პეტრეს წერილები
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ორი ღვთივშთაგონებული წერილი, რომლებიც მოციქულმა პეტრემ დაწერა. ორივე წერილის შესავალ სიტყვებში პეტრე საკუთარ თავს მათ ავტორად მოიხსენიებს (1პტ. 1:1; 2პტ. 1:1; შდრ. 2პტ. 3:1). წერილების შინაარსი აშკარად მიუთითებს პეტრეს ავტორობაზე. მეორე წერილში ნათქვამია, რომ ავტორი იესო ქრისტეს გარდასახვის თვითმხილველი იყო, ეს უპირატესობა კი მხოლოდ პეტრეს, იაკობსა და იოანეს ჰქონდათ (2პტ. 1:16—18; მთ. 17:1—9). როგორც იოანეს 21:18, 19-დან ჩანს, მხოლოდ პეტრეს შეეძლო ეთქვა: „ჩემს კარავს მალე დავტოვებ, როგორც მიმანიშნა კიდეც ეს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ“ (2პტ. 1:14). წერილები განსხვავებული სტილითაა დაწერილი, რაც იმით არის განპირობებული, რომ პირველი წერილი პეტრემ სილვანუსს (სილა) დააწერინა, მეორე კი, როგორც ჩანს, თავად დაწერა (1პტ. 5:12). ორივე წერილი განკუთვნილი იყო როგორც იუდეველი, ისე არაიუდეველი ქრისტიანებისთვის. პირველ წერილში პეტრე კონკრეტულად მიმართავს მცირე აზიის პროვინციებში — პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში მცხოვრებ ქრისტიანებს (1პტ. 1:1; 2:10; 2პტ. 1:1; 3:1; შდრ. სქ. 2:5, 9, 10).
პეტრეს წერილები სრულად ეთანხმება ბიბლიის სხვა წიგნებს, რადგან ხაზს უსვამს სწორ საქციელსა და კურთხევებს, რომლებიც სწორად მოქცევას მოაქვს. აგრეთვე თავის წერილებში პეტრე ციტირებს ბიბლიის სხვა წიგნებიდან და მათ ღვთის სიტყვად აღიარებს. მან ციტატები მოიყვანა დაბადებიდან (18:12; 1პტ. 3:6), გამოსვლიდან (19:5, 6; 1პტ. 2:9), ლევიანებიდან (11:44; 1პტ. 1:16), ფსალმუნებიდან (34:12—16; 118:22; 1პტ. 3:10—12; 2:7), იგავებიდან (11:31 [LXX]; 26:11; 1პტ. 4:18; 2პტ. 2:22) და ესაიადან (8:14; 28:16; 40:6—8; 53:5; 1პტ. 2:8; 2:6; 1:24, 25; 2:24). პეტრე ცხადყოფს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები ღვთის სულისგან მომდინარეობს (2პტ. 1:20, 21; შდრ. 2ტმ. 3:16). თავის წერილში ის იმეორებს ღვთის დაპირებას ახალი ცისა და ახალი დედამიწის შესახებ (2პტ. 3:13; ეს. 65:17; 66:22; გმც. 21:1). პეტრეს მეორე წერილსა (2:4—18; 3:3) და იუდას წერილს (5—13, 17, 18) შორის არსებული მსგავსებები იმაზე მიუთითებს, რომ მოწაფე იუდა პეტრეს მეორე წერილს ღვთივშთაგონებულად აღიარებდა. ისიც აღსანიშნავია, რომ პეტრე წმინდა წერილების ნაწილად მოიხსენიებს მოციქული პავლეს წერილებს (2პტ. 3:15, 16).
დაწერის დრო. წერილების შინაარსიდან გამომდინარე, ისინი შესაძლოა ახ. წ. 64 წლამდე დაიწერა, ვიდრე ნერონი ქრისტიანების დევნას დაიწყებდა. პეტრე პირველ წერილში აღნიშნავს, რომ მარკოზი მასთან იყო, ამიტომ ეს წერილი, სავარაუდოდ, ახ. წ. 62—64 წლებში დაიწერა (1პტ. 5:13). ცოტა ხნით ადრე, რომში პავლეს პირველი პატიმრობის დროს (დაახლ. ახ. წ. 59—61) მარკოზი პავლესთან იყო, ხოლო რომში პავლეს მეორე პატიმრობისას (დაახლ. ახ. წ. 65) მოციქულმა ითხოვა, რომ ტიმოთე და მარკოზი მასთან მისულიყვნენ (კლ. 4:10; 2ტმ. 4:11). როგორც ჩანს, პეტრემ მეორე წერილი პირველი წერილის დაწერიდან მალევე, დაახლ. ახ. წ. 64 წელს დაწერა.
