პროზელიტი
იუდაიზმზე მოქცეული; თუ მამაკაცი იყო, უნდა წინადაეცვითა (მთ. 23:15). ბერძნული სიტყვა პროსელიტოს (პროზელიტი) გამოყენებულია სეპტუაგინტასა და ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში.
იეჰოვას 1900 წელზე მეტხანს ჰქონდა ურთიერთობა თავის რჩეულ ხალხთან — აბრაამის ოჯახსა და შთამომავლობასთან, განსაკუთრებით ისრაელ ერთან. მაგრამ თუ არაებრაელი და არაისრაელი ჭეშმარიტ რელიგიაზე მოექცეოდა ანუ პროზელიტი გახდებოდა, მასაც შეეძლო ემსახურა იეჰოვასთვის. მოსეს კანონი შეიცავდა კონკრეტულ მითითებებს, რომლებიც ეხებოდა ისრაელში სხვა წარმოშობის ადამიანთა ცხოვრებას. ასეთ ხიზნებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ იეჰოვას სრულუფლებიანი თაყვანისმცემლები. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე მოქცევის ნიშნად მამაკაცებს უნდა წინადაეცვითათ (გმ. 12:48, 49). პროზელიტისგან მთელი კანონის დაცვა მოითხოვებოდა, იუდეველები კი მას ძმასავით უნდა მოქცეოდნენ (ლვ. 19:33, 34; 24:22; გლ. 5:3; იხ. ხიზანი). ებრაული სიტყვა გერ, რომელიც ხიზნად („მდგმური“, სსგ) ითარგმნება, ყოველთვის არ ნიშნავდა პროზელიტს (დბ. 15:13; გმ. 2:22; იერ. 14:8). თუმცა სეპტუაგინტის მთარგმნელებმა, როგორც ჩანს, 70-ზე მეტ ადგილას დაასკვნეს, რომ ეს სიტყვა პროზელიტის მნიშვნელობით იყო გამოყენებული და მის შესატყვისად ბერძნული სიტყვა პროსელიტოს დაწერეს.
ისრაელი ერის ისტორიის მანძილზე მრავალი არაიუდეველი გახდა პროზელიტი. ამგვარად, მათ ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ იუდეველების მიმართ, როგორიც რუთს, რომელმაც ნაომის უთხრა: „შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი“ (რთ. 1:16; იეს. 6:25; მთ. 1:5). ტაძრის მიძღვნის დროს სოლომონის წარმოთქმული ლოცვიდან ჩანდა, თუ რამდენად დიდსულოვანი იყო ღმერთი უცხოტომელების მიმართ, რომლებიც, როგორც პროზელიტები, მის თაყვანისცემას მოისურვებდნენ (1მფ. 8:41—43). იმ არაებრაელებიდან, რომლებიც, როგორც ჩანს, პროზელიტები გახდნენ, ბიბლიაში სახელით მოიხსენიება ედომელი დოეგი (1სმ. 21:7), ხეთელი ურია (2სმ. 11:3, 11) და ეთიოპი ებედ-მელექი (იერ. 38:7—13). როცა მორდოქაის დროს იუდეველებს უფლება მიეცათ, დაეცვათ საკუთარი თავი, „იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან მრავალმა თავი იუდეველად გამოაცხადა“ (ესთ. 8:17). სეპტუაგინტაში ამ ადგილას წერია: „ბევრმა უცხოტომელმა წინადაიცვითა და იუდეველი გახდა“ (ბაგსტერის გამოცემა).
პროზელიტიზმი. ბაბილონში იუდეველთა გადასახლების შემდეგ იუდაიზმი დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა. დიასპორებში მცხოვრებ იუდეველებს სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხება. სინაგოგების დაარსებამ და ებრაული წერილების ბერძნულ ენაზე თარგმნამ რომის იმპერიაში მცხოვრებნი იუდაურ რელიგიას აზიარა. ძველი დროის მწერლები, მათ შორის ჰორაციუსი და სენეკა, ადასტურებდნენ, რომ სხვა ქვეყნებში ბევრი შეუერთდა იუდეველებს, ანუ პროზელიტი გახდა. იოსებ ფლავიუსის ცნობების თანახმად, სირიის ანტიოქიაში მცხოვრები იუდეველები „გამუდმებით იზიდავდნენ უამრავ ბერძენს თავიანთ რელიგიურ ცერემონიალებზე და მათ გარკვეულწილად თავისიანებად მიიჩნევდნენ“ („იუდეველთა ომი“, VII, 45, [iii, 3], ინგლ.) ერთ ბიბლიურ ლექსიკონში აღნიშნულია, რომ „რომში მცხოვრები იუდეველები იმდენად აქტიურად ეწეოდნენ პროზელიტიზმს, რომ მათ რომაელებში თავიანთი კულტის ჩანერგვის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. შედეგად, ძვ. წ. 139 წელს ხელისუფლებამ პროპაგანდის წამომწყებნი ქალაქიდან გააძევა“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 3, გვ. 925). ეს ბრალდება შეიძლება უსაფუძვლო ან გაზვიადებული იყო და მას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა ან საფუძვლად რასობრივი თუ რელიგიური შეუწყნარებლობა ედო. თუმცა მოგვიანებით იესომაც უთხრა თვალთმაქც მწიგნობრებსა და ფარისევლებს: „შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად“ (მთ. 23:15).
