წმინდა სვეტი
წმინდა სვეტად ნათარგმნი ებრაული სიტყვა გულისხმობს ვერტიკალურად მდგარ საგანს. სავარაუდოდ, ეს იყო ბაალის ან სხვა რომელიმე ღვთაების ფალოსური სიმბოლო (გმ. 23:24; 2მფ. 3:2; 10:27). ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ნაპოვნია ქვის სვეტები, რომლებიც არ წარმოადგენს არც ერთი ნაგებობის ნაწილს. ამ სვეტებთან აღმოჩენილი რელიგიური დანიშნულების ნივთები იმას მოწმობს, რომ ეს წმინდა სვეტები იყო. ზოგიერთი მათგანი გაუთლელი ქვის, სულ მცირე 1,8 მეტრი სიმაღლისა იყო.
აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ღმერთმა ისრაელებს წმინდა სვეტების აღმართვა აუკრძალა და ქანაანელთა წმინდა სვეტების დამტვრევა უბრძანა (გმ. 34:13; ლვ. 26:1; კნ. 12:3; 16:22). ეს სვეტები შესაძლოა ქვისა იყო, რადგან, როგორც წერია, ისინი უნდა დაემტვრიათ. თუმცა 2 მეფეების 10:26-ში ვკითხულობთ, რომ წმინდა სვეტები დაწვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგი სვეტი ხისა იქნებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს სვეტი კი არა, წმინდა ბოძი, აშერა ყოფილიყო (იხ. წმინდა ბოძი).
მოსეს პირით გადაცემული ღვთის პირდაპირი გაფრთხილება ისრაელმა არაფრად ჩააგდო. იუდასა და ისრაელის ათტომიანი სამეფო წმინდა სვეტებით გაივსო (1მფ. 14:22, 23; 2მფ. 17:10). მაგრამ ისეთი ღვთისმოშიში იუდეველი მეფეები, როგორებიც ასა, ხიზკია და იოშია იყვნენ, ანადგურებდნენ წმინდა სვეტებს (2მფ. 18:4; 23:14; 2მტ. 14:3), და როცა იეჰუს ბრძანებით ისრაელის ათტომიან სამეფოში ბაალის კულტი ამოძირკვეს, ბაალის წმინდა სვეტიც მიაყოლეს (2მფ. 10:27, 28).