უზენაესი
უდიდესი ან უმაღლესი ადგილისა თუ მდგომარეობის მიხედვით. „უზენაესის“ აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ʽელჲონი არა მარტო იეჰოვასთან, არამედ ადამიანებთან და საგნებთან მიმართებით გამოიყენება. მაგალითად: მესია და მეფე, დიდი დავითი, ყველაზე ამაღლებულია დედამიწის მეფეთა შორის (ფს. 89:20, 27); ყველა სხვა ხალხებზე მეტად ამაღლებული ისრაელი (კნ. 26:18, 19); ზემოთა კალათა (დბ. 40:17); ზემო კარიბჭე (2მფ. 15:35); ზემო წყალსატევი (2მფ. 18:17); ზემო ეზო (იერ. 36:10); ზედა სართული (ეზკ. 41:7); ზედა სასადილო ოთახები (ეზკ. 42:5); ზემო ბეთ-ხორონი (იეს. 16:5); გიხონის წყლის ზემო სათავე (2მტ. 32:30). როგორც ვხედავთ, ხსენებულ კონტექსტებში სიტყვა ʽელჲონი ადგილმდებარეობაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე მდგომარეობასა და ძალაუფლებაზე.
როდესაც „უზენაესი“ იეჰოვასთან გამოიყენება, აქცენტი კეთდება მის უმაღლეს მდგომარეობასა და უდიდებულესობაზე (ფს. 83:18). იგი პირველად ჩნდება დაბადების 14:18—20-ში ʼელთან (ღმერთი) ერთად. ამ მუხლებში მელქისედეკს ეწოდება „უზენაესი ღვთის მღვდელი“, რომელმაც აბრაამი და უზენაესი ღმერთი აკურთხა. ეს წოდება მოიხსენიება ღვთის სახელთან, იეჰოვასთან ერთად (დბ. 14:22; ფს. 7:17), ʼელოჰიმთან (ღმერთი, აღმატებულობის გამომხატველი მრავლობითი) ერთად (ფს. 78:56) და ცალკეც (კნ. 32:8; ფს. 9:2; ეს. 14:14).
მრავლობით რიცხვში მდგარი არამეული სიტყვა ʽელჲონინ ჩნდება დანიელის 7:18, 22, 25, 27-ში და როგორც აღმატებულობის გამომხატველი მრავლობითში მდგარი სიტყვა შეიძლება უზენაესად და უდიდებულესობადაც ითარგმნოს. არამეულ სიტყვა ʽილლაის (უზენაესი) მხოლობით რიცხვში დანიელის 7:25-ში ვხვდებით.
ბერძნულ სიტყვა ჰიფსისტოსს (უზენაესი) იეჰოვას მიმართ ძირითადად ლუკა იყენებს თავის სახარებაში (ორჯერ, როცა გაბრიელი მარიამს იესოს დაბადების ამბავს ამცნობს) და „საქმეებში“ (ლკ. 1:32, 35, 76; 6:35; 8:28; სქ. 7:48; 16:17). ამ სიტყვას აგრეთვე ვხვდებით მარკოზის 5:7–სა და ებრაელების 7:1-ში.