„როგორც ჩანს, სიკვდილი არ მეწერა“
უზარმაზარი ნაგვის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე გადავიდა და ცოლ-ქმარსა და 23 წლის ახალგაზრდას დაეჯახა. როგორც ნიუ-იორკში გამომავალი ერთი გაზეთი იუწყებოდა, ცოლ-ქმარი ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცმა კი გონება დაკარგა. როდესაც გონზე მოვიდა, პირველი რაც გაიფიქრა, ეს იყო: „არ მჯერა, რომ ასეთი რამ შემემთხვა. ღმერთო, მიშველე!“ მოგვიანებით კი თქვა: „როგორც ჩანს, სიკვდილი არ მეწერა“.
ალბათ, თქვენც გაგიგიათ მსგავსი შემთხვევა. როდესაც ვინმე სიკვდილის კლანჭებს აღწევს თავს, ხალხი ამბობს: „ალბათ, სიკვდილი არ ეწერა“, მაგრამ, როცა ვინმე იღუპება, ამბობენ: „ალბათ, ასე ეწერა“ ან „ეს ღმერთის ნება იყო“. მნიშვნელობა არა აქვს, ამას ბედისწერას მიაწერენ თუ ღმერთს, ასეთ შეხედულებას ცრურწმენა უდევს საფუძვლად. ბევრს სჯერა, რომ მათი მომავალი წინასწარ არის განსაზღვრული და არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. ასე ადამიანები მხოლოდ მაშინ არ ფიქრობენ, როცა ვიღაცა უკვდებათ ან რაიმე უბედურება შეემთხვევათ, არამედ მაშინაც, როცა საქმე წვრილმანებს ეხება. ასეთი ცრურწმენა სიახლე არ არის, მას დიდი ხნის ისტორია აქვს.
მაგალითად, ძველად ბაბილონში სწამდათ, რომ ვარსკვლავები გავლენას ახდენდნენ ადამიანთა ცხოვრებაზე. ამიტომ ბაბილონელები ცას შეჰყურებდნენ, რომ რაიმე ნიშანი დაენახათ და მისით ეხელმძღვანელათ. ბერძნები და რომაელები თაყვანს სცემდნენ ბედისწერის ქალღმერთებს. მათი აზრით, სწორედ ისინი განაგებდნენ ხალხის მომავალს და ზოგჯერ მათ ნებას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე — ზევსისას და იუპიტერისას.
აზიის ქვეყნებში ინდუიზმისა და ბუდიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ ადამიანის დღევანდელი მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვლო წინა ცხოვრება, ხოლო მისი ამჟამინდელი ცხოვრება განსაზღვრავს მის მომავალს. სხვა რელიგიებისთვისაც, მათ შორის ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებისთვის, მისაღებია ფატალიზმი ანუ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული.
დღეს, ჩვენს განვითარებულ ეპოქაშიც კი ბევრს სჯერა, რომ მათ ცხოვრებას ბედისწერა განაგებს და თითქმის არაფრის შეცვლა შეუძლიათ. თქვენც ასე ფიქრობთ? მართლა წინასწარ არის განსაზღვრული, როგორ განვითარდება თქვენს ცხოვრებაში მოვლენები, წარმატებული იქნებით თუ არა და, მათ შორის თქვენი ქვეყნად მოვლინება თუ სიკვდილი? მართლა ბედისწერა განაგებს თქვენს ცხოვრებას? მოდი, გავიგოთ, რას ამბობს ბიბლია.
[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Ken Murray/New York Daily News