დაუახლოვდით ღმერთს
შეუდარებელი მამა
არც თუ ისე ბევრი სიტყვა იწვევს ადამიანში ისეთ განსაკუთრებულ გრძნობას, როგორსაც „მამა“. მოყვარული მამა ზრუნავს, რომ შვილები წარმატებულები იყვნენ. ბიბლია საფუძვლიანად უწოდებს იეჰოვა ღმერთს „მამას“ (მათე 6:9). როგორი მამაა იეჰოვა? პასუხის მისაღებად განვიხილოთ სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ იესოს ნათლობის დროს უთხრა. შვილთან მამის ლაპარაკიდან კარგად ჩანს, როგორი მშობელია ის.
დაახლოებით ახ. წ. 29 წლის ოქტომბერში იესო მდინარე იორდანესთან მივიდა, რათა მონათლულიყო. ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ რა მოხდა იქ: «როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა, და, აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. ციდან ხმაც გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“»a (მათე 3:16, 17). იეჰოვას ეს თბილი სიტყვები ბევრ რამეს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორი მამაა ის. ყურადღება მიაქციეთ სამ რამეს, რაც იეჰოვას სიტყვებიდან ჩანს.
პირველი — „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“, ამ სიტყვებით იეჰოვამ ფაქტობრივად თქვა: „მე ვამაყობ, რომ მამაშენი ვარ“. გამჭრიახი მამა აკმაყოფილებს შვილის მოთხოვნილებას — აღიარებს მას და ყურადღებას არ აკლებს. ბავშვებს სჭირდებათ მშობლებისგან იმაში დარწმუნება, რომ მშობლის გულში მათ თავიანთი ადგილი აქვთ. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა იესოსთვის (მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ზრდასრული იყო) მამისგან ასეთი აღიარება.
მეორე — როდესაც თავისი ძე „საყვარელ ძედ“ მოიხსენია, იეჰოვამ ყველას წინაშე გამოხატა იესოსადმი სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ შვილს უთხრა, მე შენ მიყვარხარო. კარგი მამა თავის შვილებს ეუბნება, რომ ძალიან უყვარს ისინი. მთელი გულით ნათქვამი მსგავსი სიტყვები ბავშვის ნორმალურად განვითარებას უწყობს ხელს. როგორ გაუთბობდა იესოს გულს მამისგან სიყვარულის გამომხატველი სიტყვების მოსმენა!
მესამე — სიტყვებით „მე მოვიწონე“ იეჰოვამ თქვა, რომ მოსწონდა თავისი შვილის საქციელი. იეჰოვა თითქოს ეუბნებოდა: „შვილო მახარებ შენი საქციელით“. მოსიყვარულე მამა შესაძლებლობებს ეძებს, შვილს უთხრას, რამდენად სიამოვნებს მისი კარგი სიტყვები თუ საქციელი. ბავშვებს ძალასა და გაბედულებას მატებს მშობლებისგან იმის მოსმენა, რომ მათ ასიამოვნა. რა თქმა უნდა, იესოსაც შეჰმატებდა ძალას მამისგან ამის მოსმენა.
იეჰოვა მართლაც შეუდარებელი მამაა. გინდათ, თქვენც გყავდეთ ასეთი მამა? თუ დიახ, იცოდეთ, რომ თქვენთვისაც შესაძლებელია იეჰოვასთან ურთიერთობა. თუ მის შესახებ ცოდნას იღებთ და გულწრფელად ცდილობთ მისი ნების შესრულებას, ის აუცილებლად გამოგეხმაურებათ. ბიბლია ამბობს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). სხვა რა გაგრძნობინებთ იმაზე მეტ უსაფრთხოებას, ვიდრე საუკეთესო მამასთან, იეჰოვა ღმეთთან ახლო ურთიერთობა?
[სქოლიო]
a პარალელურ მუხლში, ლუკას სახარებაში, იეჰოვა იყენებს პირის ნაცვალსახელს „შენ“. იქ ვკითხულობთ: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“ (ლუკა 3:22).