უკანონობის კაცი
მოციქულ პავლეს მიერ გამოყენებული ეს ფრაზა 2 თესალონიკელების 2:2, 3-ში გვხვდება, სადაც ის ქრისტიანებს აფრთხილებს დიდი განდგომილების შესახებ, რომელიც „იეჰოვას დღის“ დადგომამდე მოიკიდებდა ფეხს. ამ კონტექსტში „განდგომილებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა აპოსტასია ჭეშმარიტებისგან უნებურად ჩამოშორებაზე არ მიუთითებს. ეს ნიშნავს ღალატს, დაგეგმილ, განზრახ აჯანყებას. აპოსტასია ძველ პაპირუსებში პოლიტიკური აჯანყების კონტექსტში გამოიყენებოდა.
რელიგიური ხასიათის აჯანყება. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ აჯანყებაზე არ მიდის საუბარი. განდგომილებაში იეჰოვა ღმერთის, იესო ქრისტესა და, შესაბამისად, ქრისტიანული კრების წინააღმდეგ წასვლა იგულისხმება.
ნაწინასწარმეტყველები. პავლე და პეტრე მოციქულებმა სიტყვიერად თუ წერილობით განდგომილების გამოჩენა იწინასწარმეტყველეს. ამის შესახებ უფალი იესო ქრისტეც აფრთხილებდა მოწაფეებს. მან მაგალითი მოიყვანა ხორბალსა და სარეველაზე (მთ. 13) და აღნიშნა, რომ ეშმაკი „ხორბალში“, იგივე „სამეფოს ძეებში“, ჩათესავდა „სარეველას“ ანუ ცრუ ქრისტიანებს, იგივე „ბოროტის ძეებს“. ისინი ქვეყნიერების აღსასრულამდე იარსებებდნენ, სანამ გამოაშკარავდებოდნენ და „დაიწვებოდნენ“.
პავლემ ეფესოს კრების ზედამხედველები გააფრთხილა, რომ მისი წასვლის შემდეგ ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაში „ულმობელი მგლები“ შემოიჭრებოდნენ, რომლებიც არ დაინდობდნენ სამწყსოს და მოწაფეების აყოლიებას (ისინი ქრისტეს მოწაფეების გადაბირებას ცდილობდნენ და არა უბრალოდ მიმდევრების გაჩენას) შეეცდებოდნენ (სქ. 20:29, 30). 1 ტიმოთეს 4:1—3-ში პავლემ დაწერა: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას სინდისდადაღულ ტყუილის მთქმელთა თვალთმაქცობის გამო. ისინი კრძალავენ დაქორწინებას და უბრძანებენ სხვებს, მოერიდონ საჭმელს, რომელიც ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების საფუძვლიანად მცოდნეებმა მადლიერებით ჭამონ“.
მოგვიანებით პავლემ ტიმოთეს მისწერა: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ“ (2ტმ. 4:3, 4).
მოციქულმა პეტრემ ქრისტიანობისგან განმდგართა და ღვთისგან განმდგარ ისრაელ ერს შორის პარალელი გაავლო: „ისრაელშიც იყვნენ ცრუწინასწარმეტყველები და თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები. სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავიანთ პატრონსაც კი უარყოფენ, რომელმაც იყიდა ისინი, და სწრაფად დაიღუპავენ თავს. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულობას და მათ გამო ჭეშმარიტების გზა დაიგმობა“. პეტრემ დასძინა, რომ განდგომილები კრების წევრებს პირადი გამორჩენისთვის გამოიყენებდნენ, მაგრამ „მათი დაღუპვა“ არ ჩათვლემდა (2პტ. 2:1—3).
არ იგულისხმება ერთი ადამიანი. ზემოთ მოყვანილი მუხლებიდან გამომდინარე 2 თესალონიკელების 2:1—12-ში მოხსენიებულ „კაცში“ ერთი ადამიანი კი არა, ადამიანთა ჯგუფი იგულისხმება. ამ „კაცს“ მოციქულების სიკვდილის შემდეგაც უნდა ეარსება და მაშინაც, როცა უფალი მოსული იქნებოდა.
ღვთის ღალატი. ეს განდგომილი „კაცი“ სამყაროს უზენაესი ხელისუფლის, იეჰოვა ღმერთის, წინააღმდეგ სჩადის უკანონობას. მას ღალატში ედება ბრალი. უფალი იესო ქრისტეს გამცემისა და მის სიკვდილში დამნაშავე იუდა ისკარიოტელის მსგავსად ამ „კაცსაც“ „დაღუპვის ძე“ ეწოდება. როგორც იუდა, ეს „კაციც“ სამუდამოდ განადგურდება. მაგრამ ის არ უნდა აგვერიოს „დიდ ბაბილონში“, რომელიც აგრეთვე ღვთის წინააღმდეგ იბრძვის. ბიბლიაში „დიდი ბაბილონი“ მეძავ ქალად არის მოხსენიებული. ვინაიდან „უკანონობის კაცის“ აჯანყებაც რელიგიური ხასიათისაა, ის „დიდი ბაბილონის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია (ინ. 17:12; გმც. 17:3, 5).