იძულებით მოქცევა. იუდეველ პროზელიტთაგან ყველა თავისი ნებით არ მოქცეულა იუდაიზმზე. ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსის თანახმად, იოანე ჰირკანოსმა დაახლოებით ძვ. წ. 125 წელს დაპყრობილი იდუმეის მოსახლეობას განუცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გადაასახლებდა, თუ წინადაიცვეთდნენ. ამგვარად, მან აიძულა ისინი, პროზელიტები გამხდარიყვნენ („იუდეველთა სიძველენი“, წ. XIII, თ. 9, აბზ. 1). იოანე ჰირკანოსის ვაჟი არისტობულე მსგავსად მოექცა იტურეელებს (წ. XIII, თ. 11, აბზ. 3). მოგვიანებით იუდეველებმა ალექსანდრე იანაის მეთაურობით მიწასთან გაასწორეს პელა, რადგან ქალაქის მაცხოვრებლებმა უარი თქვეს პროზელიტობაზე (წ. XIII, თ. 15, აბზ. 4). უეჭველია, მათი საქციელის უკან პოლიტიკური მიზნები იდგა და არა მისიონერული სულისკვეთება.
პროზელიტების გაქრისტიანება. ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ვიგებთ, რომ ზოგიერთი წინადაცვეთილი პროზელიტი იეჰოვას სუფთა გულით სცემდა თაყვანს. სხვა ქვეყნებიდან იერუსალიმში ჩასულ დიდძალ ხალხს შორის, რომლებმაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოისმინეს პეტრეს ქადაგება და გაქრისტიანდნენ, იყვნენ იუდეველებიც და პროზელიტებიც (სქ. 2:10). ამ პროზელიტების იერუსალიმში ჩასვლის მიზეზი იეჰოვას კანონის მორჩილება იყო. ეთიოპი საჭურისი, რომელიც ფილიპემ მონათლა, იერუსალიმში თაყვანსაცემად იყო ჩასული და უკანა გზაზე ღვთის სიტყვას კითხულობდა (სქ. 8:27—38). ეჭვგარეშეა, მას საჭურისი იმიტომ ეწოდა, რომ სამეფო კარის მოხელე იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის დასაჭურისებული იქნებოდა, პროზელიტი ვერ გახდებოდა (კნ. 23:1; იხ. ეთიოპია, ეთიოპი). ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებიდან მალევე „ანტიოქელ პროზელიტ ნიკოლაეს“ საკვების განაწილების საპასუხისმგებლო საქმე დაევალა, რადგან „სულითა და სიბრძნით სავსე“ კაცი იყო (სქ. 6:2—6).
სასიხარულო ცნობის გავრცელება უცხოტომელებში. ახ. წ. 36 წლამდე სასიხარულო ცნობას მხოლოდ იუდეველებს, უცხოტომელ პროზელიტებსა და სამარიელებს უზიარებდნენ. ბიბლია იტალიელ კორნელიუსს მორწმუნე, ღვთისმოშიშ კაცად ახასიათებს, რომელიც „უხვად გასცემდა მოწყალებას და ყოველთვის ევედრებოდა ღმერთს“. მაგრამ ის იუდეველი პროზელიტი კი არა, წინადაუცვეთელი უცხოტომელი იყო (სქ. 10:1, 2; შდრ. ლკ. 7:2—10). როგორც კი შესაძლებელი გახდა, უცხოტომელებში ფართოდ გაჩაღდა მისიონერული საქმიანობა. თუმცა, ჩვეულებრივ, სხვა ქალაქებში ჩასული პავლე თავიდან იუდეველებსა და პროზელიტებთან ქადაგებდა. მას ძალიან უყვარდა თავისი იუდეველი ძმები და მათი გადარჩენა სურდა (რმ. 9:3; 10:1). ამასთან, ლოგიკური იყო პირველად იუდეველებსა და პროზელიტებთან ქადაგება, რადგან ისინი იცნობდნენ იეჰოვასა და მის კანონებს და ელოდნენ მესიას. ამიტომ მათ შორის გულმართალნი ადვილად ხვდებოდნენ, რომ მათი მოლოდინი იესო ქრისტეში შესრულდა. მათ შეეძლოთ ჩამოეყალიბებინათ კრების ბირთვი და ესწავლებინათ უცხოტომელებისთვის, რომლებმაც არაფერი იცოდნენ იეჰოვასა და მისი სიტყვის შესახებ.