მკითხველთა შეკითხვები
გამოიყენება თუ არა ტეტრაგრამატონი (ღვთის სახელის აღმნიშვნელი ოთხი ებრაული ასო) XIV საუკუნეში ექიმ შემ-ტობ ბენ ისააკ იბნ შარფუტის მიერ გამოცემულ მათეს სახარებაში?
არა. მაგრამ მათეს ეს ტექსტი 19-ჯერ იყენებს „ჰაშ·შემʹს“ (სრული ან შემოკლებული ფორმით), როგორც ეს მითითებულია 1996 წლის 1-ლი სექტემბრის „საგუშაგო კოშკის“ მე-10 გვერდის სქოლიოში.
ებრაული „ჰაშ·შემიʹ“ ნიშნავს „სახელს“, რომელიც ეჭვგარეშეა ღვთიურ სახელზე მიუთითებს. მაგალითად, შემ-ტობის ტექსტში „ჰაშ·შემʹის“ შემოკლებული ფორმა გვხვდება მათეს 3:3-ში, რომელიც ციტირებულია ესაიას 40:3-დან. გონივრულია დავასკვნათ, რომ, როცა მათეს სახარებაში მუხლი ციტირებულია „ებრაული წერილებიდან“, სადაც მოცემულია ტეტრაგრამატონი, მან ეს ღვთიური სახელი თავის სახარებაში აღნიშნა. ამიტომ, თუმცა შემ-ტობის ებრაული ტექსტი არ იყენებს ტეტრაგრამატონს, ის იყენებს „სახელს“, როგორც ეს მათეს 3:3-შია გაკეთებული, და ამით მხარს უჭერს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „იეჰოვას“ გამოყენებას.
შემ-ტობმა თავის პოლემიკურ ნაშრომში „ეʹვენ ბოʹხანში“ მათეს ებრაული ტექსტი გადმოიტანა. მაგრამ რა იყო ამ ებრაული ტექსტის წყარო? პროფესორი ჯორჯ ჰოვარდი, რომელიც გულმოდგინედ იკვლევდა ამ საკითხებს, ამბობს, რომ „შემ-ტობის მიერ გამოყენებული ებრაული მათეს სახარება სადღაც ქრისტიანული ერის პირველი ოთხი საუკუნით თარიღდება“a. სხვები შეიძლება ამ საკითხში არ ეთანხმებიან მას.
ჰოვარდი აღნიშნავს: „ებრაული მათეს სახარება ამ ტექსტში ხასიათდება განსაკუთრებით ბევრი სხვაობით კანონიკურ ბერძნულ მათეს სახარებასთან შედარებით“. მაგალითად, შემ-ტობის ტექსტის თანახმად, იესომ იოანეს შესახებ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი“. მან გამოტოვა იესოს შემდგომი სიტყვები: „მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათე 11:11). ებრაული წერილების შემორჩენილ ებრაულ ტექსტსა და „სეპტუაგინტას“ შესაბამის ტექსტებს შორის მსგავსი სხვაობები საკმაოდ ბევრია. მაშინ როცა ვიცით, რომ მათ შორის არის სხვაობები, მსგავსი ძველი ტექსტები კვლევისას შედარებებისთვის გამოიყენებოდა.
როგორც უკვე მოხსენიებული იყო, მათეს შემ-ტობის ტექსტში შეტანილია „სახელი“ იმ ადგილებში, სადაც იმის სათანადო დამაჯერებელი მიზეზი არსებობდა, რომ აქ მათემ სინამდვილეში გამოიყენა ტეტრაგრამატონი. ამგვარად, 1950 წლიდან ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთიური სახელის გამოყენების მხარდასაჭერად შემ-ტობის ტექსტი მოჰყავთ და დღესაც „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“ იყენებს მასb [ინგლ.].
[სქოლიოები]
a აგრეთვე იხილე წიგნი „ახალი აღთქმის შესწავლა“ (New Testament Studies), ტომი 43, ნომერი 1, 1997 წლის იანვარი, 58–71 გვერდები [ინგლ.].
b გამოცემულია 1984 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.