დაუახლოვდით ღმერთს
მოსამართლე, რომელიც არასოდეს იქცევა უსამართლოდ
გსიამოვნებთ სამართლიან, მიუკერძოებელ და მართალ ადამიანთან ურთიერთობა? ჩვენ ისე ვართ შექმნილი, რომ გვსურს, სამართლიანად გვექცეოდნენ. სამწუხაროდ, უსამართლობას დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. მაგრამ არსებობს სამართლიანი პიროვნება, იეჰოვა ღმერთი, რომელიც ჩვენს ნდობას იმსახურებს. ის ყოველთვის სამართლიანად იქცევა. ამას ნათლად ვხედავთ იეჰოვასა და აბრაამს შორის გამართული საუბრიდან, რომელიც დაბადების 18:22—32-შია ჩაწერილი.a
იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ სოდომისა და გომორას განადგურებას აპირებდა. აბრაამს ეშინოდა, რომ მართალი ადამიანებიც არ დაღუპულიყვნენ, მათ შორის მისი ძმისშვილი ლოტი. ამიტომ მან ჰკითხა იეჰოვას: „მართლებსაც გაანადგურებ ბოროტებთან ერთად? ორმოცდაათი მართალიც რომ იყოს ქალაქში . . . არ აპატიებ იქ მყოფი ორმოცდაათი მართლის გამო?“ (მუხლები 23, 24). ღმერთმა უთხრა, რომ არ გაანადგურებდა ამ ქალაქებს, თუ იქ 50 მართალი მაინც აღმოჩნდებოდა. ამის შემდეგ აბრაამი ხუთჯერ შეევედრა იეჰოვას, რომ არ გაენადგურებინა ქალაქი და მართალთა რიცხვი ათამდე შეამცირა. ყოველი თხოვნის შემდეგ იეჰოვა ეუბნებოდა, რომ არ გაანადგურებდა ქალაქს, თუ იქ იმდენი მართალი აღმოჩნდებოდა, რამდენის გადარჩენასაც აბრაამი სთხოვდა.
ეკამათებოდა აბრაამი ღმერთს? რა თქმა უნდა, არა! ეს მისი მხრიდან კადნიერება იქნებოდა. აბრაამი პატივისცემითა და თავმდაბლობით ელაპარაკებოდა ღმერთს. მან თავის თავზე თქვა: „მტვერი და ნაცარი ვარ“ (მუხლები 27, 30—32). გარდა ამისა, აბრაამის სიტყვებიდან ჩანს, რომ მას იეჰოვას სამართლიანობაში ეჭვი არ ეპარებოდა. აბრაამმა ორჯერ თქვა, რომ „შეუძლებელი“ იქნებოდა, ღმერთს მართლები ბოროტებთან ერთად გაენადგურებინა. ერთგული პატრიარქი აბრაამი დარწმუნებული იყო, რომ „მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ“ არ მოიქცეოდა (მუხლი 25).
ყველაფერში მართალი იყო აბრაამი, რაც მან იეჰოვას უთხრა? ზოგ რამეში ის მართალი იყო, ზოგში კი არა. ის ცდებოდა, როცა ფიქრობდა, რომ სოდომსა და გომორაში ათი მართალი მაინც აღმოჩნდებოდა. მაგრამ მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ღმერთი „მართლებს ბოროტებთან ერთად“ არ გაანადგურებდა. როცა მოგვიანებით ღმერთმა ეს ქალაქები გაანადგურა, მართალი ლოტი თავის ორ ქალიშვილთან ერთად ანგელოზების დახმარებით გადარჩა (2 პეტრე 2:7—9).
რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან იეჰოვას შესახებ? როდესაც იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ ქალაქების განადგურებას აპირებდა, ამით მან აბრაამს, ფაქტობრივად, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მისცა. შემდეგ მოთმინებით მოუსმინა თავის მეგობარს, აბრაამს, რომელმაც თავისი გულისტკივილი გაუზიარა (ესაია 41:8). ამ მაგალითიდან ნათლად ვხედავთ, რამდენად თავმდაბალი ღმერთია იეჰოვა, რომელიც პატივს სცემს და აფასებს თავის მიწიერ მსახურებს! ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, სრულად მივენდოთ იეჰოვას — მოსამართლეს, რომელიც არასოდეს იქცევა უსამართლოდ.
[სქოლიო]
a ამ შემთხვევაში იეჰოვა აბრაამს ანგელოზის მეშვეობით ელაპარაკა (სხვა შემთხვევა იხილეთ დაბადების 16:7—11, 13-ში).
[სურათი 24 გვერდზე]
აბრაამი ევედრებოდა იეჰოვას, რომ არ გაენადგურებინა სოდომი და გომორა