მართა
ბეთანიაში მცხოვრები იუდეველი ქალი, ლაზარესა და მარიამის და (ინ. 11:1, 2). იერუსალიმის მიდამოებში ყოფნისას ქრისტე, როგორც ჩანს, ხშირად სტუმრობდა მათ. ისინი კარგი მეგობრები იყვნენ, რადგან ბიბლიაში წერია: „იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც“ (ინ. 11:5).
ლუკა გვამცნობს, რომ როცა იესო „ერთ სოფელში“ შევიდა, „ერთმა ქალმა, სახელად მართამ, სახლში შეიპატიჟა“ (ლკ. 10:38). მათეს 26:6-ის, მარკოზის 14:3-ისა და იოანეს 12:1–3-ის საფუძველზე არსებობს მოსაზრება, რომ მართა კეთროვანი სიმონის ცოლი, ქვრივი ან სულაც მისი ქალიშვილი იყო, თუმცა წმინდა წერილებით ეს არ დასტურდება.
ერთხელ, როცა იესო ლაზარეს, მარიამსა და მართას ესტუმრა, მარიამი „უფალს ფერხთით დაუჯდა და ისმენდა მის სიტყვას“, მართა კი „ბევრ რამეზე ზრუნავდა“. მართას უნდოდა, რომ მარიამი მიხმარებოდა, ამიტომ უთხრა იესოს: „უფალო, ნუთუ შენთვის სულერთია, ჩემმა დამ რომ მე შემომატოვა ყველაფერი? უთხარი, მომეხმაროს“. როგორც ჩანს, მართა მეტისმეტად ზრუნავდა იესოს ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ქრისტემ მართასთან საუბარში სულიერი ფასეულობების აღმატებულობას გაუსვა ხაზი და მას რბილად უსაყვედურა: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ და ზრუნავ. საჭირო კი სულ ცოტაა ან მხოლოდ ერთი. მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“ (ლკ. 10:38—42). ქრისტე ერთი კერძითაც კმაყოფილი იქნებოდა, ოღონდაც მართას მოესმინა და მისგან ესწავლა.
ის ფაქტი, რომ მართა საყოფაცხოვრებო საჭიროებებს დიდ ყურადღებას უთმობდა, არ გვაძლევს იმის დასკვნის გაკეთების უფლებას, რომ მას სულიერი საკითხები არ აინტერესებდა. ლაზარეს სიკვდილის შემდეგ სწორედ მართა შეეგება ბეთანიისკენ მიმავალ იესოს, მაშინ როცა, მარიამი თავიდან შინ დარჩა (ალბათ იმიტომ, რომ თავის ძმას გლოვობდა ან ბევრი მნახველი ჰყავდა). მართას სწამდა ქრისტესი, რაც მისი ნათქვამიდან გამოჩნდა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. მან ისიც თქვა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“, რითაც ცხადყო, რომ სწამდა მკვდრეთით აღდგომის. მართასთან საუბრის დროს იესომ განმარტა, რომ ის იყო „აღდგომა და სიცოცხლე“ და ვინც მას იწამებდა, რომც მომკვდარიყო, გაცოცხლდებოდა. როცა ქრისტემ ჰკითხა: „გწამს ეს?“, მართას პასუხში გამოჩნდა მისი რწმენა: „დიახ, უფალო, ვირწმუნე, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე, ქვეყნიერებაში მომავალი“ (ინ. 11:19—27). თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მართა არ იყო დარწმუნებული, შეეძლო ან ჰქონდა თუ არა იესოს ჩაფიქრებული მისი გარდაცვლილი ძმის გაცოცხლება (შდრ. მოციქულების დამოკიდებულებას ლკ. 24:5—11-ში). როცა ლაზარეს სამარხთან მყოფმა ქრისტემ ლოდის მოშორება ბრძანა, მართამ უთხრა: „უფალო, აყროლებული იქნება, უკვე მეოთხე დღეა“. ამაზე იესომ მიუგო: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“. ლაზარე გაცოცხლდა და მართა დარწმუნდა იესოს ნათქვამის სიმართლეში (ინ. 11:39—44).
ლაზარეს აღდგომის შემდეგ იესომ იქაურობა დატოვა. მოგვიანებით ის კვლავ ეწვია ბეთანიას და კეთროვანი სიმონის სახლში დარჩა, სადაც მართა, მარიამი და ლაზარეც იყვნენ. გაშლილ სუფრას ისევ მართა ემსახურებოდა. სუფრასთან ლაზარეც იჯდა. სწორედ ამ დროს სცხო ფეხებზე მარიამმა იესოს ძვირად ღირებული ნელსაცხებელი (ინ. 12:1—8; მთ. 26:6—13; მრ. 14:3—9). მართას ცხოვრებაში განვითარებულ შემდგომ მოვლენებზე, აგრეთვე, მისი სიკვდილის დროსა და მიზეზზე ბიბლიაში არაფერია ნათქვამი.