წმინდა წერილები
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გამოყენებული ბერძნული სიტყვა გრაფე მიუთითებს მხოლოდ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში შემავალ წმინდა წერილებზე. ებრაული და ბერძნული წერილების დამწერები სხვა დოკუმენტებსაც იყენებდნენ, მაგალითად, ყველასთვის ხელმისაწვდომ გენეალოგიურ ნუსხებს, ისტორიულ ჩანაწერებსა და ა. შ. მაგრამ ისინი ღვთივშთაგონებულად არ ითვლებოდა და არ უტოლდებოდა კანონიკურად აღიარებულ წერილებს. შესაძლოა, მოციქულებმაც დაწერეს კრებებისთვის წერილები, რომლებიც ბიბლიის ნაწილი არ გახდა. მაგალითად, 1 კორინთელების 5:9-ში პავლე ამბობს: „წერილში გწერდით“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას კორინთელებისთვის მანამდეც ჰქონდა მიწერილი წერილი, თუმცა მას ჩვენამდე არ მოუღწევია. როგორც ჩანს, ასეთი წერილები ღვთის წმინდა სულმა არ შემოინახა ქრისტიანული კრებისთვის, რადგან იქ მოცემული ინფორმაცია მხოლოდ ადრესატისთვის იყო არსებითი.
ბერძნული სიტყვა გრამმა, რაც ასოს ნიშნავს, მომდინარეობს ზმნიდან გრაფო. როცა ეს სიტყვა დოკუმენტის მნიშვნელობით გამოიყენება, ის ნათარგმნია როგორც „დაწერილი“ ან „წერილი“. იოანეს 5:47-სა და 2 ტიმოთეს 3:15-ში ეს სიტყვა გამოყენებულია ღვთივშთაგონებით დაწერილ ებრაულ წერილებთან მიმართებით (იხ. ქრისტიანულ-ბერძნული წერილები; ებრაული წერილები).
იესო ქრისტე და მოციქულები წმინდა წერილებიდან ციტირებდნენ. იესო ქრისტე და ბერძნული წერილების დამწერები ხშირად იყენებდნენ სიტყვა გრაფეს იმის საჩვენებლად, რომ მათი სწავლებები და საქმიანობა ეფუძნებოდა მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა ღვთივშთაგონებულ წიგნებს. ებრაული წერილები ბიბლიაში ხშირად წმინდა წერილებად არის მოხსენიებული (მთ. 21:42; 22:29; მრ. 14:49; ინ. 5:39; სქ. 17:11; 18:24, 28). ზოგჯერ ეს ბერძნული სიტყვა გამოიყენება მხოლობით რიცხვში, როცა კონკრეტული მუხლია ციტირებული. ამ შემთხვევაში მთლიანად ებრაული წერილები კი არ იგულისხმება, არამედ მისი რომელიმე ნაწილი (რმ. 9:17; გლ. 3:8). წმინდა წერილს უწოდებდნენ ერთ მუხლსაც კი მასში ჩაწერილი აზრის ავტორიტეტულობის დასანახვებლად (მრ. 12:10; ლკ. 4:21; ინ. 19:24, 36, 37). 2 ტიმოთეს 3:16-სა და 2 პეტრეს 1:20-ში პავლე და პეტრე, როგორც ჩანს, ღვთივშთაგონებულ ებრაულ და ბერძნულ წერილებს მოიხსენიებენ წმინდა წერილებად. 2 პეტრეს 3:15, 16-ში პეტრემ პავლეს წერილები წმინდა წერილების ნაწილად მოიხსენია.
ფრაზა „წინასწარმეტყველური წერილები“ (რმ. 16:26), შესაძლოა, იმაზე მიუთითებს, რომ ებრაული წერილები წინასწარმეტყველური ხასიათისა იყო (შდრ. გმც. 19:10).
წმინდა წერილების გაპიროვნება. წმინდა წერილებს ღვთისგან შთაგონებულად, ღვთის სიტყვად, ღვთის ხმად მიიჩნევდნენ (ანუ ღმერთი მათი მეშვეობით ლაპარაკობდა), ამიტომ მათ ზოგჯერ აპიროვნებდნენ, თითქოს ის ღვთისგან უფლებამოსილებით ლაპარაკობდა (ისევე როგორც იესო აპიროვნებდა ღვთის წმინდა სულს, ანუ მოქმედ ძალას, და ამბობდა, რომ ის ასწავლიდა და ამოწმებდა [ინ. 14:26; 15:26]) (რმ. 4:3; 9:17). იმავე მიზეზით წმინდა წერილებზე ნათქვამია, რომ მათ შეუძლიათ წინასწარ განჭვრეტა და ქადაგება (გლ. 3:8; შდრ. მთ. 11:13; გლ. 3:22).
მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის. იესო ქრისტე ხშირად ციტირებდა ებრაული წერილებიდან თავისი სწავლებების დასასაბუთებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისმა მიმდევრებმა არ გადაუხვიონ წმინდა წერილებში ჩაწერილს. მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა წმინდა წერილების ღირებულებასა და მნიშვნელობას: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2ტმ. 3:16, 17).