რიცხვები (ბიბლიის წიგნი)
ეს არის ხუთწიგნეულის მეოთხე წიგნი, რომლის ქართული სახელწოდებაც მოდის ისრაელის ძეების წიგნში მოხსენიებული ორი აღრიცხვიდან. მასში აღწერილია სინას მთის უდაბნოში ისრაელის ხეტიალისა და მოაბის ველზე მათი დაბანაკების დროს მომხდარი მოვლენები. წიგნი მოიცავს ძვ. წ. 1512—1473 წლამდე პერიოდს (38 წელი და 9 თვე) (რც. 1:1; კნ. 1:3, 4). თუმცა რიცხვების 7:1—88-სა და 9:1—15-ში წიგნში ჩაწერილ სხვა მოვლენებზე ადრე მომხდარი მოვლენებია მოთხრობილი, ეს მონაკვეთები სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს და წიგნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
დამწერი. ოდითგანვე წიგნის დამწერად მოსეს მიიჩნევენ. თავად წიგნი შეიცავს ამის დამადასტურებელ არაერთ ფაქტს. მასში საუბარია ისრაელის მხოლოდ ეგვიპტესა და უდაბნოში ცხოვრებაზე. ხებრონის მშენებლობის დროის მოხსენიებისას დამწერი საორიენტაციო წლად ეგვიპტის ქალაქ ცოანის მშენებლობას მოიხსენიებს (რც. 13:22). მოსესთვის ცნობილი იქნებოდა ცოანის მშენებლობის დრო, რადგან „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით“ იყო განსწავლული (სქ. 7:22).
„რიცხვებში“ ჩაწერილი ზოგიერთი მითითება მიესადაგება მხოლოდ იმ ერის მდგომარეობას, რომელიც გამუდმებით ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა. ეს იყო მითითებები ბანაკში ტომების განლაგებაზე (რც. 1:52, 53), გამგზავრებისას მათ რიგსა (2:9, 16, 17, 24, 31) და კრებულის შეკრებასა თუ ბანაკის აშლაზე საყვირებით ნიშნების მიცემაზე (10:2—6). აგრეთვე ბანაკში არსებულ პირობებს მიესადაგებოდა კარანტინის შესახებ კანონი (5:2—4). ისრაელებს მიეცათ სხვა მითითებებიც, რომლებიც აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ გამოადგებოდათ. მაგალითად, მიცემული იყო მითითებები, რომ საყვირით მიეცათ საბრძოლო ნიშანი (10:9), ლევიანებისთვის გამოეყოთ 48 ქალაქი (35:2—8), ქანაანის მიწაზე მოესპოთ კერპები და განედევნათ ქანაანელები (33:50—56), გამოეყოთ 6 თავშესაფარი ქალაქი. აგრეთვე მიეცათ მითითება, როგორ განეხილათ იმ ადამიანის სასამართლო საქმე, რომელიც აცხადებდა, რომ განზრახ არ მოუკლავს კაცი (35:9—33), და კანონები, რომლებიც ეხებოდა მემკვიდრე ქალებსა და მათ ქორწინებას (27:8—11; 36:5—9).
ამასთან, წიგნში ნათქვამია, რომ მოსემ დაწერა ისრაელის გადაადგილების მარშრუტი (რც. 33:2). მოსეს ავტორობაზე წიგნის დასკვნითი სიტყვებიც მიუთითებს (36:13).
უტყუარობა. წიგნის უტყუარობა ეჭვს არ ბადებს. ავტორი გულწრფელად და გულახდილად აღწერს ყველაფერს და არ მალავს ხალხის არასწორ საქციელსა თუ მტერთან დამარცხებას (რც. 11:1—5, 10, 32—35; 14:2, 11, 45). წიგნში ჩაწერილია თავად მოსეს, მისი ძმის, აარონის, მისი დის, მირიამისა და ძმისშვილების — ნადაბისა და აბიჰუს შეცდომები (3:3, 4; 12:1—15; 20:2—13). მასში აღწერილი არაერთი მოვლენა მეორდება „ფსალმუნებში“ (78:14—41; 95:7—11; 105:40, 41; 106:13—33; 135:10, 11; 136:16—20). იესო ნავეს ძემ (4:12; 14:2), იერემიამ (2მფ. 18:4), ნეემიამ (9:19—22), დავითმა (ფს. 95:7—11), ესაიამ (48:21), ეზეკიელმა (20:13—24), ოსიამ (9:10), ამოსმა (5:25), მიქამ (6:5), პირველმა ქრისტიანმა წამებულმა, სტეფანემ (სქ. 7:36), პავლე (1კრ. 10:1—11) და პეტრე მოციქულებმა (2პტ. 2:15, 16), მოწაფე იუდამ (მუხლ. 11) და თავად ღვთის ძემ (ინ. 3:14; გმც. 2:14) მოიხსენიეს „რიცხვებში“ ჩაწერილი მთავარი მოვლენები თუ დეტალები და ამგვარად ცხადყვეს, რომ მას ღვთივშთაგონებული სიტყვის ნაწილად მიიჩნევდნენ. ამასთან, ბალაამის წინასწარმეტყველება, რომ იაკობიდან ამოვიდოდა ვარსკვლავი, თავდაპირველად მაშინ შესრულდა, როცა დავითი გამეფდა და მოაბელები და ედომელები დაამარცხა (რც. 24:15—19; 2სმ. 8:2, 13, 14).
