როცა დუმილი თანხმობის ნიშანია
წიგნი „ღალატი — გერმანული ეკლესიები და ჰოლოკაუსტი“ გულახდილად განიხილავს რელიგიის როლს ნაციზმში. „ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერა ჩვეულებრივი იყო ქრისტიანებისთვის, — აცხადებს წიგნი, — უმრავლესობას არავითარი პროტესტი არ განუცხადებია ებრაელების დევნის გამო. ამ შემთხვევაში დუმილით ბევრი რამ ითქვა“.
რამ მიიზიდა ეგრეთ წოდებული ქრისტიანები ნაციზმისკენ? წიგნი განმარტავს, რომ ბევრი მათგანი ჰიტლერის მიერ „გერმანულ საზოგადოებაში დამყარებულმა წესრიგმა“ შეიყვანა შეცდომაში. წიგნი ამბობს: „ის ებრძოდა პორნოგრაფიას, პროსტიტუციას, აბორტს, ჰომოსექსუალიზმს, თანამედროვე ხელოვნების უხამსობას; მან ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლებით დააჯილდოვა ის ქალები, რომელთაც ჰყავდათ ოთხი, ექვსი და რვა შვილი, ამგვარად მან წაახალისა ისინი, რათა თავიანთი ტრადიციული როლი შეენარჩუნებინათ ოჯახში. ამ ტრადიციული ფასეულობებისკენ მოწოდებამ და მილიტარისტულმა ნაციონალიზმმა, რომელიც ჰიტლერმა გამოიყენა ვერსალის საზავო ხელშეკრულების მეშვეობით განხორციელებული ეროვნული ჩაგვრის საპასუხოდ, გერმანიაში ნაციონალისტური სოციალიზმი საუკეთესო არჩევნად აქცია ბევრისთვის, მათ შორის ქრისტიანთა უმრავლესობისთვისაც“.
ერთი ჯგუფი სრულიად გამოირჩეოდა. «„იეჰოვას მოწმეები“, — შენიშნავს ეს წიგნი, — უარს ამბობდნენ ძალადობაში, ანუ სამხედრო ძალის გამოყენებაში მონაწილეობის მიღებაზე». ამან განაპირობა სასტიკი თავდასხმა ამ პატარა ჯგუფზე და ბევრი მათგანი საკონცენტრაციო ბანაკებში წაიყვანეს. სხვებს კი, ვინც თავს ქრისტეს მიმდევრად აცხადებდა, ხმა არ ამოუღიათ. ეს წიგნი შემდგომ აღნიშნავს: „კათოლიკეები და პროტესტანტები იეჰოვას მოწმეების მიმართ მტრულად უფრო იყვნენ განწყობილი, ვიდრე თანაგრძნობით; ისინი უფრო ჰიტლერის მკაცრ თვალსაზრისს იზიარებდნენ, ვიდრე მოწმეების, რომლებიც მშვიდობისკენ მოუწოდებდნენ“. მათმა დუმილმა, უეჭველად, ხელი შეუწყო ნაცისტური რეჟიმის პერიოდში მოწმეებისადმი სასტიკ დამოკიდებულებას.
მაშინ როდესაც ნაცისტურ პოლიტიკაში ეკლესიების ჩარევა კვლავაც საკამათო საკითხია, წიგნი იეჰოვას მოწმეებს უწოდებს „რელიგიურ ჯგუფს, რომელიც უარს ამბობდა იმაზე, რომ მხარი დაეჭირა ან ეთანამშრომლა ნაცისტურ რეჟიმთან“.