„უკანონობის კაცი“ ღმერთს ეწინააღმდეგება, რის გამოც შეგვიძლია მას „სატანა“ ანუ „მოწინააღმდეგე“ ვუწოდოთ. მართლაც, მის „მოსვლას თან ახლავს სატანის მოქმედება“ (2თს. 2:9). მოციქულ პავლეს დროს „უკანონობის კაცის“ ვინაობა საიდუმლო იყო და ბევრი ადამიანისთვის ის დღემდე ბურუსითაა მოცული, რადგან ეს „კაცი“ ღვთისადმი ერთგულებით ნიღბავს თავის ბოროტებას (2თს. 2:7). „უკანონობის კაცი“ ღვთის კანონის საპირისპირო, ზოგ შემთხვევაში კი საკუთარ მოძღვრებებს ასწავლის. ამგვარად, ის თავს იეჰოვა ღმერთზე, „ღმერთად“ წოდებულებსა (დედამიწის დიდებულებზე) და ღვთის წმინდებზე, იგივე იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სულიერ ძმებზე, მაღლა აყენებს (შდრ. 2პტ. 2:10—13). ვინაიდან ამ თვალთმაქც ცრუ მასწავლებელს ქრისტიანად მოაქვს თავი, ის „ღვთის ტაძარში ჯდება“ ანუ იმ ადგილას, რომელსაც თავად არქმევს ღვთის ტაძარს (2თს. 2:4).
შემკავებელი. პავლემ თქვა, რომ „უკანონობის კაცს“ იმ დროს ჯერ კიდევ რაღაც აკავებდა (2თს. 2:6). როგორც ჩანს, შემკავებლის როლს მოციქულები ასრულებდნენ. პავლეს ეფესოელი უხუცესებისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი წასვლის შემდეგ კრებაში „ულმობელი მგლები“ შეიჭრებოდნენ (სქ. 20:29). თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილ წერილებში მან განდგომილების შესახებ არაერთხელ გააფრთხილა თანაქრისტიანები. პავლემ ურჩია ტიმოთეს, რომ მისგან მოსმენილი ერთგული მამაკაცებისთვის გადაეცა, რომლებიც სხვების მასწავლებლებად გამოდგებოდნენ. მან ცოცხალი ღვთის კრებას „ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი“ უწოდა და სურვილი გამოთქვა, რომ განდგომილების გავრცელებამდე კრება მაქსიმალურად გაძლიერებულიყო (2ტმ. 2:2; 1ტმ. 3:15).
მრავალი წლის შემდეგ მოციქულმა იოანემ ქრისტეს მითითებით თანამორწმუნეები სექტანტობის შესახებ გააფრთხილა და მოიხსენია ნიკოლაელთა სექტა, ბალაამის მსგავსი ცრუწინასწარმეტყველები და იზებელი, რომელსაც თავი წინასწარმეტყველად მოჰქონდა (გმც. 2:6, 14, 15, 20).
მოციქულების დროს. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ მის დროს „უკანონობის საიდუმლო“ უკვე მოქმედებდა (2თს. 2:7). ქრისტიანულ კრებაში გამოჩდნენ ცრუმასწავლებლები, რომელთა გამოც თესალონიკეს კრების მშვიდობა ირღვეოდა. ნაწილობრივ, სწორედ ეს გახდა თესალონიკელებისთვის მეორე წერილის მიწერის მიზეზი. იმ დროს, როცა იოანემ თავისი წერილები დაწერა, უკვე მრავალი ანტიქრისტე არსებობდა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ისინი უფრო ადრე გამოჩდნენ. მოციქულთა მოღვაწეობის „უკანასკნელ საათზე“ იოანე წერდა: „როგორც უკვე მოისმინეთ, ანტიქრისტე მოდის, უკვე მოვიდა კიდეც მრავალი ანტიქრისტე ... ისინი ჩვენგან გავიდნენ, მაგრამ ჩვენიანები არ იყვნენ, რადგან ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ, მაგრამ გავიდნენ, რათა გამოჩენილიყო, რომ ყველა ჩვენიანი არ არის“ (1ინ. 2:18, 19; იხ. ანტიქრისტე).
გამოვლინება. მოციქულების სიკვდილის შემდეგ „უკანონობის კაცი“ თავისი თვალთმაქცობითა და ცრუ სწავლებებით აშკარად გამოჩნდა (2თს. 2:3, 6, 8). პავლეს სიტყვების თანახმად, ეს სატანის მიერ მართული „კაცი“ დიდ ძალაუფლებას მოიპოვებდა და ყოველგვარ სასწაულს, ცრუ ნიშნებსა და საკვირველებებს მოახდენდა. „უკანონობის კაცის“ მიერ შეცდომაში შეყვანილებზე პავლე ამბობს, რომ ისინი „დაღუპვას იღებენ საზღაურად [სიტყვასიტყვით „ინადგურებენ თავს“], რადგან არ შეიყვარეს ჭეშმარიტება, რომ გადარჩენილიყვნენ“. მოციქული იმასაც ამბობს, რომ მათ ირწმუნეს სიცრუე და რომ ისინი გასამართლდებიან, „რადგან არ ირწმუნეს ჭეშმარიტება და სიამოვნებდათ უმართლობა“ (2თს. 2:9—12). ასე რომ, მათ სასჯელი არ ასცდებათ (იხ. აღდგომა [წმინდა სულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა]).
განადგურება. ამ მრავალი ადამიანისგან შემდგარ თვალთმაქც „უკანონობის კაცს“ უფალი იესო „თავისი ბაგის სულით“ გაანადგურებს და „თავისი მოსვლის გამოცხადებით“ ბოლოს მოუღებს. ღვთის ამ დაუნდობელი მტრის განადგურება იქნება აშკარა მტკიცება იმისა, რომ უფალი იესო ქრისტე მოქმედებს როგორც მოსამართლე. ის საკუთარი ნორმებით არ გაასამართლებს. აქედან გამომდინარე, როცა იესო „თავისი ბაგის სულით“ გაანადგურებს ამ ბოროტ ადამიანებს, იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენს აღასრულებს (2თს. 2:8; შდრ. გმც. 19:21-ს, სადაც მოხსენიებულია „პირიდან გამომავალი დიდი მახვილი“).