რამდენად ღირებულია. „რიცხვებიდან“ ნათლად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას მორჩილება, მისი და მისი მსახურების პატივისცემა, რწმენა და უღვთო ადამიანებისგან თავის დაცვა (რც. 13:25—14:38; 22:7, 8, 22; 26:9, 10; ებ. 3:7—4:11; 2პტ. 2:12—16; იუდ. 11; გმც. 2:14). აგრეთვე დანახვებულია, რომ ურწმუნოებით არ უნდა გამოვცადოთ იეჰოვა (რც. 21:5, 6; 1კრ. 10:9) და უნდა მოვერიდოთ დრტვინვასა (რც. 14:2, 36, 37; 16:1—3, 41; 17:5, 10; 1კრ. 10:10, 11) და უზნეობას (რც. 25:1—9; 31:16; 1კრ. 10:6, 8). ისრაელთან იეჰოვას ურთიერთობა მის დიდ ძალაზე, გულმოწყალებასა და სიკეთეზე მოწმობს. აგრეთვე ცხადყოფს, რომ ის არის რისხვაში ნელი, თუმცა დასასჯელს დაუსჯელს არ ტოვებს (რც. 14:17—20). მოსეს მდგომარეობა და მსახურება (რც. 12:7; ებ. 3:2—6), სასწაულებრივად კლდიდან წყლის გადმოდინება (რც. 20:7—11; 1კრ. 10:4), სპილენძის გველის ამაღლება (რც. 21:8, 9; ინ. 3:14, 15) და განმწმენდი წყალი (რც. 19:2—22; ებ. 9:13, 14) წინასწარმეტყველური ნიმუშები იყო, რომლებიც იესო ქრისტეზე შესრულდა.
წიგნი გვეხმარება ბიბლიის სხვა მონაკვეთების გაგებაშიც, მაგალითად, რის საფუძველზე აღნიშნა იუდას მეფე ხიზკიამ პასექი ნისანის (აბიბი) მე-14 დღის ნაცვლად ზივის (იარი) მე-14 დღეს (რც. 9:10, 11; 2მტ. 30:15). წიგნში ჩაწერილი ნაზირობის წესებით (რც. 6:2—21) იხსნება, თუ რატომ ეკრძალებოდათ სამსონსა და სამუელს თმის შეჭრა (მსჯ. 13:4, 5; 1სმ. 1:11) და რატომ არ უნდა დაელია იოანე ნათლისმცემელს მათრობელი სასმელები (ლკ. 1:15) (აგრეთვე რც. 2:18—23 შდრ. ფს. 80:2-ს; რც. 15:38 შდრ. მთ. 23:5-ს; რც. 17:8—10 შდრ. ებ. 9:4-ს; რც. 18:26 შდრ. ებ. 7:5—9-ს; რც. 18:31 შდრ. 1კრ. 9:13, 14-ს და რც. 28:9, 10 შდრ. მთ. 12:5-ს).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები რიცხვებიდან
ეს ისტორიული ჩანაწერი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას მორჩილება ყველა ვითარებაში და მისი წარმომადგენლების პატივისცემა.
მოიცავს აღთქმული მიწისკენ მიმავალი ისრაელის უდაბნოში ხეტიალის თითქმის მთლიან პერიოდს.
ისრაელის ტომების აღრიცხვა და ორგანიზება
ეგვიპტის დატოვებიდან დაახლ. ერთი წლის შემდეგ აღირიცხება 20 წლიდან ზემოთ ყველა ისრაელი მამაკაცი ლევიანების გარდა (1:1—49).
თითოეულ სამტომიან დანაყოფს ეძლევა მითითება, სად დაბანაკდეს და რიგით მერამდენე დაიძრას ბანაკის აშლის დროს (2:1—34).
მღვდლების დამხმარეებად ინიშნებიან ლევიანები. ხდება ერთი თვის ასაკის ზემოთ ყველა ლევიანის აღრიცხვა. ისინი იეჰოვას საკუთრება ხდებიან სხვა ტომების პირმშოების სანაცვლოდ (3:1—51).
