ათი მცნება
ასე ითარგმნა ებრაული ფრაზა‛ასერეთ ჰადდევარიმ, რომელიც მხოლოდ ხუთწიგნეულში გვხვდება. მასში იგულისხმება კანონის შეთანხმების ათი ძირითადი კანონი. მას აგრეთვე უწოდებენ ათ სიტყვას (გმ. 34:28; კნ. 4:13; 10:4, სქ.). კანონთა ეს განსაკუთრებული კრებული ბიბლიაში მოიხსენიება, როგორც „სიტყვები“ (კნ. 5:22) და „შეთანხმების სიტყვები“ (გმ. 34:28). ბერძნულ სეპტუაგინტაში (გმ. 34:28; კნ. 10:4) ეს ფრაზა გადმოტანილია, როგორც დეკა (ათი) ლოგუს (სიტყვები). აქედან მომდინარეობს სიტყვა „დეკალოგი“.
ფილები. პირველად ათი მცნება იეჰოვამ ისრაელის კრებულს სინას მთასთან ანგელოზის პირით გაუცხადა (გმ. 20:1; 31:18; კნ. 5:22; 9:10; სქ. 7:38, 53; იხ. აგრეთვე გლ. 3:19; ებ. 2:2). ამის შემდეგ მოსე ავიდა მთაზე ქვის ორ ფილაზე დაწერილი ათი მცნების მისაღებად. იქ მან ღვთისგან სხვა წესებიცა და მითითებებიც მიიღო. ვიდრე მოსე 40 დღეს მთაზე იმყოფებოდა, ხალხი მოუთმენლობამ შეიპყრო და კერპად ოქროს ხბო ჩამოასხა. მათი კერპთაყვანისმცემლობის დანახვაზე მთიდან ჩამომავალმა მოსემ „ღვთის ნაკეთები“ ფილები, რომლებზეც ათი მცნება ეწერა, ძირს დაანარცხა და დაამსხვრია (გმ. 24:12; 31:18—32:19; კნ. 9:8—17; შდრ. ლკ. 11:20).
მოგვიანებით იეჰოვამ უთხრა მოსეს: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა და დავწერ მე იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე“ (გმ. 34:1—4). მოსემ კიდევ 40 დღეს დაჰყო მთაზე, სადაც ათი მცნების ასლი მიიღო. ეს ფილები მან აკაციის ხის კიდობანში შეინახა (კნ. 10:1—5). ამ ფილებს „შეთანხმების ფილები“ უწოდეს (კნ. 9:9, 11, 15). შესაძლოა სწორედ ამიტომ ეწოდა „შეთანხმების კიდობანი“ მოგვიანებით ბეცალელის მიერ გაკეთებულ ოქროთი მოვარაყებულ კიდობანს, რომელშიც ეს ფილები ინახებოდა (იეს. 3:6, 11; 8:33; მსჯ. 20:27; ებ. 9:4). ათი მცნებისგან შემდგარ კანონს „მოწმობა“ (გმ. 25:16, 21; 40:20) და „მოწმობის ორი ფილა“ ეწოდებოდა (გმ. 31:18; 34:29). აქედან წამოვიდა ფრაზები „მოწმობის კიდობანი“ (გმ. 25:22; რც. 4:5) და „მოწმობის კარავი“, რომელშიც ეს კიდობანი იდგა (გმ. 38:21).
