სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
‘ყოველდღე მოედანზე’
მოციქული პავლე სამეფოს შესახებ ცნობის გასავრცელებლად ყველა შესაძლებლობას იყენებდა. ღირსეულები, რომ ეპოვა ელაპარაკებოდა „სინაგოგებში იუდეველებს და. . . იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე“ (საქმეები 17:17).
ასეთი ენთუზიაზმი ახ. წ. პირველი საუკუნიდან იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების დამახასიათებელი ნიშანია (მათე 28:19, 20). დღეს იეჰოვას მოწმეები ასევე იყენებენ ყოველგვარ მეთოდს, როდესაც სიხარულით ეხმარებიან გულწრფელ ადამიანებს, რომ მიაღწიონ ჭეშმარიტების შემეცნებას (1 ტიმოთე 2:3, 4). ქვემოთ მოყვანილი შემთხვევა ავსტრალიიდან ამის მაგალითია.
კვირაში ხუთი დღე სიდი და ჰაროლდი ერთმანეთს ენაცვლებიან ბიბლიური ლიტერატურის სადემონსტრაციო პატარა დაფასთან, რომელიც სიდნეიში, რკინიგზის სადგურთან აქვთ დადგმული. ისინი უკვე დაახლოებით ხუთი წელია ასე უზიარებენ სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას. სიდი, რომელიც 95 წლისაა გვიყვება: „როდესაც 87 წელი შემისრულდა, მანქანის ტარება აღარ შემეძლო. ამან გული გამიტეხა, რადგანაც სამქადაგებლო საქმიანობაში ვიყენებდი. ერთ დღეს, პოპულარულ ადგილზე სახელად „ექო ფოინთი“ (კათუმბა), სადაც უამრავი ტურისტი იყრიდა თავს, ვნახე მხატვარი, რომელიც პეიზაჟებს ყიდდა. დავათვალიერე ნახატები და ჩემთვის გავიფიქრე „ამათზე უკეთესი სურათები ჩანთაში მაქვს, რომელსაც სამქადაგებლო მსახურებაში ვიყენებ და ისინი ამათზე იაფიცაა!“ ასე რომ, გადავწყვიტე ამეწყო პატარა სადემონსტრაციო დაფა, დამედგა იმ ადგილზე სადაც უამრავი ტურისტი იყრიდა თავს და გამვლელებისთვის შემეთავაზებინა ლამაზად დასურათებული ბიბლიური ლიტერატურა, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ავრცელებენ.
ოთხი წლის წინ ჩემი დაფა სიდნეიში გადავიტანე და ჰაროლდიც შემომიერთდა. ერთმანეთს ვენაცვლებით დაფასთან დგომაში და ადგილობრივ კრებებთან ვთანამშრომლობთ“. ჰაროლდი, რომელიც ახლა 83 წლისაა, ამბობს: „სამუშაო დღეებში ძალიან ცოტა ხალხია სახლში. ასე რომ, ასეთი გზით სამეფოს შესახებ ცნობის გაზიარებას იქ მივყავართ სადაც ხალხია. ბუნებრივია კარგ შედეგებს ვიღებთ. ჩვენი ლიტერატურის გავრცელების საქმიანობა კარგადაა ცნობილი ჩვენს ქვეყანაში“.
თუმცა ოთხ-ხუთჯერ გამოვიცვალეთ ადგილი წლების განმავლობაში, ხალხს მაინც არ სჭირდებოდა დიდი დრო იმის გასაგებად, თუ ვინ ვართ და სად ვიმყოფებით. ზოგი ლიტერატურისთვის მოდის. სხვებს კითხვები აქვთ. ზოგს კი რამდენიმე წუთით საუბარი სურს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც განმეორებით მე კი არ ვაკითხავ, ისინი მაკითხავენ“ — ამბობს სიდი ღიმილით.
„ბევრს ნამდვილად აინტერესებს ბიბლია“ — ამბობს ჰაროლდი. „ერთ თვეში ოთხმა პიროვნებამ დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან, ჩვენ მიერ მიცემული ლიტერეტურისა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად, რომლებზეც ბიბლიის მეშვეობით ვუპასუხეთ. ამგვარი შემთხვევები დიდად გვამხნევებს“.
სიდისა და ჰაროლდის, აგრეთვე მოციქულ პავლეს მსგავსად, იეჰოვას მოწმეები ყველგან ყველა საშუალებას იყენებენ, რათა გაავრცელონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა. ამგვარად, კეთილი ცნობის ქადაგება ‘მთელ მსოფლიოში’ გრძელდება (მათე 24:14).