ჭეშმარიტების თესლი შორეულ მხარეებამდე აღწევს
ტუვის რესპუბლიკა რუსეთის ტერიტორიაზე ციმბირის სამხრეთით მდებარეობს. მას სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან მონღოლეთი ესაზღვრება. მრავალი ტუველი ისეთ მოშორებულ ადგილებში ცხოვრობს, სადაც რთულია სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელება. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ტუვის დედაქალაქ კიზილში სემინარზე დასასწრებად ტუვის შორეული მხარეებიდან ათეულობით ადამიანი ჩავიდა. მარია, რომელიც კიზილში პიონერად მსახურობს, მიხვდა, რომ ეს ქადაგების კარგი შესაძლებლობა იყო.
აი, რას გვიყვება მარია: „სკოლაში, რომელშიც მე მასწავლებლად ვმუშაობ, დაიგეგმა სემინარი, რომელიც ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას უკავშირდებოდა. სემინარს 50 სტუმარი ესწრებოდა ტუვის შორეული რეგიონებიდან. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ბავშვთა უფლებების დამცველები და სხვები“. რომ არა ერთი პრობლემა, მარიასთვის ეს ხელსაყრელი სიტუაცია იყო. ის ამბობს: „ძალიან მორცხვი ვარ და მიჭირს არაფორმალურად ქადაგება. ამიტომ იეჰოვას ვთხოვდი გამბედაობას, რომ ქადაგების ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა“. რა მოხდა შემდეგ?
მარია გვიხსნის: «ვიპოვე „გამოიღვიძეთ!“-ის ერთი ნომერი, რომელშიც საუბარი იყო ფობიაზე. ვიფიქრე, რომ ეს საკითხი ფსიქოლოგებისთვის საინტერესო იქნებოდა და სკოლაში წავიღე. იმ დღეს ერთი მასწავლებელი, რომელიც სემინარს ესწრებოდა, ჩემს კაბინეტში შემოვიდა. მას ჟურნალი შევთავაზე. მან სიამოვნებით გამომართვა და გამომიტყდა, რომ ფობია მასაც ჰქონია. მეორე დღეს მას მივუტანე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი I. მან წიგნიც სიამოვნებით აიღო. მისი დადებითი რეაქციის შემხედვარემ ვიფიქრე, რომ ამ წიგნით შეიძლება სხვა მასწავლებლებიც დაინტერესებულიყვნენ. ამიტომ სკოლაში ამ წიგნის მთელი ყუთი და სხვა პუბლიკაციები წავიღე». ცოტა ხანში მარიას ყუთში აღარაფერი იყო. ის ამბობს: «იმ მასწავლებლის კოლეგები, რომელსაც „ახალგაზრდების შეკითხვები“ მივეცი, ჩემს კაბინეტში შემოვიდნენ და იკითხეს, აქ წიგნებს სად არიგებენო». ისინი ზუსტ „მისამართზე“ მოვიდნენ.
სემინარი შაბათს მთავრდებოდა. ამ დღეს მარია არ მუშაობდა. ამიტომ მან რამდენიმე მაგიდაზე გასავრცელებელი ლიტერატურა დააწყო და დაფაზე დაწერა: „ძვირფასო მასწავლებლებო! შეგიძლიათ ეს ლიტერატურა თქვენთვის და თქვენი ნაცნობებისთვის აიღოთ. ეს შესანიშნავი პუბლიკაციები სამუშაოშიც დაგეხმარებათ და ოჯახშიც“. რა სურათი დახვდა მას მოგვიანებით? „იმავე დღეს სკოლაში შევიარე და ვნახე, რომ ლიტერატურის უმეტესი ნაწილი ადგილზე აღარ იყო. მაშინვე გავიქეცი სხვა წიგნებისა და ჟურნალების მოსატანად“. მთლიანობაში მარიამ 380 ჟურნალი, 173 წიგნი და 34 ბროშურა გაავრცელა. სემინარის შემდეგ დამსწრეები თავიანთ მშობლიურ მხარეებსა და სამუშაოს დაუბრუნდნენ და ეს ლიტერატურა თან გაიყოლეს. მარია ამბობს: „მიხარია, რომ ჭეშმარიტების თესლი ტუვის შორეულ მხარეებშიც მოხვდა“ (ეკლ. 11:6).
[რუკა 32 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რუსეთი
ტუვის რესპუბლიკა