უცნობი ღმერთი
წარწერა სამსხვერპლოზე, რომელიც პავლე მოციქულმა ათენში ყოფნის დროს ნახა. ათენელები ღმერთების შიშით ტაძრებსა და სამსხვერპლოებს აგებდნენ. ის კი არა აბსტრაქტული ცნებებიც გაღმერთებული ჰყავდათ და სამსხვერპლოებს უგებდნენ დიდებას, მოკრძალებას, ძალას, რწმენასა და სიბრალულს. სამსხვერპლო წარწერით „უცნობ ღმერთს“ ათენელებმა შესაძლოა იმის შიშით ააგეს, რომ რომელიმე ღმერთი არ გამორჩენოდათ და მისი გულისწყრომა არ გამოეწვიათ. არეოპაგში (მარსის ბორცვი) შეკრებილი სტოიკოსების, ეპიკურელებისა თუ სხვების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პავლემ ტაქტიანად ახსნა, რომ ეს იყო იმ უცნობი ღმერთის სამსხვერპლო, რომელზეც ქადაგებდა (სქ. 17:18, 19, 22—34).
მსგავსი სამსხვერპლოების არსებობას საბერძნეთში ადასტურებენ ბერძენი მწერლები ფილოსტრატე (ახ. წ. 170?—245) და პავსანია (ახ. წ. II ს.). პავსანია მოიხსენიებს „უცნობი ღმერთების“ სამსხვერპლოებს (Description of Greece, ატიკა I, 4). ფილოსტრატე თავის ნაშრომში წერს: „დიდი სიბრძნისა და გამჭრიახობის მაჩვენებელია ყველა ღმერთის განდიდება, განსაკუთრებით ათენში, სადაც სამსხვერპლოები უცნობი ღმერთების სახელზეც კია აგებული“ (The Life of Apollonius of Tyana, VI, III).