქმის ჩამდენი, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი ... განა თქვენ შინაურებს არ ასამართლებთ, ხოლო ღმერთი — გარეშეებს? „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები“». ის საუბარს აგრძელებს ცხოვრებისეული საქმეების განსჯაზე და კრებაში მოსამართლეებად არჩეულებზე (1კრ. 5:1—3, 12, 13; 6:3, 4; შდრ. ინ. 7:24).
პავლეს, როგორც იესო ქრისტეს არჩეულ მოციქულს, კრებების სიწმინდესა და კეთილდღეობაზე ზრუნვა ევალებოდა (2კრ. 1:1; 11:28). ამიტომაც სწერდა ის ხელმძღვანელი საბჭოს მიერ კრებაში უფლებამოსილებით აღჭურვილ მამაკაცებს (სქ. 14:23; 16:4, 5; 1ტმ. 3:1—13; 5:22). ისინი კრების წევრებს ღვთის წინაშე კარგი სახელისა და სიწმინდის შენარჩუნებაში უნდა დახმარებოდნენ. თუ ისინი ზემოხსენებულ დანაშაულს განსჯიდნენ, რომელიც ღვთის კანონის აშკარა და უხეში დარღვევა იყო, ეს მამაკაცები არც ღვთის კანონის მოსამართლეები გამოვიდოდნენ და არც საკუთარი კანონების დამდგენნი. ისინი არც ღვთის კანონის საზღვრებს გასცდებოდნენ. თუ სიძვას დაგმობდნენ, ისინი, ფაქტობრივად, დიდებული წესების დამდგენის კანონს დაემორჩილებოდნენ. ღვთის კანონის თანახმად, ამგვარი უწმინდურების ჩამდენნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებდნენ (1კრ. 6:9, 10). ისინი ვეღარ იქნებოდნენ ქრისტეს კრების წევრები. თუ კრების სიწმინდეზე პასუხისმგებელი მამაკაცები უწმინდურების ჩამდენთ კრებიდან მოიშორებდნენ, ისინი კანონმდებლის, იეჰოვას უფლებამოსილებაში არ შეიჭრებოდნენ, რადგან მოუნანიებელ შემცოდველებს სასიკვდილო განაჩენს მხოლოდ იეჰოვა გამოუტანდა (რმ. 1:24—27, 32).
პავლე კორინთელ ქრისტიანებს იმასაც შეახსენებდა, რომ წმინდები ქვეყნიერებას და ანგელოზებს გაასამართლებდნენ. იგი იმ დროზე საუბრობდა, როცა ისინი, როგორც ზეციერი სამეფოს მეფეები და მოსამართლეები, ქრისტესთან ერთად ღვთის კანონსა და ბოროტებზე განაჩენს აღასრულებდნენ (1კრ. 6:1—3; გმც. 20:6; შდრ. 1კრ. 4:8).
მოსე აკურთხებს გადს. სიკვდილამდე მოსემ ისრაელის ტომები აკურთხა. «გადზე თქვა: „კურთხეულია გადის საზღვრების გამფართოებელი!.. პირველ წილს [გადი] თავისთვის აიღებს, რადგან იქ არის შემონახული წესის დამდგენის წილი“» (კნ. 33:20, 21). რა გაგებით უწოდა მოსემ გადის წილს წესის დამდგენის წილი? ტომების უმეტესობამ თავიანთი მემკვიდრეობა წილისყრით მიიღო, რასაც იესო ნავეს ძე და მღვდელმთავარი ელეაზარი უძღვებოდნენ. მიდიანის დამარცხებიდან მალევე გადისა და რეუბენის ტომებმა იორდანის აღმოსავლეთით მდებარე მიწები მოითხოვეს. ეს საუკეთესო ადგილი იყო მათთვის, რადგან ბევრი საქონელი ჰყავდათ. მოსემ მოიწონა ეს თხოვნა და დააკმაყოფილა მათი სათხოვარი (რც. 32:1—5, 20—22, 28). შესაძლოა, სწორედ ამიტომ ეწოდა მათ წილს წესის დამდგენის, ანუ ისრაელის კანონმდებლის, მოსეს წილი.