ხდება ლევის სამი ვაჟის — კეჰათის, გერშონისა და მერარის შთამომავალი 30—50 წლამდე მამაკაცების აღრიცხვა და მათთვის კარავში მსახურების დავალების მიცემა (4:1—49).
აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთხელ ხდება ისრაელების აღრიცხვა (26:1—65).
ღმერთი ისრაელებს თაყვანისცემისა და ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ მითითებებს აძლევს
ნაზირებისთვის დადგენილი მოთხოვნები (6:1—21).
ისრაელები აღნიშნავენ პასექს. ეძლევათ მითითება, რომ გაუწმინდურებულს ან შორ გზაზე მყოფს შეუძლია მისი აღნიშვნა 14 ნისანიდან ერთი თვის თავზე (9:1—14).
ეძლევათ მითითებები მღვდლებისა და ლევიანების მოვალეობებისა და უფლებების შესახებ, მათ შორის განმწმენდი წყლის მომზადებისა და გამოყენების წესი (18:1—19:22).
ეძლევათ მითითებები, თუ რა და რა შესაწირავები უნდა მიიტანონ ყოველდღიურად, შაბათობით, ყოველი თვის დასაწყისში, დღესასწაულების დროს და მეშვიდე თვეს (28:1—29:40).
იწერება აღთქმების შესახებ იეჰოვას მითითებები (30:1—16).
დამნაშავემ უნდა აღიაროს დანაშაული და დაზარალებულს ზარალი აუნაზღაუროს (5:5—8).
ეძლევათ მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ქმარს ეჭვი შეაქვს ცოლის ერთგულებაში (5:11—31).
ეძლევათ ექვსი თავშესაფარი ქალაქი (35:9—34).
ისრაელები არ აფასებენ იეჰოვას მზრუნველობას და მის მითითებებს უგულებელყოფენ
ხალხი მანანის გამო დრტვინვას იწყებს და ხორცს ითხოვს. როცა იეჰოვა მწყერს აძლევს, ბევრი უზომო სიხარბეს ავლენს, რის გამოც იეჰოვა სიკვდილით სჯის მათ (11:4—34).
ხალხი იჯერებს ათი მხდალი მზვერავის სიტყვებს და ეგვიპტეში დაბრუნებას აპირებს. მოსე მათ იეჰოვასთან შუამდგომლობს (13:1—14:19).
როცა იეჰოვას ურჩი თაობისთვის უდაბნოში ხეტიალისა და სიკვდილის განაჩენი გამოაქვს, ხალხი იეჰოვას კურთხევის გარეშე ცდილობს აღთქმულ მიწაზე შესვლას, მაგრამ მტრის წინაშე მარცხდება (14:26—45).
ხალხი იეჰოვას წარმომადგენლების მიმართ უპატივცემულობას ავლენს
მირიამი და აარონი მოსეს წინააღმდეგ გამოდიან. სასჯელად მირიამს კეთრი ხვდება (12:1—15).
კორახი, დათანი, აბირამი, ონი და 250 თავკაცი მოსეს და აარონს უპირისპირდებიან. იეჰოვა სიკვდილით სჯის ურჩებს, რის გამოც ხალხი დრტვინვას იწყებს. კიდევ 14 700 კაცი კვდება (16:1—50).
კადეშში ისრაელები უწყლოობის გამო მოსესა და აარონს ედავებიან. იეჰოვა სასწაულებრივად აძლევს წყალს, მაგრამ მოსე და აარონი არ წმენდენ მის სახელს და აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლებას კარგავენ (20:1—13).
დაქანცული ისრაელები იეჰოვასა და მოსეს წინააღმდეგ ლაპარაკობენ. გველები ესევიან მათ და ბევრი კვდება. მოსე შუამდგომლობს ხალხს. გველებისგან დაკბენილები ცოცხლები დარჩებიან, თუ სპილენძის გველს შეხედავენ (21:4—9).
იეჰოვა აკურთხებს ისრაელს, რომელიც ქანაანის მიწაზე შესასვლელად ემზადება, და განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს
იეჰოვა ისრაელს არადის მეფეზე ამარჯვებინებს (21:1—3).
ისრაელი ამარცხებს სიხონსა და ოგს და მათ მიწას ეუფლება (21:21—35).
ბალაკი გასამრჯელოს სანაცვლოდ ბალაამს ისრაელის დასაწყევლად აგზავნის, იეჰოვა კი ისრაელის კურთხევას აიძულებს (22:2—24:25).
მოაბელი ქალები ისრაელ კაცებს კერპთაყვანისმცემლობასა და უზნეობაში ითრევენ. განდგომილების გამო 24 000 კაცი იხოცება. იეჰოვას რისხვა ცხრება, როცა ფინხასი არ იწყნარებს იეჰოვასადმი მეტოქეობას (25:1—18).