გსურთ, გყავდეთ ნამდვილი მეგობრები?
ბევრს სურს, ჰყავდეს ნამდვილი მეგობრები. ახლო მეგობრებთან ურთიერთობა ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ, როგორ შეგიძლიათ ნამდვილი მეგობრების შეძენა? დაახლოებით 2 000 წლის წინ იესომ აღნიშნა, რომ უანგარო სიყვარული ადამიანებს შორის კარგ ურთიერთობებს უწყობს ხელს. მან თქვა: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31). ამ მუხლში მოცემული სიტყვების თანახმად, რომლებსაც ასევე ოქროს წესი ეწოდება, თუ გსურთ ნამდვილი მეგობრები გყავდეთ, ხელგაშლილები და უანგარონი უნდა იყოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ვისაც სურს ჰყავდეს კარგი მეგობარი, თავად უნდა იყოს ასეთი. როგორ?
ახლო და გულთბილი ურთიერთობა სწრაფად არ ვითარდება. ნამდვილი მეგობრობა ხომ ნაცნობობაზე მეტია. მეგობარს შეგიძლიათ გული გადაუშალოთ. მეგობრობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად ძალისხმევაა საჭირო. ხშირად ასეთი ურთიერთობა იმასაც მოითხოვს, რომ მეგობრის ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოთ. მეგობრები ჭირშიც და ლხინშიც ერთმანეთის გვერდით არიან.
ნამდვილი მეგობარი განსაკუთრებით გასაჭირში ამოუდგება მხარში მეგობარს და არ მიატოვებს მას. იგავების 17:17-ში (სსგ) ნათქვამია: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“. ხშირად მეგობრული ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ნათესაური. იგავების 18:24-ში (აქ) ნათქვამია: „არიან მოძმეები, რომლებიც ერთმანეთის გასაგლეჯადაც კი მზად არიან; ზოგი მეგობარი კი ძმაზე ახლობელია“. გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ, როგორ არის ასეთი მეგობრობის განვითარება შესაძლებელი? გსურთ, იყოთ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთისადმი სიყვარულს ავლენენ? (იოანე 13:35). თუ დიახ, თქვენს მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან ნამდვილი მეგობრების შეძენაში.