მკითხველთა შეკითხვები
როგორ უყურებენ ქრისტიანები დაბადების თვის შესაბამისი ძვირფასი ქვის ტარებას?
ზოგ ქვეყანაში ამა თუ იმ ძვირფას ქვას „ჩემს ქვას“ უწოდებენ იმის გამო, რომ ის მათი დაბადების თვის შესაბამისია. თითოეულმა ქრისტიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, ატარებს თუ არა ისეთ ბეჭედს, რომელშიც ესა თუ ის ძვირფასი ქვაა ჩასმული (გალატელთა 6:5). თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში უნდა მიიღოს გარკვეული, მნიშვნელოვანი ფაქტორები.
ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ აღნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული „ჩემი ქვა“ არის „ძვირფასი ქვა, რომელიც დაბადების თვის შესაბამისია. თვლიან, რომ მისი ტარება იღბლიანობის ან კარგი ჯანმრთელობის მომასწავებელია“. იქვე ნათქვამია: „ასტროლოგები დიდი ხანია, რაც ამა თუ იმ ძვირფას ქვას ზებუნებრივი ძალის მქონედ მიიჩნევენ“.
განსაკუთრებით ძველ დროს მრავალს სწამდა, რომ ასეთი ქვის ტარებით კარგ ბედს ეწეოდა. რას ვიტყოდით ჭეშმარიტ ქრისტიანებზე? მათ სწამთ ეს? არა, რადგან იციან, რომ იეჰოვამ განსაჯა ის ისრაელები, რომლებმაც მას ზურგი აქციეს და „გადს [იღბლის ღმერთს]“ ენდობოდნენ (ესაია 65:11).
შუა საუკუნეებში მკითხავებმა წელიწადის თითოეული თვისთვის თითო ძვირფასი ქვა შეარჩიეს. ისინი ხალხს ურჩევდნენ, ის ქვა ეტარებინათ, რომელიც მათი დაბადების თვეს შეესაბამებოდა. აგრეთვე არწმუნებდნენ, ამგვარად მოქმედება მათ გარკვეული ზიანის მიყენებისგან დაიცავდა. ბიბლიის სწავლებიდან გამომდინარე კი, ქრისტიანები არასწორად მოიქცეოდნენ, თუ მკითხავების რჩევებს მიიღებდნენ, რადგან საღვთო წერილი განსჯის მათ (მეორე რჯული 18:9—12).
ქრისტიანებისთვის უმართებულო იქნებოდა ისიც, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ ბეჭდისთვის, რომელშიც მათი დაბადების თვის შესაბამისი ძვირფასი ქვაა ჩასმული. იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ დაბადების დღეებს, რადგან ამ დღესთან დაკავშირებულ წვეულებებზე მეტისმეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანს; აგრეთვე ბიბლიაში მხოლოდ იმ მმართველთა დაბადების დღეების აღსანიშნავად გამართული წვეულებებია მოხსენიებული, რომლებიც ღმერთს არ ემსახურებოდნენ (დაბადება 40:20; მათე 14:6—10).
ზოგის აზრით, დაბადების თვის შესაბამისი ქვის თვლიანი ბეჭდის ტარება დადებით გავლენას ახდენს პიროვნებაზე. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ეს არ სწამთ, რადგან იციან, რომ „ახალ კაცად“ შემოსვა ღვთის სულიწმიდის გავლენით და ბიბლიური პრინციპების გამოყენებით ხდება (ეფესელთა 4:22—24).
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივს. ქრისტიანმა, როდესაც წყვეტს, ატაროს თუ არა დაბადების თვესთან დაკავშირებული ქვის თვლიანი ბეჭედი, საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვები: „მარტო იმიტომ მინდა ასეთი ბეჭდის ტარება, რომ, უბრალოდ, მომწონს ის? თუ ჩემზე გარკვეულ გავლენას ახდენს ხალხში არსებული ცრურწმენა?“
ქრისტიანმა საკუთარი გული უნდა გამოიკვლიოს, რათა დაინახოს, რა მოტივით მოქმედებს. „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, — ნათქვამია საღვთო წერილში, — რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4:23). დაბადების თვის შესაბამისი ქვის ტარებასთან დაკავშირებით თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გამოიკვლიოს საკუთარი მოტივი; აგრეთვე გაითვალისწინოს, რა გავლენას მოახდენს მისი არჩევანი, როგორც თავად მასზე, ისე სხვებზე (რომაელთა 14:13).