მკითხველთა შეკითხვები
აძლევს წმინდა წერილები ქრისტიანს უფლებას, სასამართლოში ბიბლიაზე ხელი დაადოს და დაიფიცოს, რომ სრულ სიმართლეს ილაპარაკებს?
ამ საკითხთან დაკავშირებით ყველამ პირადად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (გალატელთა 6:5). ბიბლია არ კრძალავს სასამართლოში სიმართლის თქმასთან დაკავშირებით დაფიცებას.
დიდი ხნის განმავლობაში ფიცის დადება ფართოდ გავრცელებული ჩვეულება იყო. მაგალითად, ძველად ბერძნები ფიცის წარმოთქმისას ზეცისკენ აღაპყრობდნენ ხოლმე ხელს ან სამსხვერპლოს ეხებოდნენ. როდესაც რომაელი ფიცს დებდა, ხელში ქვა ეჭირა და ამბობდა: „თუ შეგნებულად მოვიტყუო, მაშინ ქალაქისა და სიმაგრის მფარველმა ღმერთმა იუპიტერმა ჩემ მიერ ნასროლ ქვასავით მოისროლოს ყოველი სიკეთე ჩემი ცხოვრებიდან“ (ჯონ მაკკლინტოკისა და ჯეიმს სტრონგის „ბიბლიური, თეოლოგიური და საეკლესიო ლიტერატურის ენციკლოპედია“, ტომი VII, გვ. 260).
ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ კაცობრიობა ღვთიური ძალის არსებობის აღიარებისკენაა მიდრეკილი, ღვთისა, რომელიც აკვირდება ადამიანებს და ვის წინაშეც ისინი ანგარიშვალდებული არიან. უძველესი დროიდან მოყოლებული იეჰოვას ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა იცოდნენ, რომ ღვთისთვის ცნობილი იყო, რას ამბობდნენ და რას აკეთებდნენ (იგავები 5:21; 15:3). ისინი ღვთის წინაშე იფიცებდნენ და, ასე ვთქვათ, მოწმედ მოჰყავდათ ის. მაგალითად, ბოყაზმა, დავითმა, სოლომონმა და ციდკიამ ამგვარად წარმოთქვეს ფიცი (რუთი 3:13; მეორე მეფეთა 3:35; მესამე მეფეთა 2:23, 24; იერემია 38:16). ისიც არ იყო უცხო, რომ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლებისთვის რამე დაეფიცებინათ, თუ გავიხსენებთ აბრაამისა და იესო ქრისტეს შემთხვევებს (დაბადება 21:22—24; მათე 26:63, 64).
ხანდახან, როდესაც ადამიანი იეჰოვას წინაშე იფიცებდა, გარკვეული ჟესტით აკეთებდა ამას. აბრამმა (აბრაამმა) სოდომის მეფეს უთხრა: «ავაპყრობ ჩემს ხელებს [„და დავიფიცებ“, აქ] უფლის მიმართ, მაღალი ღმერთისა, ცისა და მიწის მეუფისა» (დაბადება 14:22). ანგელოზმა კი, რომელიც წინასწარმეტყველ დანიელს ესაუბრებოდა, „ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა და დაიფიცა მარადცოცხალი“ (დანიელი 12:7). ღმერთზეც კი სიმბოლურად ნათქვამია, რომ ფიცით აღაპყრობს ხელს (მეორე რჯული 32:40, აქ; ესაია 62:8).
საღვთო წერილი არ კრძალავს დაფიცებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თავისი ყოველი სიტყვის დასტურად ფიცი უნდა მოიშველიოს. იესომ თქვა: „არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო — ჰო, არა — არა“ (მათე 5:33—37). მოწაფე იაკობმაც იმავეზე გაამახვილა ყურადღება. „ნუ დაიფიცებთ“, — თქვა მან, რაც ყველა წვრილმანზე დაფიცების წინააღმდეგ მიცემული გაფრთხილება იყო (იაკობი 5:12). არც იესოსა და არც იაკობს არ უთქვამთ, რომ სიმართლის ლაპარაკთან დაკავშირებით სასამართლოში ფიცის მიცემა არასწორია.
როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ სასამართლოში სთხოვენ, დაიფიცოს იმის დასტურად, რომ მისი ჩვენება სანდოა? მას შეუძლია ასეთი ფიცი დადოს. თუ არადა, მას შეიძლება ნება მისცენ, უბრალოდ განცხადება გააკეთოს, რომ სიმართლეს ილაპარაკებს (გალატელთა 1:20).
როდესაც სასამართლო წარმოების მიხედვით ფიცის წარმოთქმისას ხელის აწევა ან ბიბლიაზე ხელის დადება მოითხოვება, ქრისტიანს შეუძლია დაემორჩილოს ამ მოთხოვნას. ამ დროს მას შეუძლია იხელმძღვანელოს წმინდა წერილებში მოცემული მაგალითებით, როდესაც ფიცს გარკვეული ჟესტიც ახლდა. მაგრამ ფიცის დადებისას გარკვეულ ჟესტზე უფრო მნიშვნელოვანია ქრისტიანის ფიცი ღვთის წინაშე, რომ სიმართლეს ილაპარაკებს. დაფიცება მეტად სერიოზული საკითხია. თუ ქრისტიანი თვლის, რომ ამ შემთხვევაში მას შეუძლია და უნდა უპასუხოს კიდეც მისთვის დასმულ შეკითხვას, არ უნდა დაავიწყდეს დადებული ფიცი, რომ სიმართლეს ილაპარაკებს. ქრისტიანებს ხომ ყოველთვის სურთ სიმართლე ილაპარაკონ.