ბიბლიიდან ჩანს, რომ პირველი ფილები იეჰოვამ გააკეთა. ისინი „ღვთის თითით“, როგორც ჩანს, მისი სულით იყო ნაწერი (გმ. 31:18; კნ. 4:13; 5:22; 9:10). მოსეს გამოთლილ ფილებზეც იეჰოვამ ამოკვეთა მცნებები. გამოსვლის 34:27-ში მოსეს იეჰოვამ უთხრა: „ჩაიწერე ეს სიტყვები“, მაგრამ ამ შემთხვევაში ღმერთი ათ მცნებას არ გულისხმობდა. როგორც წინათ (გმ. 24:3, 4), მოსეს ახლაც შეთანხმებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები უნდა ჩაეწერა. მართალია, ებრაულ დედანში გამოსვლის 34:28ბ-ში სიტყვა „ღმერთი“ არ არის მოხსენიებული, მაგრამ ამავე თავის პირველი მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ აქ ღმერთი იგულისხმება. მოგვიანებით, როცა მოსე ამ მოვლენებს იხსენებდა, მან დაადასტურა, რომ ფილების ასლებზე წარწერები იეჰოვამ გააკეთა (კნ. 10:1—4).
ათი მცნების შინაარსი. ათ მცნებას პირველ პირში გაკეთებული განაცხადი უძღოდა წინ: „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან“ (გმ. 20:2). ამ სიტყვებიდან მხოლოდ ის კი არ ჩანდა, თუ ვინ ვის მიმართავდა, არამედ ისიც, თუ რატომ მიეცათ სწორედ ამ დროს იუდეველებს ათი მცნება, რომლებიც ღმერთს აბრაამისთვის არ მიუცია (კნ. 5:2, 3).
პირველი მცნება იეჰოვამ ასე ჩამოაყალიბა: „არ გყავდეს სხვა ღმერთები ჩემ გარდა“ (გმ. 20:3). ეს მცნება მიანიშნებდა, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე და უზენაესი ღმერთია. ამიტომაც ისრაელებს მხოლოდ და მხოლოდ მისთვის უნდა ეცათ თაყვანი.
მეორე მცნება პირველი მცნების ლოგიკური გაგრძელება იყო. იგი კრძალავდა ნებისმიერი სახის კერპთაყვანისმცემლობას, რაც იეჰოვას ღირსებისა და პიროვნების აშკარა შეურაცხყოფა იქნებოდა. „არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო“. ეს აკრძალვა ღმერთმა შემდეგნაირად ახსნა: „რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ“ (გმ. 20:4—6).
მესამე მცნებაც ლოგიკურად აგრძელებდა წინა ორი მცნების აზრს: „არ ახსენო უღირსად შენი ღვთის, იეჰოვას სახელი“ (გმ. 20:7). ამ მცნებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, თუ რატომ ენიჭება ებრაულ წერილებში უდიდესი ყურადღება იეჰოვას სახელს (აქ-ში 6 973-ჯერ გვხვდება; იხ. იეჰოვა [რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სახელის ხსენება]). იმ რამდენიმე მუხლშიც კი, სადაც ათი მცნებაა ჩამოთვლილი (გმ. 20:2—17), ღვთის სახელი 8-ჯერ გვხვდება. ფრაზაში „არ ახსენო“ აგრეთვე იგულისხმება „არ გამოიყენო“ და „არ ატარო“. ღვთის სახელის უღირსად გამოყენება მის ამაოდ ან მოტყუების მიზნით ხსენებას ნიშნავდა. ისრაელებს, როგორც ღვთის მოწმეებს, მისი სახელის ტარების პატივი ხვდათ წილად. მაგრამ როცა ღმერთს განუდგნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი იეჰოვას სახელს უღირსად ახსენებდნენ და ატარებდნენ (ეს. 43:10; ეზკ. 36:20, 21).
მეოთხე მცნება ასეთი იყო: „გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმინდა ჰყო იგი, იმუშავე და ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი შენი ღვთის, იეჰოვას შაბათია. არანაირი საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა შინაურმა ცხოველმა და არც შენი კარიბჭის შიგნით მცხოვრებმა ხიზანმა“ (გმ. 20:8—10). თუ ამ დღეს წმინდად დაიცავდნენ იეჰოვასთვის, ყველას, მათ შორის მონებსაც და შინაურ ცხოველებსაც, დასვენების საშუალება მიეცემოდა. შაბათის დაცვა ისრაელებს იმის შესაძლებლობასაც აძლევდა, რომ მთელი ყურადღება სულიერ საკითხებზე გადაეტანათ.
