ᲙᲝᲨᲙᲘ
ნაგებობა (ან ნაგებობის ნაწილი), რომლის სიმაღლეც, ჩვეულებრივ, მის დიამეტრს აღემატება, და რომელიც ახლომდებარე შენობებზე უფრო მაღალია. პირველი კოშკის მშენებლობა, რომელიც ბიბლიაში არის მოხსენიებული, უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც წარღვნის შემდეგ მალევე შინარის მიწაზე დასახლებულებმა განაცხადეს: „მოდი ავიშენოთ ქალაქი და კოშკი, ცას რომ მისწვდეს“ (დბ. 11:2—4). როგორც ფიქრობენ, ეს კოშკი წააგავდა მსოფლიოს იმ ნაწილში აღმოჩენილ რელიგიურ ზიკურათებს, რომლებიც ჰგავდა დახრილ პირამიდებს (იხ. ბაბელი; არქეოლოგია, ბაბილონეთი).
ვენახებში აშენებდნენ უბრალო კოშკებს, რათა გუშაგებს იქიდან თვალყური ედევნებინათ ვენახისთვის და ის ქურდებისა და ცხოველებისგან დაეცვათ (ეს. 5:1, 2; მთ. 21:33; მრ. 12:1).
მტრისგან თავდაცვის მიზნით კოშკებს ქალაქის კედლებში აშენებდნენ. როგორც წესი, ყველაზე გამაგრებულები იყო კუთხის კოშკები და ისინი, რომლებიც კარიბჭის ორივე მხარეს იყო აგებული (2მტ. 26:9; 32:5; ეზკ. 26:4, 9; სფ. 1:16; 3:6). ზოგჯერ კოშკებს საზღვრის გაყოლებაზე აშენებდნენ — ისინი ავანპოსტის (სადარაჯო პოსტი) როლს ასრულებდნენ; მათ აგრეთვე აგებდნენ უკაცრიელ ადგილებში, რათა იქ თავი შეეფარებინათ მწყემსებსა თუ სხვებს (2მტ. 26:10; 27:4; იხ. სიმაგრე; საგუშაგო კოშკი).
ქალაქის შიგნით აგებული კოშკი ხშირ შემთხვევაში მტკიცე ციხესიმაგრის როლს ასრულებდა. ასეთები იყო შექემის, თებეცისა და ფენუელის კოშკები (მსჯ. 8:9, 17; 9:46—54). სხვა ქალაქებში აგებული კოშკების ნანგრევები აღმოჩენილია აგრეთვე იერიხონში, ბეთ-შანში, ლაქიშში, მეგიდოში, მიცფასა და სამარიაში.
ებრაული სიტყვა მიგდალ, რომლის მნიშვნელობაცაა „კოშკი“ (ეზკ. 29:10; 30:6), შედის ზოგიერთი ადგილის სახელწოდებაში, მაგალითად ისეთის, როგორიცაა: მიგდალ-გადი (ნიშნავს: „იღბლის კოშკი“) და მიგდალ-ელი (ნიშნავს: „ღვთის კოშკი“) (იეს. 15:37; 19:38).
გამაგრებულ ქალაქებზე თავდასასხმელად ზოგჯერ ჯარისკაცები „საალყო კოშკებს“ აშენებდნენ. ამ შემაღლებული ადგილებიდან ისროდნენ ისრებსა და დიდ ქვებს. ზოგიერთი ასეთი კოშკი აღჭურვილი იყო კედლის სანგრევი იარაღებით და თავდასაცავი საშუალებებით მათთვის, ვინც ამ იარაღებს იყენებდა (ეს 23:13).
იერუსალიმის კოშკები. ღუმელთა კოშკი მდებარეობდა ქალაქის ჩრდ.-დას.-ით კუთხის კარიბჭესთან ან მასთან ახლოს (ნემ. 3:11; 12:38). უცნობია, რატომ ერქვა ამ კოშკს ასეთი სახელი, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ადგილას მცხობელები ეწეოდნენ თავიანთ საქმიანობას. ღუმელთა კოშკი შესაძლოა უზიას (მეფობდა იერუსალიმში ძვ. წ. 829—778 წლებში) მიერ აშენებული ერთ-ერთი კოშკი იყო (2მტ. 26:9). ქალაქის ჩრდილოეთი კედლის გაყოლებაზე იყო ორი მნიშვნელოვანი კოშკი: ხანანელის კოშკი, რომლის აღდგენა და განწმენდა მოხდა ნეემიას დღეებში (ნემ. 3:1; 12:39; იერ. 31:38; ზქ. 14:10), და მეას კოშკი, რომელიც მასთან ახლოს აღმ.-ით ცხვრის კარიბჭის სიახლოვეს იდგა. ცნობილი არ არის, რატომ ერქვა ამ კოშკს მეა (ნიშნავს „ასი“) (ნემ. 3:1, 12:39).
ტაძრის სამხრ.-ით აღმოსავლეთი კედლის გაყოლებაზე იდგა კოშკი, რომელიც ბიბლიაში მოხსენიებულია „გამოწეული კოშკის“ სახელით. კიდევ უფრო სამხრ.-ით მეფის სასახლესა და მცველთა ეზოსთან ახლოს კიდევ ერთი კოშკი იდგა (ნმ. 3:25—27). ზოგის აზრით, ეს უკანასკნელი მოხსენიებულია „ქებათა ქებაში“ როგორც „დავითის კოშკი ქვებით მწყობრად ნაშენი, ათასი ფარი რომ ჰკიდია მასზე, ვაჟკაცთა მრგვალი ფარები“ (ქბ. 4:4). ეს კოშკი არ უნდა აგვერიოს მოგვიანებით აშენებულ ეგრეთ წოდებულ დავითის კოშკში, რომლის ნაწილსაც ფაზაელის კოშკი წარმოადგენს. ფაზაელის კოშკი ერთ-ერთი იყო ჰეროდე დიდის მიერ თავისი ახალი სასახლის დასაცავად აშენებული სამი კოშკიდან. ჰეროდეს სასახლე მდებარეობდა ქალაქის დასავლეთ ნაწილში იმ ადგილთან ახლოს, სადაც ძველი კუთხის კარიბჭე იყო.
სილოამის კოშკი სავარაუდოდ მდებარეობდა ამავე სახელწოდების აუზის სიახლოვეს იერუსალიმის სამხრ.-აღმ. ნაწილში. იესომ მოიხსენია ეს კოშკი, როცა თქვა, რომ ის ჩამოინგრა და 18 კაცი მოიყოლა. ეს ფაქტი უთუოდ ცნობილი იქნებოდა მისი მსმენელისთვის (ლკ. 13:4; წაიკითხე აგრეთვე ანტონიუსის კოშკი).
სიმბოლური მნიშვნელობა. ისინი, ვინც იეჰოვასადმი რწმენას ავლენენ და ემორჩილებიან მას, თავს დაცულად გრძნობენ, რაც კარგად ჩანს დავითის სიტყვებიდან: „[იეჰოვა] შენა ხარ ჩემი თავშესაფარი, მტკიცე კოშკი, მტრისგან რომ მიცავს“ (ფს. 61:3). ვისაც კარგად ესმის ღვთის სახელის მნიშვნელობა და ის, თუ ვინ დგას ამ სახელის მიღმა, და ამასთანავე, ვინც ენდობა და ღირსეულად წარადგენს ამ სახელს, მას შიშის მიზეზი არ აქვს, რადგან „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მართალი მას აფარებს თავს და დაცულია“ (იგ. 18:10; შდრ. 1სმ. 17:45—47).