კარგ საქმეებს ღვთისთვის დიდება მოაქვს
ვისაც ღმერთი უყვარს, მისი სიტყვიდან, ბიბლიიდან, სულიერი სინათლის არეკვლას ცდილობს. ამგვარად, ისინი მიჰყვებიან იესოს მოწოდებას: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:16). ნათქვამ სიტყვასა და წესიერ ქცევას შეუძლია ღმერთს დიდება მოუტანოს.
იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ასიამოვნონ ღმერთს ბიბლიასთან შეთანხმებული მოქმედებითა და სხვებისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენით. ისინი იმ ქვეყნებშიც კი ასე იქცევიან, სადაც მათი საქმიანობა ჯერ არ არის რეგისტრირებული. ერთ-ერთი ასეთი ქვეყნის დედაქალაქში მოწმეები ატარებდნენ კონგრესებს, რომლებსაც მთლიანობაში საშუალოდ 6 000—9 000 ადამიანი დაესწრო. ასეთი შეკრებებისთვის გამოფენათა გასამართი დარბაზების კომპლექსი დაიქირავეს. როგორც წინა წლებში, 1999 წლის კონგრესის დაწყებამდეც ასობით მოწმე მძიმედ შრომობდა ამ შენობების დასასუფთავებლად, ხმის გამაძლიერებელი სისტემის დასამონტაჟებლად და ათასობით სკამის მოსატანად.
ეს სამზადისი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამ კომპლექსის ადმინისტრაცია თვალყურს ადევნებდა მოწმეების საქმიანობას. მათ აგრეთვე დაინახეს, რომ, თუმცა დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 15 666-ს მიაღწია, ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა და მოწმეები ძალზე წესიერად იქცეოდნენ. ადმინისტრაციის პერსონალზე შთაბეჭდილება იმანაც მოახდინა, რომ მოწმეების წასვლის შემდეგ ყველგან სისუფთავე იყო.
ყოველივე ამისთვის ადმინისტრაციამ მადლიერება იმით გამოხატა, რომ მოწმეებს შესთავაზა, მომდევნო წელსაც გამოეყენებინათ შენობა. თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ. 1999 წლის 15 ივლისს კონგრესის კომიტეტს მადლიერების ჯილდო გადასცეს. ფირფიტაზე ამოტვიფრული იყო შემდეგი სიტყვები: „იეჰოვას მოწმეთა კრება“ — რაც მოულოდნელი იყო ეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა შეზღუდულია.
2000—2001 წლებში მილიონები დაესწრებიან იეჰოვას მოწმეთა ასობით საოლქო კონგრესს, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის შემსრულებლები“. ამ კონგრესზე დასწრებით პირადად შეგეძლებათ თვალყური ადევნოთ მათ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ იმის კეთებას, რასაც ბიბლია კარგ საქმეს უწოდებს და რომელსაც ღვთისთვის დიდება მოაქვს.