მეხუთე მცნება: „პატივი ეცი მამას და დედას“. შეიძლება ითქვას, რომ ეს მცნება ღვთის წინაშე ადამიანის ვალდებულების განმსაზღვრელ პირველ ოთხ მცნებას აკავშირებს დანარჩენ მცნებებთან, რომლებიც მოყვასის წინაშე ვალდებულებას ეხება. და ვინაიდან მშობლები ღვთის წარმომადგენლები არიან, მეხუთე მცნების დაცვა არა მხოლოდ შემოქმედის, არამედ მის მიერ უფლებამოსილი პირების პატივისცემასა და მორჩილებაზე მეტყველებს. მხოლოდ ამ მცნებას მოსდევდა დაპირება, რომ ამ მცნების დაცვის შემთხვევაში დღეგრძელნი იქნებოდნენ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, მათი ღმერთი აძლევდათ (გმ. 20:12; კნ. 5:16; ეფ. 6:2, 3).
მომდევნო მცნებები ლაკონიურად არის გადმოცემული. მეექვსე — „არ მოკლა“; მეშვიდე — „არ იმრუშო“; მერვე — „არ მოიპარო“ (გმ. 20:13—15). მასორეტულ ტექსტში ეს მცნებები სწორედ ამ თანმიმდევრობით გვხვდება, ანუ ისინი მოყვასის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით არის ჩამოთვლილი. ზოგიერთ ბერძნულ ხელნაწერში (ალექსანდრიის კოდექსი, ამბროზიანას კოდექსი) შემდეგი თანმიმდევრობაა დაცული: მკვლელობა, ქურდობა, მრუშობა. ფილონ ალექსანდრიელი ასეთ თანმიმდევრობას იცავს: მრუშობა, მკვლელობა, ქურდობა (The Decalogue, XII, 51). ვატიკანის კოდექსში კი შემდეგ თანმიმდევრობას ვხვდებით: მრუშობა, ქურდობა, მკვლელობა. მეცხრე მცნება ყურადღებას სიტყვიერ დანაშაულზე ამახვილებს: „არ გამოხვიდე ცრუმოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ“ (გმ. 20:16).
მეათე მცნება (გმ. 20:17) უნიკალური იყო, რადგან კრძალავდა სიხარბეს, ანუ იმის სურვილს, რაც მოყვასს ეკუთვნოდა, მათ შორის სხვისი ცოლის ნდომას. არც ერთ ადამიანს არ შეუმუშავებია ასეთი კანონი, რადგან ამ კანონის შესრულებას ვერავინ გააკონტროლებდა. მეათე მცნება ყველას შეახსენებდა, რომ ისინი იეჰოვას წინაშე აგებდნენ პასუხს, რადგან ის ხედავს და იცის, რა ხდება ადამიანის გულში (1სმ. 16:7; იგ. 21:2; იერ. 17:10).
მცნებების სხვაგვარი დაყოფა. ათი მცნება ლოგიკურად არის დაყოფილი გამოსვლის 20:2—17-ში. პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი („იუდეველთა სიძველენი“, III, თ. 5, აბზ. 5) და მისი თანამედროვე ებრაელი ფილოსოფოსი ფილონ ალექსანდრიელი (The Decalogue, XII, 51) ათ მცნებას ამავე პრინციპით ყოფენ. მაგრამ სხვები, მაგალითად, ნეტარი ავგუსტინე უცხო ღმერთებთან და კერპებთან დაკავშირებულ მცნებებს (გმ. 20:3—6; კნ. 5:7—10) ერთ მცნებად აერთიანებს, ხოლო გამოსვლის 20:17-ში მოხსენიებულ მცნებას (კნ. 5:21) ორ მცნებად ყოფს. მეცხრეში მოყვასის ცოლის სურვილს მოიხსენიებს, მეათეში კი მისი სახლისა თუ სხვა ქონების სურვილს. ავგუსტინეს თავისი მოსაზრების მხარდასაჭერად პარალელური მუხლები მოჰყავს კანონის 5:6—21-დან, სადაც 21-ე მუხლში ებრაულ ტექსტში სურვილის აღმნიშვნელი ორი სიტყვა გვხვდება, კერძოდ, ხამად და ʼავაჰ, თუმცა გამოსვლის 20:17-ში ორჯერვე მხოლოდ ერთი ზმნა არის გამოყენებული.
