განსაზღვრულია ჩვენი მომავალი?
ქრისტიანები, მუსულმანები, იუდეველები, ინდუსები თუ სხვა რწმენის ხალხი, ყველა განიცდის უბედურებებს და სწუხს მათ გამო.
მაგალითად, 1997 წლის 6 დეკემბერს ციმბირის ქალაქ ირკუტსკში საშინელი უბედურება დატრიალდა. გიგანტური სატვირთო თვითმფრინავი „ან-124“ ის იყო აეროდრომიდან აფრინდა, რომ მისი ორი ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. საწვავით სავსე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. ცეცხლმა რამდენიმე სახლი შთანთქა და სიკვდილი და უბედურება მოუტანა მრავალ უმწეო მობინადრეს, რომელთა შორის უმანკო ბავშვებიც იყვნენ.
ციმბირის იმ ნაწილში, სადაც ეს კატასტროფა მოხდა ადამიანებს, ალბათ, სხვადასხვა რელიგიური მრწამსი აქვთ. ზოგი მათგანი შეიძლება ქრისტიანია, მაგრამ ამავე დროს ფიქრობს, რომ ტრაგედია ბედისწერამ განაპირობა. მათ და ასევე სხვებსაც შეიძლება მიაჩნიათ, რომ „ეს ღვთის ნება იყო და ის ადამიანები ასე თუ არა, სხვაგვარად მაინც დაიღუპებოდნენ — ასეთი იყო მათი ბედი“.
ეს აზრი, ხმამაღლა გამოთქმულია თუ არა, გამოხატავს წარმოდგენას, რომელიც მთელი მსოფლიოს მრავალ რელიგიაშია გავრცელებული — წარმოდგენას ბედისწერის შესახებ. მრავალ ადამიანს სწამს, რომ დაბადებიდანვე წინასწარ განსაზღვრულია, თუ რა მოგველის სიკვდილის დღემდე.
ბედისწერის რწმენა სხვადასხვა სახით არის გავრცელებული, რის გამოც მისი განმარტების სრულად ჩამოყალიბება რთულია. ბედისწერა, ძირითადად, გამოხატავს თვალსაზრისს, რომ ყველაფერი რაც ხდება, თითოეული ფაქტი, თითოეული მოვლენა — კარგი თუ ცუდი — გარდაუვალია; ის აუცილებლად უნდა მოხდეს, ვინაიდან ასეა წინასწარ გადაწყვეტილი ადამიანზე მაღლა მდგომი ზებუნებრივი ძალის მიერ. ეს აზრი გვხვდება ასტროლოგიაში, ინდუიზმისა და ბუდიზმის კარმაში, ისევე როგორც ბედისწერის შესახებ ქრისტიანული სამყაროს სწავლებაში. წინათ, ძველ ბაბილონეთში, ადამიანებს სწამდათ, რომ ღმერთები ბედსა და მომავალს ჩანაწერების საშუალებით მართავდნენ. ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერ ღმერთს, რომლის ხელშიც „ბედისწერის დაფები“ იყო, შეეძლო ადამიანების, სამეფოებისა და თვით ღმერთების ბედიც კი გადაეწყვიტა.
მრავალი მორწმუნის აზრით, სანამ ადამიანი დაიბადება ღმერთი თავისი ზეციური დადგენილებით ყველაფერს განსაზღვრავს მისი მომავლის შესახებ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, სქესს, მდიდარი იქნება თუ ღარიბი, უბედური თუ ბედნიერი. ყოველივე ღვთის მეხსიერებაში ინახება ან წინდაწინ ჩაწერილია წიგნში. ამიტომ, როდესაც უბედურება ხდება ასეთი მორწმუნე ადამიანი ჩვეულებისამებრ ამბობს: „ეს გვეწერა!“
არსებობს თვალსაზრისი, რომ, რადგან ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის, მას ასევე განსაზღვრული უნდა ჰქონდეს, ვინ იქნება მისი მორჩილი და ვინ — არა. ამგვარად, ამ აზრის მრავალი მომხრე ფიქრობს, რომ ადამიანის დაბადებამდეც კი ღმერთს უკვე განსაზღვრული აქვს, მარადიული ნეტარება ელოდება მას სამოთხეში თუ მარადიული ტანჯვა.
შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ძლიერ ჰგავს ბედისწერის ცნებას, რომელსაც ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი ეკლესია ასწავლის. მე-16 საუკუნის ფრანგი რეფორმატორი და ცნობილი პროტესტანტი, ჯონ კალვინი, ბედისწერის მხარდამჭერი იყო. მან ბედისწერა განმარტა, როგორც „ღვთის მარადიული დადგენილება, რომლითაც ღმერთმა თავისი სურვილისამებრ განსაზღვრა თითოეული პიროვნების მომავალი. ყველა ერთნაირი პირობებისთვის კი არ არის შექმნილი, არამედ ზოგისთვის მარადიული სიცოცხლეა განკუთვნილი, ზოგისთვის კი — მარადიული ტანჯვა“. კალვინმა ასევე განაცხადა: „ღმერთმა არა მარტო იცოდა პირველი ადამიანის მომავალი ცოდვისა და შთამომავლობისთვის დამღუპველი შედეგების შესახებ, არამედ თავისივე სურვილით გადაწყვიტა, რომ ამგვარად მომხდარიყო“.
თუმცა ყველა ადამიანს არ სწამს ბედისწერის ანუ ფატალიზმის, რასაც მისი რელიგია ასწავლის. ზოგი მართებულად შენიშნავს, რომ რელიგიური წერილები ადამიანის ნების თავისუფლებას მოიხსენიებს. ფაქტობრივად, ადამიანის მოქმედებების შესახებ ცხარე კამათია გამართული, ადამიანის თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მათ თუ ღვთის მიერ არის განსაზღვრული. მაგალითად, ზოგი ამტკიცებს, რომ ადამიანი სრულიად თავისუფალი უნდა იყოს, არჩევანი გააკეთოს და სურვილისამებრ იმოქმედოს, რადგან ღმერთი სამართლიანია და ადამიანებს თვლის პასუხისმგებლად, თვითონვე გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ. სხვები ამბობენ, რომ ადამიანის მოქმედებებს ღმერთი განსაზღვრავს, მაგრამ ისე აკეთებს, რომ პიროვნებამ თვითონ იმოქმედოს და პასუხისმგებლობაც მას დაეკისროს. საერთოდ კი, მრავალ ადამიანს სწამს, რომ თითოეული მოვლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდი თუ მცირე, ღვთის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული.
როგორია თქვენი შეხედულება? უკვე განსაზღვრული აქვს ღმერთს, რა გელით მომავალში? სინამდვილეში აქვთ ადამიანებს ნების თავისუფლება, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გონივრული არჩევანი გააკეთონ? რამდენად დამოკიდებულია ჩვენი ბედი ჩვენს მოქმედებებზე? შემდეგი სტატია უპასუხებს ამ შეკითხვებს.
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
SEL/Sipa Press