დაიწერა ბაბილონში. როგორც პეტრე თავად ამბობს, პირველი წერილი მან ბაბილონში დაწერა (1პტ. 5:13). შესაძლოა, მან მეორე წერილიც იქ დაწერა. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებები ცხადყოფს, რომ ბაბილონში იგულისხმება მდინარე ევფრატთან მდებარე ქალაქი და არა რომი, როგორც ამას ზოგი ამტკიცებს. პეტრეს წინადაცვეთილებთან სასიხარულო ცნობის ქადაგება დაევალა, ამიტომ ის, ალბათ, იმსახურებდა იქ, სადაც ბევრი იუდეველი იყო (გლ. 2:7—9). ძველ ქალაქ ბაბილონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იუდეველთა დიდი დიასპორა იყო. ერთ ენციკლოპედიაში განხილულია ბაბილონის თალმუდის შექმნის ისტორია, სადაც ნათქვამია, რომ ბაბილონში ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში იუდაიზმის „დიდი სასწავლო ცენტრები“ არსებობდა (The Encyclopaedia Judaica, იერუსალიმი, 1971, ტ. 15, სვტ. 755). პეტრე კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილებზე მცხოვრებთ, კერძოდ, „პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში მიმოფანტულ დროებით მცხოვრებლებს“, სწერდა (1პტ. 1:1), ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ წერილის დაწერის ადგილში, ბაბილონში, ის კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილს გულისხმობდა. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბიბლიაში ბაბილონი რომის ეკვივალენტად ყოფილიყო გამოყენებული და არც ის წერია, რომ პეტრე ოდესმე რომში ყოფილა.
პირველად, მეორე საუკუნის მეორე ნახევარში, კორინთის ეპისკოპოსმა დიონისემ თქვა, რომ პეტრე რომში აწამეს. უფრო ადრე კლემენტ I-მა რომაელმა პავლე და პეტრე ერთად მოიხსენია, თუმცა აღნიშნა, რომ პავლე აღმოსავლეთსა და დასავლეთში ქადაგებით გამოირჩეოდა, რითაც მიანიშნა, რომ პეტრე დასავლეთში არასდროს ყოფილა. როგორც ჩანს, ამ დროისთვის რომის მთავრობას (ნერონის ხელმძღვანელობით) ქრისტიანების დევნა ჯერ არ ჰქონდა დაწყებული, ამიტომ პეტრეს არანაირი მიზეზი არ ექნებოდა, რომ თავისი ადგილსამყოფლის შესანიღბად რომის ნაცვლად ბაბილონი მოეხსენიებინა. რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი წერილის ბოლოს პავლემ მოკითხვა შეუთვალა მათ და მრავალი მათგანი სახელით მოიხსენია, თუმცა მათ შორის პეტრე არ მოუხსენიებია. პეტრეს იქ რომ ემსახურა, პავლეს ის მხედველობიდან არ გამორჩებოდა. პეტრეს სახელი არც მათ შორის მოიხსენიება, ვინც მოკითხვას უთვლის თანამორწმუნეებს იმ წერილებში, რომლებიც პავლემ ეფესოელებს, ფილიპელებს, კოლოსელებს, ტიმოთეს (მეორე წერილი), ფილიმონსა და ებრაელებს მისწერა რომიდან.
პირველი წერილი. მოციქულმა პეტრემ თავისი პირველი წერილი იმ ქრისტიანებს მისწერა, რომლებსაც მძიმე განსაცდელების ატანა უწევდათ (1პტ. 1:6). გარდა ამისა, მოახლოებული იყო „ყველაფრის დასასრული“, როგორც ჩანს, იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები იუდეველთა სისტემის აღსასრული (შდრ. მრ. 13:1—4; 1თს. 2:14—16; ებ. 9:26). ამიტომ ქრისტიანებს „ლოცვაში სიფხიზლე“ უნდა შეენარჩუნებინათ (1პტ. 4:7; შდრ. მთ. 26:40—45). მათ გამხნევებაც სჭირდებოდათ განსაცდელების ერთგულად ასატანად და მოციქულმაც ზუსტად ეს გააკეთა.
