უფრთხილდით სიმონიას!
სამარიელი სიმონი უაღრესად პატივცემული იყო თავის მხარეში. პირველ საუკუნეში მისი გრძნეულებით აღტაცებული თვითმხილველები ამბობდნენ: „ეს [კაცი] ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება“ (საქმეები 8:9–11).
შემდეგ სიმონი ქრისტიანი გახდა და, როგორც ჩანს, უფრო დიდი ძალა დაინახა. ეს ის ძალა იყო, რომელიც იესოს მოციქულებს ჰქონდათ მინიჭებული და რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ სხვებისთვისაც გადაეცათ სულიწმიდის ზებუნებრივი ნიჭები. სიმონზე ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მოციქულებს ფული შესთავაზა და სთხოვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა“ (საქმეები 8:13–19).
მოციქულმა პეტრემ გაკიცხა ის: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული წრფელი არაა ღვთის წინაშე“ (საქმეები 8:20, 21).
სწორედ ამ ბიბლიური შემთხვევიდან დამკვიდრდა სიტყვა „სიმონია“, რომლის განმარტებაც შემდეგია: „ცოდვა, საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა“. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ (New Catholic Encyclopedia) აღიარებს, რომ განსაკუთრებით IX—XI საუკუნეებში „სიმონია მეფობდა მონასტრებში, უმდაბლეს სამღვდელოებაში, ეპისკოპოსებსა და თვით პაპებს შორისაც კი“. ბრიტანული ენციკლოპედიის მეცხრე გამოცემაში (1878 წელი) ნათქვამია: „პაპების საიდუმლო შეხვედრების ისტორიის გამოკვლევა ცხადყოფს, რომ არც ერთი არჩევა მომხდარა სიმონიის გარეშე, და ხშირად საიდუმლო კრებებში სიმონია თვალში საცემი, უაღრესად სამარცხვინო და ყველას დასანახავი იყო“.
დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა უფრთხილდნენ სიმონიას. მაგალითად, ზოგი შეიძლება გადამეტებულად აქებდეს ან საჩუქრებით ავსებდეს იმათ, რომლებსაც შეუძლიათ მათთვის გარკვეული უპირატესობების მინიჭება. მეორე მხრივ, ეს უკანასკნელები შეიძლება მიკერძოებას ავლენდნენ შეძლებულების — და ხშირად გულით მოწადინებულების — მიმართ, რომ მათგან უხვად მიიღონ საჩუქრები. ორივე შემთხვევა სიმონიას უკავშირდება, ბიბლია კი აშკარად არ იწონებს მას. „მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტევოს შენი გულისზრახვა, ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს“, — ურჩია პეტრემ სიმონს (საქმეები 8:22, 23).
საბედნიეროდ, სიმონი მიხვდა, რომ არასწორი სურვილი ჰქონდა. მან სთხოვა მოციქულებს: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი მომეწიოს თქვენი ნათქვამიდან“ (საქმეები 8:24). ქრისტიანებისთვის ეს ბიბლიური შემთხვევა გაკვეთილია და ისინი ნებისმიერი სახის სიმონიას ერიდებიან.