საზეიმო სვლა
მტერზე გამარჯვების აღსანიშნავად მოწყობილი ოფიციალური მსვლელობა. ბერძნული თრიამბევო, რაც „საზეიმო სვლაში წაძღოლას“ ნიშნავს, ბიბლიაში მხოლოდ ორჯერ გვხვდება გადატანითი და ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობით (2კრ. 2:14; კლ. 2:15).
წარმართი ერების საზეიმო სვლები. ეგვიპტელები, ასურელები თუ სხვა ერები თავიანთი საბრძოლო გამარჯვებების აღსანიშნავად საზეიმო სვლებს აწყობდნენ. რომის რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გამარჯვებული მხედართმთავრისთვის უდიდეს პატივად ითვლებოდა, თუ სენატი უფლებას მისცემდა გამარჯვება ოფიციალურად აღენიშნა მდიდრული საზეიმო სვლითა და დიდი ზარ-ზეიმით.
რომში პროცესიის მონაწილენი ნელი ნაბიჯით მიაბიჯებდნენ ტრიუმფალურ გზაზე (Via Triumphalis) და შემდეგ კაპიტოლიუმის გორაკზე აღმართული იუპიტერის ტაძრისკენ მიმავალ მიხვეულ-მოხვეულ გზას მიუყვებოდნენ. წინ მიდიოდნენ დამკვრელები და გამარჯვების სიმღერებს მღეროდნენ. მათ უკან მოჰყვებოდნენ ქურუმები და მათი მსახურები, რომლებსაც მიჰყავდათ მთავარი მსხვერპლშესაწირი — თეთრი ხარი. მათ შემდეგ მოდიოდნენ ყმაწვილკაცები, რომლებსაც მსხვერპლად შესაწირავი საქონელი მოჰყავდათ, მათ უკან კი — საბრძოლო ნადავლით დატვირთული ურმები, აგრეთვე, ბორბლებიანი ვეებერთელა პლატფორმები, რომლებზედაც თამაშდებოდა საბრძოლო თუ ქალაქებისა და ტაძრების განადგურების სცენები. ზოგჯერ მასზე დამარცხებული მხედართმთავრის ფიგურას დგამდნენ. დატყვევებული მეფეები, უფლისწულები და მხედართმთავრები თავიანთი ბავშვებითა და მსახურებით შებორკილები მოჰყავდათ. დამცირების მიზნით ხშირად მათ აშიშვლებდნენ.
ამ პროცესიას უკან მოჰყვებოდა დაფნისგვირგვინიანი მხედართმთავარი სპილოს ძვლითა და ოქროთი შემკული ეტლით, რომელშიც ოთხი თეთრი ცხენი იყო შებმული, ზოგჯერ კი სპილოები, ლომები, ვეფხვები ან ირმები. მისი შვილები მის ფერხთით ისხდნენ ან უკან მოჰყვებოდნენ სხვა ეტლით. მათ უკან ფეხით მოდიოდნენ კონსულები და მაგისტრატები, მათ შემდეგ კი ლეგატები და სამხედრო ტრიბუნები გამარჯვებულ ჯართან ერთად. თავზე ყველას დაფნის გვირგვინი ედგა, ძღვნით ხელდამშვენებულნი სიმღერით მოაბიჯებდნენ და ხოტბას ასხამდნენ თავიანთ წინამძღოლს.
ქალაქში საზეიმო მსვლელობის დროს ხალხი გამარჯვებულის ეტლის წინ ყვავილებს ფენდა; ჰაერში ტაძრის სამსხვერპლოებზე დაკმეული საკმევლის სურნელი იფრქვეოდა. გამარჯვებული ჯარისკაცებისთვის ეს კეთილსურნელება პატივის, წარმატების, სიმდიდრისა და უსაფრთხო ცხოვრების მომასწავებელი იყო, ხოლო ტყვეთათვის — სიკვდილის, ვინაიდან მსვლელობის დასასრულს მათ სიკვდილით სჯიდნენ. აქედან გამომდინარე, ადვილი გასაგებია, რა დატვირთვა მიანიჭა პავლემ საზეიმო მსვლელობას 2 კორინთელების 2:14—16-ში.
ზოგიერთი სარდლის პატივსაცემად ტრიუმფალურ თაღებს აგებდნენ. ტიტუსის თაღი რომში ახ. წ. 70 წელს იერუსალიმზე გამარჯვების უტყვი მოწმეა (სურათი, ტ. 2, გვ. 536). ტიტუსმა მამამისთან, იმპერატორ ვესპასიანესთან ერთად იერუსალიმის დამარცხება ტრიუმფალური სვლით აღნიშნა. ზოგიერთი თაღი ქალაქის კარიბჭის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა უმეტესობა უბრალოდ მონუმენტი იყო. არ არის გამორიცხული, რომ თაღი, რომლის ქვეშაც ტყვეები გადიოდნენ, მონობის უღლის სიმბოლო ყოფილიყო.
ქრისტიანთა საზეიმო სვლა. ვინაიდან საზეიმო სვლა ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, პავლემ კორინთელებისთვის მიწერილ წერილში იგი გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენია: „მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის საზეიმო სვლაში მიგვიძღვება ქრისტესთან ერთად!“ (2კრ. 2:14—16). ამ მუხლში პავლე თავის თავსა და თანაქრისტიანებს ღვთის ერთგულ ქვეშევრდომებად წარმოგვიდგენს. როგორც ძეები, მაღალი რანგის ოფიცრები და გამარჯვებული ჯარისკაცები, ისინი ქრისტესთან ერთად მწყობრი ნაბიჯით მიჰყვებიან ღმერთს დიდებულ საზეიმო სვლაში კეთილსურნელებით მოფენილ გზაზე.
კოლოსელების 2:15-ში „საზეიმო სვლას“ საპირისპირო მნიშვნელობით ვხვდებით. ამ მუხლში სატანის ძალაუფლებაში მყოფი მთავრობები და ძალაუფლებანი საზეიმო სვლაში მონაწილე ტყვეებად და პატიმრებად არიან წარმოდგენილი. დიდი დამპყრობელი, იეჰოვა აშიშვლებს მათ და სააშკარაოზე გამოჰყავს ისინი, როგორც წამების ბოძის მეშვეობით დამარცხებულები. წამების ბოძზე ქრისტეს სიკვდილით არა მარტო წაიშალა „ხელნაწერი საბუთი“, ანუ კანონის შეთანხმება, არამედ ქრისტიანები სატანის ბნელი ძალების მონობისგან გათავისუფლდნენ.
სხვა მსვლელობები. ბიბლია ღირსშესანიშნავი მოვლენების აღსანიშნავად გამართულ სხვა საზეიმო მსვლელობებსაც მოიხსენიებს. დავითი აღწერს სინადან იერუსალიმისკენ, ტაძრის წმინდა ადგილისკენ საბრძოლო ეტლების, ტყვეების, მომღერლებისა და მუსიკოსების თანხლებით იეჰოვას სვლას და ისრაელის წმინდის განმადიდებელ ხალხს (ფს. 68:17, 18, 24—26). ნეემიას დროს იერუსალიმის აღდგენილი გალავნის მიძღვნის აღსანიშნავად საზეიმო სვლა მოეწყო (ნემ. 12:31). ფსალმუნის 118:27-ში ნახსენები „საზეიმო სვლა“, სავარაუდოდ, ყოველწლიური კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად მოეწყო.