პეტრემ არაერთხელ შეახსენა თანაქრისტიანებს ღვთისგან ბოძებული კურთხევები. მათ სიხარულის მიზეზი ჰქონდათ, რადგან ღმერთმა თავისი გულმოწყალებით ისინი ხელახლა შვა, რათა ცოცხალი იმედი ჰქონოდათ (1პტ. 1:3—9). ისინი ქრისტეს ძვირფასი სისხლით იყვნენ ნაყიდნი (1პტ. 1:18, 19). ნათლობით მათ მიიღეს სუფთა სინდისი, რომელიც კვლავაც ექნებოდათ, თუ წყალში ნათლობის თანახმად იცხოვრებდნენ (1პტ. 3:21—4:6). როგორც ცოცხალი ქვები, ისინი შენდებოდნენ სულიერ სახლად, ანუ ტაძრად, რომლის საძირკველიც იესო ქრისტე იყო. ისინი იყვნენ „რჩეული მოდგმა ... სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ (1პტ. 2:4—10).
პეტრემ დაანახვა ქრისტიანებს, რომ იმ ყველაფრის გამო, რაც ღმერთმა და ქრისტემ მათ გაუკეთეს, ტანჯვა უნდა აეტანათ და ყოველთვის კარგად მოქცეულიყვნენ. ტანჯვა მოსალოდნელი იყო, რადგან „ქრისტეც ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო“ (1პტ. 3:17, 18). ქრისტეს ტანჯვის მოზიარეობა სიხარულის მიზეზი იყო, რადგან მისი დიდების გამოცხადებისას სიხარულით აივსებოდნენ. ქრისტეს სახელისთვის ლანძღვის ატანა ადასტურებდა, რომ ქრისტიანებზე ღვთის სული იყო დავანებული (1პტ. 4:12—14). განსაცდელები გამონაცად რწმენას წარმოშობდა, რის გარეშეც ხსნა შეუძლებელი იყო (1პტ. 1:6—9). უფრო მეტიც, თუ ერთგულად აიტანდნენ ტანჯვას, ღმერთი მზრუნველობის გარეშე არ დატოვებდა მათ, განამტკიცებდა და გააძლიერებდა (1პტ. 5:6—10).
მაგრამ პეტრემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ქრისტიანებს არ უნდა ეტანჯათ როგორც ბოროტმოქმედებს (1პტ. 4:15—19). მათი ქცევა სამაგალითო უნდა ყოფილიყო. ამგვარად ისინი პირს აუკრავდნენ მათ წინააღმდეგ უმეცრებით მოლაპარაკეთ (1პტ. 2:12, 15, 16). უფლებამოსილ პირებთან, ბატონებთან, ოჯახის წევრებსა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას ისინი ყველაფერში კარგად უნდა მოქცეულიყვნენ (1პტ. 2:13—3:9). ამისთვის საჭირო იყო ენის მართებულად გამოყენება, სუფთა სინდისის შენარჩუნება და ქვეყნიერების აღვირახსნილი საქმეებისგან თავის დაცვა (1პტ. 3:10—22; 4:1—3). ქრისტიანულ კრებაში მომსახურე მწყემსებს არ უნდა ებატონათ ცხვარზე, არამედ ხალისითა და გულმოდგინებით შეესრულებინათ თავიანთი საქმე. ახალგაზრდები უფროს მამაკაცებს უნდა დამორჩილებოდნენ (1პტ. 5:1—5). ქრისტიანები უნდა ყოფილიყვნენ სტუმართმოყვარეები, აღეშენებინათ სხვები, გულითადად ჰყვარებოდათ ერთმანეთი და ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოსარტყლულიყვნენ (1პტ. 4:7—11; 5:5).
