სახლის მმართველი
ვისიმე სახლზე ან ქონებაზე დაყენებული კაცი. „გამგებლად“ ითარგმნა ებრაული სიტყვები სოქენ (ეს. 22:15) და მოშელ (დბ. 24:2), რომლებიც სახლის მმართველს ნიშნავს. ბერძნული სიტყვა ეკონომოს (მმართველი) აგრეთვე შეიძლება „სახლის გამგებლად“ ითარგმნოს (ლკ. 12:42).
მმართველი შეიძლებოდა ყოფილიყო თავისუფალი კაცი ან სანდო მონა. იესოს მაგალითში მოხსენიებული უმართლო მმართველი, როგორც ჩანს, თავისუფალი კაცი იყო (ლკ. 16:1, 2, 4). მეფეებსა და მდიდარ და წარჩინებულ ხალხს ჰყავდათ მმართველები, რომელთაც შეიძლებოდა სხვადასხვა უფლებამოსილება ჰქონოდათ. ბერძნული სიტყვა ეპიტროპოს (მეურვე) აზრობრივად ახლოს არის მმართველად ნათარგმნ სიტყვასთან, ვინაიდან სახლის მმართველები ხშირად სახლის ზედამხედველობასთან ერთად სხვა მსახურებს, ბატონის ქონებასა და ზოგჯერ მის სავაჭრო საქმეებსაც მეთვალყურეობდნენ (გლ. 4:1—3; ლკ. 16:1—3).
აბრაამს ჰყავდა ერთგული მსახური, დამასკოელი ელიეზერი, რომელიც განაგებდა მის დიდძალ ქონებას, უამრავ ცხვარ-ძროხასა და მონებს, თუმცა მაქფელას სამარხის გარდა მიწა არ ჰქონია (დბ. 13:2; 14:14; 15:2; 23:17—20; სქ. 7:4, 5). იოსები, რომელიც ეგვიპტეში მონა იყო, ფოტიფარმა თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა (დბ. 39:1—4, 8, 9). მოგვიანებით თავად იოსების სახლსაც განაგებდა მმართველი (დბ. 44:4). ისრაელის მეფე ელაჰს ჰყავდა სასახლის გამგებელი თირცაში. როგორც ჩანს, ძველად სხვა მეფეებსაც ჰყავდათ სახლის გამგებლები (1მფ. 16:9). იუდას მეფე ხიზკიას სახლის გამგებელი შებნა იყო, მაგრამ ორგულობის გამო მის ნაცვლად ხილკიას ვაჟი ელიაკიმი დანიშნეს (ეს. 22:15, 20, 21).
ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ვიგებთ, რომ ჰეროდე ანტიპას ჰყავდა სახლთუხუცესი, რომლის ცოლიც თავისი ქონებით ემსახურებოდა იესოს (ლკ. 8:3). თავის იგავში იესომ მოიხსენია ვენახში მომუშავეთა მეთვალყურე, რომელმაც დღის ბოლოს მათ გასამრჯელო გადაუხადა (მთ. 20:8).
სახლის მმართველის პასუხისმგებლობები და ადმინისტრაციული მოვალეობები სწორ წარმოდგენას გვიქმნის იმ მსახურებაზე, რომელიც იეჰოვა ღმერთმა ქრისტიანებს მიანდო. ბოლო დღეებთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში იესო მოიხსენიებს „ერთგულ და გონიერ მონას“, რომელიც სახლის მმართველის ანუ მორწმუნეებისგან შემდგარი სახლეულობის მეთვალყურის მოვალეობასაც ასრულებს, რათა დროულად მისცეს მათ სულიერი საზრდო (მთ. 24:14, 45; ლკ. 12:42—44). ქრისტიანული კრების ზედამხედველები მმართველები არიან და მათ ერთგულება მოეთხოვებათ (ტიტ. 1:7; 1კრ. 4:1, 2). მოციქულ პავლეს, როგორც უცხოტომელთა მოციქულს, ღმერთმა განსაკუთრებული მმართველობა მიანდო (1კრ. 9:17; ეფ. 3:1, 2). პეტრემ ყველა ქრისტიანზე, ზედამხედველებსა თუ სხვებზე, თქვა, რომ ისინი ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის მმართველები არიან და თითოეულს ღვთის განზრახვაში თავისი ადგილი აქვს, სადაც შეუძლია ერთგულად შეასრულოს მმართველის მოვალეობა (1პტ. 4:10).