„გამოსვლასა“ და „მეორე კანონში“ მოცემულ პარალელურ მუხლებში ათი მცნება ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული სიტყვებით არის ჩამოყალიბებული, თუმცა ამით არც აზრი იცვლება და არც ძალა ეკარგება ამ კანონებს. წიგნ „გამოსვლაში“ ათი მცნება ოფიციალური ენით არის გადმოცემული, ხოლო „მეორე კანონში“ უფრო თხრობითი სტილია შენარჩუნებული, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოსე ხალხს ღვთის მცნებებს შეხსენების მიზნით უმეორებდა. ათი მცნება ბიბლიის სხვა მონაკვეთებშიც გვხვდება გარკვეული სახეცვლილებით, რადგან ხშირად, როგორც ებრაული, ისე ბერძნული წერილების დამწერები ათ მცნებას სხვა მითითებების გვერდით ციტირებდნენ ან მოიხსენიებდნენ (გმ. 31:14; 34:14, 17, 21; ლვ. 19:3, 11, 12; კნ. 4:15—19; 6:14, 15; მთ. 5:27; 15:4; ლკ. 18:20; რმ. 13:9; ეფ. 6:2, 3).
ათი მცნება ღვთისგან იყო ბოძებული, ამიტომ ის კანონთა სრულყოფილ კრებულს წარმოადგენდა. ერთხელ ერთმა „კანონის მცოდნემ“ იესო ქრისტეს ჰკითხა, მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონშიო. იესომ პირველი ოთხი (შესაძლოა ხუთი) მცნება შეაჯამა და მიუგო: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. დანარჩენი მცნებები იესომ ერთ მცნებად ჩამოაყალიბა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მთ. 22:35—40; კნ. 6:5; ლვ. 19:18).
ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ ათი მცნების დაცვა. იესო კანონს დაქვემდებარებული ერის შვილი იყო. მან სრულყოფილად დაიცვა იგი და ბოლოს კაცობრიობის გამოსასყიდად სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად (გლ. 4:4; 1ინ. 2:2). წამების ბოძზე სიკვდილით იესომ გაათავისუფლა კანონს დაქვემდებარებულნი (მათ შორის ათ ძირითად მცნებას დაქვემდებარებულნი) და „თვითონ გახდა დაწყევლილი“ მათ ნაცვლად. მისი სიკვდილის წყალობით წაიშალა „ხელნაწერი საბუთი“, რომელიც ღმერთმა წამების ბოძზე მიალურსმა (გლ. 3:13; კლ. 2:13, 14).
მიუხედავად ამისა, ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანია კანონის, მათ შორის ათი მცნების, გამოკვლევა სხვადასხვა საკითხზე ღვთის თვალსაზრისს დასანახავად. გარდა ამისა, ის იყო „მომავალ კურთხევათა ჩრდილი“, ჩრდილი იმ სინამდვილისა, რომელიც ქრისტესია (ებ. 10:1; კლ. 2:17; გლ. 6:2). ქრისტიანები „ღვთის კანონის უქონელნი“ არ არიან, „არამედ ქრისტეს კანონს დაქვემდებარებულნი“ (1კრ. 9:21). ამ კანონით ისინი ცოდვილებად არ არიან შერაცხულნი, რადგან მათ ქრისტეს მეშვეობით გამოვლენილი ღვთის წყალობით ხორციელი სისუსტით ჩადენილი ცოდვები ეპატიებათ (რმ. 3:23, 24).