მეორე წერილი. მეორე წერილით პეტრეს უნდოდა, ქრისტიანები თავიანთ მოწოდებასა და რჩეულობაში განემტკიცებინა და დახმარებოდა, არ აჰყოლოდნენ ცრუმასწავლებლებსა და კრებაში მყოფ უღვთო მამაკაცებს (2პტ. 1:10, 11; 3:14—18). ის მოუწოდებდა ქრისტიანებს, ჰქონოდათ რწმენა, ზნეობა, ცოდნა, თავშეკავება, მოთმინება, ღვთისადმი ერთგულება, ძმათმოყვარეობა და სიყვარული (2პტ. 1:5—11) და ყურადღება მიექციათ ღვთივშთაგონებული „წინასწარმეტყველური სიტყვისთვის“ (2პტ. 16—21). მან უღვთო ადამიანებზე იეჰოვას განაჩენის აღსრულების მაგალითებით ცხადყო, რომ ისინი, ვინც სიმართლის გზას ტოვებენ, ღვთის რისხვას ვერ გაექცევიან (2პტ. 2:1—22). რაც უნდა თქვან ბოლო დღეებში დამცინავებმა, იეჰოვას დღე, უღვთოთა დაღუპვის დღე, ისევე გარდაუვალია, როგორც ნოეს დროს მცხოვრები ხალხის დაღუპვა. ახალი ცისა და ახალი დედამიწის შესახებ ღვთის დაპირებაც სარწმუნოა, რამაც უნდა აღგვძრას, ყველანაირად ვეცადოთ, რომ ღვთის წინაშე უმანკოები წარვდგეთ (2პტ. 3:1—18).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები პირველი პეტრედან
ეს წერილი მოუწოდებს ქრისტიანებს, იფხიზლონ და განსაცდელების მიუხედავად ერთგულად მოითმინონ.
მოციქულმა პეტრემ ის სილვანუსს დააწერინა ბაბილონში დაახლ. ახ. წ. 62—64 წლებში.
ქრისტიანები თავიანთი დიდებული იმედის ღირსად უნდა მოიქცნენ
რჩეულებს მიეცათ ცოცხალი იმედი, უხრწნელი მემკვიდრეობა ზეცაში (1პტ. 1:1—5).
მათ იესო ქრისტესადმი რწმენა აქვთ სულების გადასარჩენად. ძველად მცხოვრებ წინასწარმეტყველებსა და ანგელოზებს სურდათ, ჩაჰკვირვებოდნენ ამას (1:8—12).
ამიტომ ქრისტიანებმა უნდა მოამზადონ გონება სამოქმედოდ, უარყონ წინანდელი სურვილები, იყვნენ წმინდები და ავლენდნენ ღვთისმოსაწონ შიშსა და ძმურ სიყვარულს (1:13—25).
უნდა განივითარონ ღვთის სიტყვიდან მომდინარე „რძისადმი“ სწრაფვა, რომ გაიზარდონ და გადარჩნენ (2:1—3).
როგორც ქრისტეს საძირკველზე აგებულმა სულიერმა სახლმა და წმინდა სამღვდელოებამ, მათ ღვთისთვის მოსაწონი სულიერი მსხვერპლი უნდა შესწირონ (2:4—8).
როგორც „გამორჩეული საკუთრება“, ისინი ყველგან აცხადებენ ღვთის აღმატებულობის შესახებ და თავიანთი საქციელით განადიდებენ მას (2:9—12).
სხვებთან ურთიერთობისას ღვთიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ
დაემორჩილეთ მმართველებს, გიყვარდეთ ძმები, გეშინოდეთ ღვთისა (2:13—17).
მოსამსახურეები უნდა დაემორჩილონ თავიანთ ბატონებს მაშინაც კი, თუ ისინი ზედმეტად მომთხოვნები არიან. იესო მოთმინებით იტანდა ბოროტებას, რითაც კარგი მაგალითი დაგვიტოვა (2:18—25).
ცოლები უნდა დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს. ცოლს კარგი საქციელით შეუძლია ურწმუნო ქმრის მოპოვება (3:1—6).
ქმრებმა პატივი უნდა მიაგონ ცოლებს, „როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს“ (3:7).
ქრისტიანები გულისხმიერები უნდა იყვნენ, სამაგიერო არ უნდა გადაუხადონ სხვებს და მშვიდობისკენ უნდა ისწრაფონ (3:8—12).
მოახლოვდა ყველაფრის დასასრული, ამიტომ ქრისტიანებმა საღად უნდა იაზროვნონ, ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნონ, გულითადად უყვარდეთ ერთმანეთი და თავიანთი ძღვნით განადიდონ ღმერთი (4:7—11).
უხუცესებმა ხალისით უნდა მწყემსონ ღვთის ფარა. ახალგაზრდები უნდა დაემორჩილონ უფროს მამაკაცებს. ყველამ უნდა გამოავლინოს თავმდაბლობა (5:1—5).
განსაცდელის ერთგულად გადატანას კურთხევები მოჰყვება
განსაცდელების მიუხედავად, ქრისტიანებს შეუძლიათ სიხარული ჰქონდეთ, რადგან ამ დროს ვლინდება მათი რწმენა (1:6, 7).
ისინი არ უნდა იტანჯებოდნენ, როგორც ბოროტმოქმედნი. თუ ისინი სიმართლის გამო იტანჯებიან, უნდა განადიდონ ღმერთი და არ უნდა შერცხვეთ. დადგა გასამართლების დრო (3:13—17; 4:15—19).
