ცხოვრება საშიშროებებთან ერთად
„ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერი რამ, რასაც კი აკეთებთ, მათ შორის ძილიც კი, არ არის დაზღვეული საფრთხისაგან და შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს“, — აღნიშნავს ერთი ჟურნალი (Discover).
ცხოვრებას დანაღმულ ველზე გავლას ადარებენ, რამეთუ ადამიანმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში მიიღოს რაიმე ტრავმა ან მოკვდეს, და ეს ხშირად მოულოდნელად ხდება. რისკ-ფაქტორები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. მათში შედის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, სამოქალაქო ომები, შიმშილობა, შიდს-ი, კიბო, გულის დაავადებები და სხვა მრავალი. მაგალითად, სამხერთ აფრიკის რეგიონში, შიდს-ი ნომერი პირველი მკვლელი გახდა, რომელმაც გასული წლის განმავლობაში „2,2 მილიონ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი 10-ჯერ აღემატება აფრიკის ყველა სამოქალაქო ომში დაღუპულთა რაოდენობას“, — აღნიშნა ერთმა ჟურნალმა (U.S.News & World Report).
ამავე დროს მსოფლიო მილიარდებს ხარჯავს სიცოცხლის გახანგრძლივებასა და დაავადების ან ინვალიდობის რისკის შესამცირებლად. მრავალი ისეთი იდეის პოპულარიზაცია ხდება, რომლებსაც სასარგებლო შედეგების მოტანა შეუძლია; ასეთებია, მაგალითად, იდეა ჯანსაღ კვებასთან, სმაში ზომიერებასა და ფიზიკურ ვარჯიშებთან დაკავშირებით. მაგრამ არსებობს ცხოვრების ნებისმიერი მნიშვნელოვანი სფეროს შესახებ სანდო ინფორმაციის წყარო, რომელიც შედარებით უვნებელი და უსაფრთხო ცხოვრების გატარებაში დაგეხმარებათ. ეს წყარო ბიბლიაა. მასში მოცემულია მითითებები მრავალ იმ საკითხთან
დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ახდენენ გავლენას. რა თქმა უნდა, ბიბლია დაწვრილებით არ იხილავს ნებისმიერ პრობლემას, მაგრამ მასში მოცემული ჩინებული პრინციპები ხელმძღვანელობას გვიწევს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: კვების ჩვევები, ფიზიკური ამტანობა, აზროვნება, სექსი, ალკოჰოლის სმა, სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკების გამოყენება და სხვა.
მრავალი ადამიანის ცხოვრებას ფინანსური არასტაბილურობაც ამძიმებს. ბიბლია ამაშიც გვეხმარება. ის არა მარტო მოგვიწოდებს, რომ გონივრული თვალსაზრისი გვქონდეს ფულსა და ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით, არამედ გვიჩვენებს, როგორ ვიყოთ უკეთესი მოსამსახურე ან დამსაქმებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ბიბლია კარგ მეგზურს წარმოადგენს არა მარტო ფინანსური უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. გსურთ თუ არა, დაინახოთ, რამდენად პრაქტიკული შეიძლება იყოს დღეს ბიბლია? თუ გსურთ, გთხოვთ, განაგრძოთ კითხვა.