ღრეობა
ბერძნული სიტყვა კომოს, რომელიც ღრეობად ითარგმნება, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სამჯერ გვხვდება და სამივეჯერ უარყოფით კონტექსტში. ჯოზეფ თეიერის ლექსიკონში აღნიშნულია, რომ ძველ ბერძნულ წყაროებში ეს სიტყვა აღწერდა „შეზარხოშებული და ჭკუამხიარული ადამიანების ხმაურიან მსვლელობას ღამღამობით, რომლებიც ვახშმის შემდეგ ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ ჩირაღდნებით, უმღეროდნენ ბახუსსა თუ სხვა ღვთაებას [ან თამაშებში გამარჯვებულს] და თავიანთი მეგობრების სახლების წინ მღეროდნენ და თამაშობდნენ“ (Greek-English Lexicon of the New Testament, 1889, გვ. 367). ასეთი თავაშვებული მსვლელობები, რომლებიც დღეს ზოგიერთ ქვეყანაში გამართულ კარნავალებს მოგვაგონებს, მოციქულების დროინდელ ბერძნულ ქალაქებში ჩვეულებრივი რამ იყო. ამიტომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები სათანადო რჩევებს საჭიროებდნენ.
ღვთის სიტყვა ღრეობას განსჯის, ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ის ყოვლად მიუღებელია. ზოგი, ვისაც პეტრემ წერილი მისწერა, მცირე აზიის იმ პროვინციებში ცხოვრობდნენ, სადაც ბერძნული გავლენა განსაკუთრებით იგრძნობოდა (1პტ. 1:1). გაქრისტიანებამდე ისინი ეძლეოდნენ „თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას“, მაგრამ გაქრისტიანების შემდეგ მათ მიატოვეს ეს ყოველივე (1პტ. 4:3, 4). ვინაიდან ღრეობას თან სდევს უზნეობა და თავაშვებულობა, ის „სიბნელის საქმეებს“ შორის მოიხსენიება, რისგანაც ქრისტიანებს თავი შორს უნდა ეჭიროთ (რმ. 13:12—14).
ბიბლია არ კრძალავს მხიარულებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას. მასში ვკითხულობთ, რომ იეჰოვათი გავიხაროთ, ქმრებმა ცოლებთან გაიხარონ, მშრომელებმა თავიანთი საქმით გაიხარონ, მიწათმოქმედებმა კი — მოწეული ნაყოფით (ფს. 32:11; იგ. 5:18; ეკ. 3:22; კნ. 26:10, 11). მხიარულებას ხელს უწყობს საჭმელ-სასმელი (ეკ. 9:7; ფს. 104:15), თუმცა მთავარია ზომიერება (იგ. 23:20; 1ტმ. 3:2, 11; 1კრ. 10:31). თუ ლხინს თან ახლავს გადამეტებული სმა, არეულობა და თავაშვებულობა, ეს უკვე ღრეობაა. პავლემ ღრეობა „ხორცის საქმეებში“ მოიხსენია, რომელთა ჩამდენნიც „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გლ. 5:19—21).