ქრისტე ხორცში იტანჯა და მოკვდა, რათა ღმერთთან მივეყვანეთ. ამიტომ მეტად აღარ ვცხოვრობთ ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებლად; ასე მაშინაც კი არ ვიქცევით, როცა ხორციელად მოაზროვნე ადამიანები გვგმობენ, რომ მათგან განვსხვავდებით (3:18—4:6).
თუ ქრისტიანი განსაცდელს ერთგულად იტანს, მას დიდი სიხარული ელის იესოს გამოცხადებისას; ის დარწმუნებულია, რომ მასზე ღვთის სულია დავანებული (4:12—14).
თითოეულმა უნდა დაიმდაბლოს თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ და მას მიანდოს საწუხარი, წინააღმდეგობა გაუწიოს სატანას და დარწმუნებული იყოს, რომ თავად ღმერთი გააძლიერებს თავის მსახურებს (5:6—10).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები მეორე პეტრედან
წერილი მოუწოდებს ქრისტიანებს, ძალა არ დაიშურონ და ჩაეჭიდონ წინასწარმეტყველურ სიტყვას. ის განდგომილების წინააღმდეგ სერიოზულ გაფრთხილებებს შეიცავს.
დაიწერა სავარაუდოდ ბაბილონში დაახლ. ახ. წ. 64 წელს.
ქრისტიანებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ და უნდა მიენდონ წინასწარმეტყველურ სიტყვას
ღმერთი გულუხვად იძლევა ყველაფერს, რაც სიცოცხლისა და ღვთისადმი ერთგულებისთვის არის საჭირო. ამიტომ ქრისტიანებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ რწმენის, ზნეობის, ცოდნის, თავშეკავების, მოთმინების, ღვთისადმი ერთგულების, ძმათმოყვარეობისა და სიყვარულის, ანუ იმ თვისებების განსავითარებლად, რომლებიც მათ მოქმედსა და ნაყოფიერს გახდის (2პტ. 1:1—15).
ქრისტიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველურ სიტყვას. როცა პეტრემ იესოს გარდასახვა იხილა და მთაზე ღვთის ხმა მოისმინა, მისთვის წინასწარმეტყველური სიტყვა უფრო სარწმუნო გახდა (1:16—21).
უფრთხილდით ცრუმასწავლებლებსა და სხვა გარყვნილ ადამიანებს; მოდის იეჰოვას დღე
ცრუმასწავლებლები შეაპარებენ კრებაში დამღუპველ სექტანტობას (2:1—3).
ღმერთი არ დაინდობს მათ, როგორც არ დაინდო ურჩი ანგელოზები, ნოეს დროინდელი უღვთოთა ქვეყნიერება და სოდომისა და გომორის ქალაქები (2:4—10).
ეს ცრუმასწავლებლები უპატივცემულოდ ექცევიან დიდებით მოსილთ, სიხარბითა და უზნეობით ქრისტიანებს კარგ სახელს ულახავენ, აცდუნებენ სუსტებს და თავისუფლებას ჰპირდებიან სხვებს მაშინ, როცა თვითონ გახრწნილების მონები არიან (2:10—19).
ისინი ახლა უფრო უარეს დღეში არიან, ვიდრე მაშინ იყვნენ, როცა იესო ქრისტეს არ იცნობდნენ (2:20—22).
უფრთხილდით დამცინავებს, რომლებიც ბოლო დღეებში არად ჩააგდებენ იესოს დაპირებული მოსვლის შესახებ ცნობას. მათ ავიწყდებათ, რომ ღმერთმა, რომელმაც განიზრახა ამ ქვეყნიერების განადგურება, ერთხელ უკვე გაანადგურა ქვეყნიერება წარღვნით (3:1—7).
ღვთის მოთმინება დაყოვნებაში არ უნდა აგვერიოს. ის ითმენს, რადგან სურს, ადამიანებმა მოინანიონ. თუმცა ეს ქვეყნიერება იეჰოვას დღეს მაინც განადგურდება და მას სამართლიანი ახალი ცა და ახალი დედამიწა შეცვლის (3:8—13).
ქრისტიანები ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ „უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ დარჩნენ. მათ ვეღარ აიყოლიებენ ცრუმასწავლებლები და ისინი კვლავაც გაიზრდებიან ქრისტეს წყალობასა და ცოდნაში (3:14—18).